mukilurji640X90

ქალი დიდი გეგმებით - ეკა სუხიშვილის ისტორია

Rate this item
(0 votes)

ეკა სუხიშვილი გორის მერის მოადგილეა. ვიდრე საჯარო მოხელე გახდებოდა, ჰქონდა წარმატებული სამედიცინო კარიერა, იყო უნივერსიტეტის რექტორი. იმისათვის რომ წარმატებისთვის მიეღწია, ბევრჯერ ბევრჯერ ყველაფრის ნულიდან დაწყებამ მოუწია. 

ამბობს, რომ 13 მისი საყვარელი რიცხვია. მისთვის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა 13 - ში მოხდა. 

"დავიბადე 1969 წლის 13 ნოემბერს გორში. ამბობენ, რომ 13 რიცხვი თარსია, მაგრამ ძალიან იღბლიანია ჩემთვის 13 რიცხვი. 13 -ში დავიბადე, 13 ში გავთხოვდი, მე-13 ვიყავი უნივერსიტეტში სიით და 13 მაისი იყო, როცა დისერტაცია დავიცავი. პრობლემური ცხოვრებით კი ვცხოვრობ, შეიძლება ამ რიცხვის ბრალია, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს", - ამბობს ეკა. 

როგორც თავად ამბობს, პირველი დისკომფორტი საკუთარმა სახელმა შეუქმნა. ოფიციალურად, მას მაია დაარქვეს, მაგრამ ყველა, ბებიის საპატივსაცემოდ, ეკას ეძახდა. 

"ბებიაჩემს ერქვა ეკატერინე, დედაჩემს მოსწონდა მაია, ეს სახელი მაშინ მოდაში იყო. მთელი ბავშვობა გავატარე ასე, პასპორტში მეწერა მაია, სკოლაში ვიყავი მაია, მაგრამ მაიას არავინ მეძახდა. ყველა მეძახდა ეკას, რაც ძალიან დიდი დისკომფორტს მიქმნიდა. რომ ვამთავრებდი უნივერსიტეტს, გადავწყვიტე ეს ჩემი სახელი ეკატერინე დამემკვიდრებინა".

ბავშვობას სიამოვნებით იხსენებს. ამბობს, რომ აქტიური და უკონფლიქტო იყო.

"კარგი ბავშვი ვიყავი, აქტიური. ბაღიდან მოყოლებული ლექსი, სიმღერა სულ ჩემი იყო, სკოლაში ვსწავლობდი ძალიან კარგად, ვიყავი მეგობრული თბილი, არ შემეძლო ეს კონფლიქტები. რთულიც იყო ბავშვობა იმიტომ, რომ ეს ერთი ვიყავი და აუცილებლად კარგად უნდა მესწავლა, აუცილებლად მუსიკაზე უნდა მევლო, მე მინდოდა ცეკვაზე სიარული, ხატვაზე სიარული, კი დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ მე7 კლასიდან გამომიყვანეს, რადგან ხელი მეშლებოდა", - იხსენებს ეკა.

19748512 1670165513013256 33904110726544566 n

გვიყვება, რომ ბავშვობაში, ოჯახისგან არ ჰქონდა იმდენი დამოუკიდებლობა, რამდენიც თავად სურდა. 

"კალათბურთზე სიარული მინდოდა და რომ ვთქვი, დედაჩემმა, ფეხი რომ მოიტეხო, რომ წაიქცე? არ უნდა წავქცეულიყავი, არ უნდა მტკენოდა, მფუთავდნენ. შევნატროდი ჩემს მეგობრებს ბანაკში რომ დადიოდნენ, შევნატროდი, მაგრამ მე არ მიშვებდნენ, მარტო ჩემი გაშვება იყო კატასტროფა. ექსკურსიაზე დედაჩემი უკან მომყვებოდა, მოკლედ იყო ასეთი რაღაცებიც", - გვიყვება ეკა.

ეკა ფიქრობს, რომ განათლებას ადრე უფრო აფასებდნენ. ამბობს, რომ მაშინდელი პედაგოგების ყველა მიდგომა არ მისაღები, თუმცა, ზოგადად, სწავლის ხარისხი მაღალი იყო.

"ჩემ დროს ძალიან აფასებდნენ განათლებას. მნიშვნელოვანი იყო, რა პოზიცია გეკავა სკოლაში, თუ იყავი აქტიური, წარმატებული, მედლის კანდიდატი ეს უკვე ძალიან პოპულარულს გხდიდა. ჩემი პედაგოგები, თითქმის უკლებლივ ყველა, იყვენ საქართველოს დამსახურებული პედაგოგები. მიდგომები არ იყო ყველაფერი სწორი, უცნაური სიმკაცრე იყო, მაგრამ განათლებას რაც შეეხება, არ ვიყენებდით მათ რესურს სათანადოდ. მეც კარგად ვსწავლობდი, სკოლის ბოლომდე, ჩემი სურათი გამოკრული იყო საპატიო დაფაზე".

სკოლაში, პირველი სასჯელი, "შატალოს" გამო მიიღო. მაშინ, ყველა მისი კლასელი ფილმის საყურებლად გაიპარა.

"ჩემ კლასელს ჰქონდა ვიდეო. ვიდეო მაშინ სულ ორ ოჯახს ჰქონდა გორში. კლასი სწორედ კინოს საყურებლად ავედით. შატალოზე წასვლის გამო, რა თქმა უნდა, მე ძალიან მკაცრად დავისაჯე. იმდენად მკაცრად დამსაჯა დედაჩემმა, რომ მასწავლებლები აქეთ ეხვეწებოდნენ , არაფერი დაუშავებაო", - გვიყვება ეკა. 

29133342 1941943942502077 3178138383744116618 n

ეკა სუხიშვილი პროფესიით ექიმია. წარმატებული სამედიცინო პრაქტიკაც ჰქონდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, არ უყოყმანია, ისე გადავიდა განათლების სფეროში. 

"საკმაოდ წარმატებული სამედიცინო კარიერა დავტოვე და გადავედი განათლებაში. უნივერსიტეტში, რომელიც ჩემმა მშობლებმა დააფუძნეს, დავიწყე სტუდენტური თვითმმართველობიდან. მერე კოლეჯი ჩავიბარე, მერე საზოგადოებასთან ურთიერთობა, დეკანი, ხარისხი და საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რომ მე ჩემმა მშობლებმა მომცეს თანამდებობა, რასაც ჰქვია რექტორის მოადგილეობა".

ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ყველაფერი გაიღო, რათა მას საფუძვლიანი განათლება მიეღო. 

"მე ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, რომ მეტი და მეტი მიმეღო განათლების კუთხით. პირველ კურსზე შვილი მყავდა, მეორე კურსზე ორი შვილი მყავდა. ერთი დღე არ შემფერხებია, რომ შვილების გამო სწავლისთვის თავი დამენებებინა. ჩემი ოჯახი ყოველთვის ხელს მიწყობდა. მერე გამიშვეს ორდინატურაში სასწავლებლად. სულ ამბობდა მამაჩემი, რომ ბუხრის წინ ტალანტები არ იზრდებიან, უნდა წახვიდე, რომ შენ ისწავლო ცხოვრება. ძალიან რთული ორი წელი გავიარე".

საჯარო სამსახურში მუშაობა მისთვის ახალი გამოწვევაა. ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს.

"არასდროს მიფიქრია, რომ მე საჯარო სამსახურში ვიმუშავებდი. თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ წავალ სადმე, ვიქნები ისეთ თანამდებობაზე, სადაც ნაწილობრივ მაინც სიტყვა მეთქმის. ცოტა მაინც მინდა, როგორც ქალმა შევცვალო რაღაცები. ქალის თვალით დანახული, ქალის მიდგომებით დანახული კიდევ უფრო სხვა არის. როცა ხარ ისეთ პოზიციაზე, საიდანაც შეგიძლია ცვლილებები განახორციელო, აი ეს შანსი უნდა გამოიყენო".

14364664 1350468651649612 8899760042622611578 n

ეკას მიაჩნია, რომ მთავარი მომავალზე ფიქრია, წარსულის შეცდომები კი გამოცდილების მომტანი.

"მე არასდროს ვაბრუნებ დროს უკან. მე არ ვათვალიერებ წარსულის სურათებს და ვიდეოებს, მტკივა. წარსულსაც არ ვახვევ. მაინც იმას გავივლიდი, რადგან ბედისწერა ისეთი რამეა, რაც დაგეწერება, ეს უნდა გაიარო. რაღაც რომ ხდება ცუდი, ბოლომდე მაინც არ გაგწირავს უფალი, რაღაცა კარგისთვის გამზადებს. წარსულზე ფიქრი ნახერხის ხერხვაა და წინ უნდა წახვიდე და იფიქრო მომავალზე.

ერთადერთი რაც აშინებს, ეს სიკვდილია.

"ძალიან მეშინია ერთადერთი სიკვდილის, დანარჩენი არაფერი არ მაშინებს. ყველაფერს გავუძლებ ტკივილსაც გაჭირვებასაც, ყველაფერი დაძლევადია, თუ მოინდომებ".

"თუ ადამიანს იუმორის ნიჭი აქვს და განსაკუთრებით თავის თავზე იხალისოს, ყველაფერი არის მარტივი", - ამატებს ეკა. "მე შემიძლია რომ პრობლემაც იუმორში მოვყვე, ვიხალისო, კომპლექსები მაგის არ გამაჩნია". 

 

Read 524 times Last modified on ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 08:31

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი