კი, კი, ყველას გვეშინია

წერილები Written by  კვირა, 04 თებერვალი 2018 11:27 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 ჩვენ, ყველას ერთი სიცოცხლე გვაქვს. ერთი ცალი სიცოცხლე, რომელიც არასოდეს განმეორდება. არც ერთი ჩვენგანისთვის არავის უკითხავს, გვინდოდა, თუ არა, რომ თუნდაც ამ ერთი სიცოცხლის პატრონები ვყოფილიყავით, თუმცა რაც არის, არის. ვეღარაფერს ვიზამთ. დავიბადეთ და მაშასადამე, უნდა მოვკვდეთ კიდეც. იქამდე კი უნდა ვიცხოვროთ.  ჩვენს ნაცვლად ვერავინ იცხოვრებს და ვერც ჩვენს სიკვდილს აიღებს ვინმე საკუთარ თავზე. ორჯერ სიკვდილი შეუძლებელია. სამაგიეროდ, ორჯერ კი არა, რამდენჯერმე დაბადება ნამდვილად შეგვიძლია, და ეს დაგვიანებული არასოდეს არის.

 მე თუ მკითხავთ, სამყაროში მხოლოდ ერთი, უაზრო და არაფრის მომცემი სინანული არსებობს - როცა ხვდები, რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია. ამის შესაძლებლობას კი ადამიანს მხოლოდ სიკვდილი თუ წაგართმევს. ამის გაკეთება სხვა არავის და არაფერს შეუძლია. ვიცი, ვიღაცები იფიქრებთ, რომ მარტივად ვლაპარაკობ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ თუ კი გაქვს სურვილი, თავიდან დაიბადო, ამას აუცილებლად მოახერხებ.

ცოტა უხეშად კი გამომდის, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ამას არ ვინდომებთ და ძალიან ხშირად, ისე ვკვდებით, რომ საკუთარი თავის პოვნასაც კი ვერ ვაბამთ თავს, - ჩვენ არ გვაქვს პასუხები კითხვაზე, ვინ ვართ, რატომ ვართ და რა გვინდა. დაბადების წინაპირობა და გარანტი კი სწორედ ამ კითხვებზე პასუხების პოვნაა. მეტიც, მჯერა, რომ ადამიანი იმდენჯერ იბადება, რამდენჯერაც საკუთარ თავს სხვადასხვა კუთხით პოულობს.

ჩვენ ძირითადად მხოლოდ ის ვიცით, ვინ უნდა ვიყოთ, რატომ უნდა ვიყოთ და რა უნდა გვინდოდეს. ჩვენი გაჩენისთანავე, მთელი სამყარო ჩაგვძახის ამ კითხვებზე მზა პასუხებს. ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ მან მიგვიღოს.  სწავლების ამ პროცესში კი, მოყვარეს პირში უზრახეო და, ხშირად ყველაზე ძვირფასს, საკუთარ თავებს ვკარგავთ.

მართალია, გეთანხმებით, დინების მიმართულებით ცურვა ძალიან კომფორტულია. ის არც გვღლის, არც გვაფორიაქებს და არც დახრჩობას გვიქადის. მოკლედ, ასეთ დროს, დიდი შანსი გვაქვს, რომ ცოცხლები დავრჩეთ, თუმცა ძალიან მცირე შანსია, რომ დინებას მიყოლილებმა საკუთარ თავებს მივაგნოთ. და თუ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც სხვებს სურთ, მაშინ რა გამოდის? - სამყარო არსებული წესრიგის და ნორმების შესანარჩუნებლად, ჩვენს სიცოცხლეს ითხოვს მსხვერპლად? მე თუ მკითხავთ, სიცოცხლე ზედმეტად ტკბილია იმისთვის, რომ ზვარაკად აქციო.

მოდით, გულახდილები ვიყოთ და საკუთარ თავებს მაინც გამოვუტყდეთ, რომ ძალიან ბევრი რამის გვეშინია - სხვების პირში თავის ჩაგდება არავის გვინდა. მეტიც, ხშირად, საკუთარ ბედნიერებას, წარმატებას და კარგად ყოფნასაც კი, საზოგადოების გამოხმაურებებით ვწონით და ვზომავთ. ანუ თუ საზოგადოება გვიდასტურებს, რომ კარგად ვცხოვრობთ, ბედნიერებასაც მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ. არც თუ იშვიათად კი, რაღაცებს მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ გარშემო მყოფებმა ჩვენი ყოფნის და არსებობის საჭიროება დაგვიდასტურონ. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ მთელ ამ ამბავში ხანდახან გვავიწყდება, რომ დროს უკან ვერავინ დაგვიბრუნებს - არავინ მოგვცემს შანს, რომ უარყოფილ ოცნებებს და სურვილებს გასაქანი მივცეთ; არც ხელმეორედ დაბადებაში დაგვეხმარება სხვა, როგორც არ უნდა ვუყვარდეთ მას, რადგან კითხვაზე - ვინ ვართ და რატომ ვართ - პასუხები მხოლოდ ჩვენშია.

ალბათ ყველაზე ნამდვილები იქამდე ვართ, სანამ სამყაროს შეცნობას დავიწყებთ. სანამ სამყაროს საშუალებას მივცემთ, რომ ახალფეხადგმულებს გულუბრყვილო კითხვებზე გვიპასუხოს. სანამ დაგვასწავლიან, რა არის სწორი და რა - არასწორი, ვინ უნდა გვიყვარდეს და ვინ უნდა გვძულდეს, როგორ უნდა ვიფიქროთ და როგორ - არა.  აი, ამ დრომდე ვართ ყველაზე ნამდვილები, ყველაზე მართლები და ყველაზე უსაფრთხოებიც. ამის შემდეგ კი ხანგრძლივი დილემის წინაშე ვდგებით - მივიღოთ მზა პასუხები და მთელი ძალ-ღონით დავიცვათ ისინი თუ ფიქრი ვისწავლოთ და ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველაფერი?

მე მგონია, რომ ნამდვილ დაბადებას მხოლოდ მეორე, ფიქრის სწავლის შემთხვევაში შევძლებთ. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისი და რატომ გვჯერა, ვისი და რატომ გვწამს, რა და რატომ გვინდა.  ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთადერთი, რაც უპირობო შეიძლება იყოს, სიყვარულია. თუმცა იმისთვის რომ სხვა გვიყვარდეს უპირობოდ, ჯერ საკუთარი თავების მიღება და შეყვარება უნდა შევძლოთ.

და მაინც რატომ ეს არის ყველაფერი საჭირო?

იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ვისთვის და რისთვის ვცხოვრობთ.

არ არსებობს ძალა, რომელიც დამაჯერებს, რომ საკუთარ თავზე და შესაბამისად, საკუთრ ცხოვრებაზე უარის თქმა ვინმეს აბედნიერებს. ჩვენ უბრალოდ მარტოობის გვეშინია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ისე ვიცხოვროთ, რომ რაღაც ერთობის წევრებად დავრჩეთ. ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ სჯობს, ცოტა ხნით ვიყოთ ცუდად, ვიდრე მთელი ცხოვრება - არც ისე კარგად.

მეც თქვენიანი ვარ და მარტოობის მეც მეშინია. აქ დასამალი არაფერია. უბრალოდ პირადად მე, ისიც არასოდეს მავიწყდება, რომ ერთი ცალი სიცოცხლე მაქვს, რომელიც არასოდეს განმეორდება.

„იცხოვრე, რომ მოჰყვე“ - მარკესის დიდი მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ მისი ერთ-ერთი რომანის სათაური გონებაში სულ მიელავს და მახსენებს, რომ ჩემი ცხოვრება სავსე უნდა იყოს ჩემი ამბებით, რომლებიც სხვებისას არ გაიმეორებენ.

ცხოვრება ერთდროულად მარტივი და საინტერესო ვერ იქნება, - ეს თითქმის შეუძლებელია. 

 

Read 1891 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 10:39

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი