ვინ იყო გია ცერცვაძე? - გორში დაკრძალული ვიცე-პოლკოვნიკის ისტორია

ნოემბერი 20 2018

რა ვიცით გია ცერცვაძის შესახებ, რომელიც დღეს გორში, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს? - რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ინფორმაციას ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის შესახებ. 

გია ცერცვაძე დღეს გორში, სამოქალაქო სასაფლაოზე, დაკრძალეს. ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შსს-ს გენინსპექციის უფროსებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორიც დაესწო. დაკრძალვაზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და რიგითი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. 

ცერცვაძის პანაშვიდი სამების სახელობის ტაძარში გაიმართა. 

სამხედრო პატივით დაკრძალვის შემდეგ, ცერცვაძის ვაჟს საქართველოს ეროვნული დროშა გადასცეს. იყო სამხედრო ზალპი და ეროვნული გვარდიის ორკესტრის მიერ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

გია ცერცვაძე 4 დღის წინ, 2018 წლის 16 ნოემბერს, სიმსივნით გარდაიცვალა. ის ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში კიევში მკურნალობდა. მკურნალობის კურსი მან ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩაიტარა, რადგან მას რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, ინტერპოლი ეძებდა. 

ცერცვაძეს მეუღლე და 3 შვილი დარჩა. 

cercvadze gia da panashvidi

 

ვინ იყო გია ცერცვაძე?

გია ცერცვაძე წარმოშობით სოხუმიდან იყო. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წელს შევიდა. წლების განმავლობაში, ცერცვაძე სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. მან მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის და აგვისტოს ომებში. მოგვიანებით, ის სამხედრო მამაცობისთვის დააჯილდოვეს. 

ცერცვაძე  აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაშიც მონაწილეობდა. ის 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. მაშინ გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, მას ინტერპოლი  ეძებდა.  რუსეთი ცერცვაძეს სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. 

gia cercvadze polkovniki dakrZalva

ცერცვაძემ საპატიმროში 11 დღე გაატარა. მას მიაჩნდა, რომ რუსეთი ქართველ სამხედროებს ყალბი ბრალდებებით დევნიდა. როგორც ცერცვაძე ამბობდა, - რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს ქართველი სამხედროები და აიძულოს მათ თქვან, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. 

26 იანვარს, უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცერცვაძე გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია მაშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ლუცენკო წერდა, - უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის თუ ისინი ქართველები არიან.

პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე, გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.  მაშინ მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ცერცვაძე უკრაინაში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. 

2017 წლის ბოლოს მას სიმსივნე დაუდგინეს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი