გორელი პიანისტი, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაფერია

Rate this item
(0 votes)

თამაზ აბრამიძე გორელი პიანისტია. მუსიკით ბავშვობიდან არის გატაცებული.

თამაზი ამბობს, რომ სანამ პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალბდებოდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. სკოლის შემდეგ სამუსიკო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. შემდეგ კი კონსერვატორია დაამთავრა.

"მე რომ მუსიკოსი გავხდი, ეს დიდწილად ჩემი პედაგოგის დამსახურებაა. პედაგოგი მყავდა ძალიან კარგი, ძალიან განათლებული და მისი მეოხებითაც მოხდა, რომ მუსიკით დავინტერესდი. ჩვენს ქალაქში იმ დროს დიდი პიანისტი იყო ჩამობრძანებული და მასთან გავდიოდი გაკვეთილებს. მანაც დიდი გავლენა მოახდინა“, - გვეუბნება თამაზი.

პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც თამაზმა შეასრულა, მოცარტის "თურქული მარშია“. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა და მაღალი შეფასებებითაც არ გამოირჩეოდა.

"როგორც ყველა ბავშვი, დავდიოდი სამუსიკო სტუდიაში. აქ ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან საშუალოდ, დაბალი შეფასებები მქონდა ხოლმე. შემდეგ მოვისმინე მუსიკა, რომლის დაკვრაც მომინდა. ვინაიდან მე არ მქონდა  ბაზა, მომიწია შრომა და მივაღწიე იმას, რომ ეს ნაწარმოები დავუკარი. ეს იყო მოცარტის "თურქული მარში“, - იხსენებს თამაზი.

პიანისტი 20 წელზე მეტია, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. ფორტეპიანოზე დაკვრას ის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯში ასწავლის.

"22 წლის წინ დავიწყე სამუსიკო სკოლაში მუშაობა მასწავლებლად, ახლა სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი ჰქვია. მყავს მოსწავლეები, რომელთაც ვუზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას. ვცდილობ, რომ რაც მე მიჭირდა მათ ტოლს, ეს შევუმსუბუქო და გავუადვილო, - მიაჩნია პიანისტს.

pianisti 2

ბევრი სხვა მუსიკოსისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ერთ საკრავზე უკრავს. თამაზი ამას თავისებურად ხსნის.

"სხვა არც ერთ საკრავზე არ ვუკრავ, რაღაცნაირად ჩემეული მიდგომა მაქვს, რაღაცას რომ ვიწყებ, მინდა ბოლომდე ჩავწვდე და შევისწავლო. ერთ - ერთი რაც იყო, ვისწავლე ფორტეპიანოს აწყობა. როგორ ჟღერს ინსტრუმენტი, პიანისტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - გვეუბნება თამაზი.

ბენდ "კანოდუსთან“ მან არაერთ კონცერტზე დაუკრა.

"დამიკრავს ბევრ მნიშვნელოვან საღამოზე, მიმუშავია ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებით დაკომპლექტებულ ბენდთან "კანოდუსი“. ჩვენ ერთობლივად გაგვიკეთებია საღამოები, სხვადასხვა ჟანრის.

pianisti 1

თამაზი ახლა რესტორან „შინ და გორში“ უკრავს. ამბობს, რომ მისი რეპერტუარის სტუმრებისთვის მორგება არ გასჭირვებია.

"როდესაც „შინ და გორში“ დაკვრა შემომთავაზეს, თავიდან მეგონა, რომ ფართო მსმენელისთვის მხოლოდ ფორტეპიანოს მოსმენა ცოტა რთული აღსაქმელი იქნებოდა. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ისე ამეწყო ეს პროგრამა, უფრო მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო. ამან გაამართლა. გარემო და მუსიკა თანხვედრაშია და კარგი გამოდის, მსმენელსაც მოწონს", - გვითხრა თამაზმა.

"მთავარია თავისუფლება“, - ამბობს თამაზი, - "თავისუფლება და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. სხვაგვარად წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა“.

Read 783 times Last modified on კვირა, 18 ნოემბერი 2018 15:27

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი