mukilurji640X90

მიზანი ამართლებს საშუალებებს? - მთავარი შეკითხვა არჩევნების შემდეგ

წერილები Written by  შაბათი, 01 დეკემბერი 2018 11:41 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

არჩევნებმა ჩაიარა. თუ აქამდე ვერ მოვახერხეთ, ალბათ ახლა მაინც უნდა ვცადოთ, პასუხი გავცეთ კითხვას, როგორი ქვეყანა გვინდა - ისეთი, სადაც მიზანი ამართლებს საშუალებებს თუ ისეთი, სადაც საშუალებები მიზანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ორი დღეა, დაუსრულებლად ვხუმრობთ კარტოფილზე, ხახვზე, შაქარსა და ზეთზე - პროდუქტებზე, რომლის შეძენა ვიღაცებს ისე უჭირთ, რომ მათ მისაღებად კონსტიტუციური უფლება გაყიდეს. ეს, ჩვენი, ყველას ტრგედიაა, თუმცა ჩვენ მაინც ვიცინით.

ორი დღეა, დაუსრულებლად ვღლაბუცობთ უბნებთან ატუზულ კოორდინატორებზე - შუახნის ქალებზე, რომლებიც ამათუიმ კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ჩაჰკირკიტებდნენ და მიმსვლელ-მომსვლელ ამომრჩეველს ნიშნავდნენ. ვინმეს სწამს, რომ ამით რომელიმე მათგანი ბავშობის ოცნებას იხდენდა? რა თქმა უნდა, არა. ეს მათთვის რამდენიმე დღით თავის გატანის გარანტი იყო. ესეც ქვეყნის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცინით.

ორი დღეა, დაუსრულებლად ვხორხოცობთ საარჩევნო უბნებთან კაი ბიჭების მიერ გამყარებულ ბირჟებზე - ადამიანებზე, რომლებიც ისე ჰყავს სახელწმიფოს ჩაჭერილი, რომ ადგილს სადაც მოესურვება, იქ მიუჩენს. ჩემი ტოლი ბიჭებიც ვნახე და შემეცოდნენ. მონობა ციხის მიღმა არსებობს და ესეც ჩვენი ტრაგედიაა.

ორი დღეა, დაუსრულებლად ვიცინით ადამიანებზე, რომლებიც დღეს თუ ხვალ სახელმწიფო უწყებებში გამოიჭიმებიან - ხელისუფლება მათ მხარდაჭერას ზვარაკად ჩვენს რესურსებს წირავს. ტრაგედიაა, მაგრამ გაცინებას მაინც ვახერხებთ.

ორი დღეა, დაუსრულებლად ვქილიკობთ ქვეყნის იმ 40 პროცენტზე, ვინც ხმა სალომე ზურაბიშვილს არ მისცა. ისე ვღლიცინებთ მათზე, თითქოს ერთი-ერთზე, რაიმე ინტელექტუალურ თამაშში დაგვემარცხებინოს.

არადა, ამ არჩევნებით მიღებული შედეგი ყველამ ერთნაირად უნდა ვზიდოთ - მათაც, ვისაც ეს უნდოდა და მათაც, ვისაც ამასთან შეგუება უჭირს.

ჩვენ, მგონი, გვავიწყდება, რომ დემოკრატიის შენების პროცესში ვართ - ჩვენ არც ერთი სიკეთე გარანტირებული არ გვაქვს. ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ზუსტად ვიცოდეთ, გვინდა რომ მიზანი ამართლებდეს საშუალებებს თუ გვურს, რომ ნებისმიერ მიზნამდე ღირსებული გზით მივიდეთ?

მე ვიცნობ მათ, ვინც გრიგოლ ვაშაძეს არასოდეს მისცემდა ხმას. ძალიან კარგად მესმის მათი, ვინც 7 ნოემბერს სცემეს. ვინც გირგულიანის მკვლელობის გამოძიებას ითხოვდა. ვისი ახლობლებიც ციხეში აწამეს. ვინც წინა ხელისუფლებამ სამსახურის გარეშე დატოვა. ვინც წლების განმავლობაში სამართალი ვერ იპოვა. ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა ტკივილთან და შიშთან ასოცირდება.

ისიც ვიცი, რომ ასეთები ბევრი არიან. შეუძლებელია, ადამიანი იყო და მათი განცდების გათავისება არ შეგეძლოს, თუმცა არც პირადმა ტრაგედიებმა და არც მათ მიმართ ემპათიამ არ უნდა დაგვაბრმავოს ისე, რომ მთავარი ვერ დავინახოთ - სამყაროში იმაზე დიადი მიზნებიც არსებობს, ვიდრე ამ არჩევნებში ვაშაძის დამარცხება იყო. შესაბამისად, თუ კი ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის დასაშვებად მიგვაჩნია ვაჭრობა, დაშინება, მოქრთამვა და ქვეყნის რესურსების დანიავება, სხვა დიადი მიზნების მისაღწევად იქნებ დემოკრატიაზე საბოლოოდ უარის თქმაც კი დაგვჭირდეს.

იმედია, ერთ დღეს არ აღმოვაჩენთ, რომ ვიღაცების ზიზღის და სიძულვილის გამო, რაღაც ძალიან ღირებული დავკარგეთ. ეს კი გარდაუვალი იქნება, თუ მიზნის სიადიადით აღფრთოვანებულები, ყველა საშუალებას სიცილ-კისკისით მივიღებთ.

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.   

Read 168 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი