ისტორიკოსი ''კუკარაჩა''

წერილები Written by  სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 09:13 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ბოლაშვილი
(ციკლიდან ''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების'' ანუ '' ჩვენი დიდი მასწავლებლები'')

 

***
- მეზვრიშვილი, დედაშენი სააღდგომოთა კვერცხებსა ხო ღებავს ხოლმე, წითლადა?'-
- ვაი, დიახ, მას! - დაბნეულობისგან ძლივს ჩაილუღლუღა და თავი მოიფხანა.
- ჰოდა, ორშაბათს, სკოლაში რო წამოხვალ, უთხარი, ციმორაი, მაცას არა ჭამს, სააღდგომო კვერცხი ურჩევნია და გამოგატანოს. ოღონდ, ისე, რუსიკომ არ წაგასწროს, თორე, ხო იცი, აღდგომაც გვერდზე დაგვრჩება და ფესახიცაკაი, ჭაჭის ორნახადსაც ხადური (ნუკრი ხადური, ჩვენი სკოლელი, ჩვენზე ერთი წლით უფროსი თაობა) და გაკვეთილების მერე შევუბეროთ კაკლებში.


***
80-იანი წლებია. აგვისტოს ხვატს მისაღები გამოცდებისგან მოგვრილი ციებ-ცხელება კიდევ უფრო ამძაფრებს. არ მახსოვს, რამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ, ხუთიანისთვის გამიშვეს კომისიის თავჯდომარესთან, ცნობილ ისტორიკოს,პროფესორ ნოდარ ასათიანთან. პასუხები ყველა კითხვაზე მზად მაქვს:
- ასე კარგად ვინ გასწავლათ ისტორია? რომელი სკოლა დაამთავრეთ?
- პირველი.
- რომელი პირველი? რუსთაველზე თუ ექსპერიმენტული?
- არც ერთი. მე გორის პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, - და რაღაცნაირად შეშინებულმა თავი დავხარე.
- აა, გასაგებია, ციმორას როცა ნახავ, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცი. შენ კი დაუყვედრებელი ხუთიანი.
.
****
ჩია ტანის, უკიდურესი სიგამხდრისგან ბეჭებში მოხრილი, სემიტებისთვის დამახასიათებელი თავის ფორმით და ნაკვთებით. გაცრეცილი, უფერული, უემოციო თვალებით, რის გამოც თიკუნების ცნობილ ავტორ გორელებს ''ცოცხალი თევზის'', ყველაზე გემრიელი ჯიშის, -''ციმორის'' სახელი შეურქმევიათ. მოკლედ, ერთი შეხედვით უშნო და არაფრისმთქმელი, თუმცა სულით და გულით ქრისტიანი, საქართველოზე, მის ისტორიასა და ჩვენს ქალაქზე სამუდამოდ ჯვარდაწერილი, ბევრი ქართველი რომ ვერ დავიკვეხნით სამშობლოს ამისთანა სიყვარულსა და თავდადებას. უზადო პროფესიონალი.პირველად ნოდარ დუმბაძის ''კუკარაჩა'' ჟურნალ ცისკარში რომ დაიბეჭდა და წავიკითხე, ჩემთვის უცხო და ახალი თითქმის. არაფერი იყო, თვალწინ ოთარი მასწავლებელი ამესვეტა, განსხვავება პროფესიებს შორის იყო მხოლოდ. მეტიც არაფერი<3 . ჩვენ ბიჭებს პაპიროსზეც რომ წაასწრო, - რას შვებით, თქვე ოხრის შვილებო, რაზე ილპობთ ფილტვებსა და იღუპავთ თავებსა, მაგან მომსპო და გამახმოო, ესეც ძალზედ ნაცნობი სიტუაცია იყო .საქართველოში 21-წელს რუსები რომ შემოვიდნენ, პირველად ოთარი მასწავლებელმა (ციმორამ) გვიამბო. შემოვიდა, მერხებზე დალაგებულ.მაშინდელი ''საქართველოს ისტორიის'', ღია მწვანე ყდიან სახელმძღვანელოებს რამდენიმე წუთით მიაშტერდა და მერე ჩვეული ავტორიტეტულ-იუმორიან-სერიოზული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ხორხისმიერი ხმითა და ინტონაციით გვითხრა:

- გადაყარეთ ეგ დასაწვავი წიგნები, გადაყარეით. სიმართლე მე ვიცი, მე, ციმორამ იცის სიმართლეი - და იმ წუთიდან გახდა ოთარი მასწავლებელი ჩვენი დიდი ავტორიტეტი, უსაყვარლესი მასწავლებელი და თითოეული ჩვენგანის გულითადი მესაიდუმლე. წამებში სადღაც გაქრა მისი საშინელი სიმკაცრისა და შეუვალობის მითი ჩვენი მშობლები რომ გვაფრთხილებდნენ: ''აი, გადახვალთ მე-9 კლასში და ციმორა მოგივლით თქვენო''.

საოცარი რამ ხდება ისტორიის გაკვეთილებზე. დახვეწილ იუმორთან შეზავებული, ბრწყინვალე ორატორისთვის ჩვეული მანერით გვიამბობს ჩვენი მრავალ ჭირნახული სამშობლოს პირუთვნელ ისტორიას. მერე, თხრობას რომ დაასრულებს, გვეკითხება: აბა, შეკითხვები, კითხვები თუ გაქვთ? რაც მაშინდელი საბჭოთა განათლების სისტემისათვის უცნაური და ახალია, აი, ზუსტადაც ის არის, რასაც ახლა მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას რომ ვეძახით და ამერიკელ მეთოდისტთა აღმოჩენად მივიჩნევთ პედაგოგთა უმეტესობა და მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც.

მახსოვს, როცა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას გვიამბობდა, ჩვეულებისამებრ გვთხოვა, კითხვები ვის გაქვთო. მე წამოვდექი და ვეკითხები:

- ოთარი მას, ქრისტე გამოგონილი არსებაა თუ რეალურად მართლა არსებობდა? თ...... მასწავლებელმა გვითხრა, მითიაო და ...?
- რა გინდა გოგო? ჩემი თავი გინდა დააჭერინო არა, იმ სულძაღლებსა. სახლში რო მიხვალ, მამაშენსა ჰკითხე. აბა, რას გეტყვის? მერე, მოდი და მე გაგცემ პასუხსა.
საოცარია, არავის არაფერი გვწყინს მისგან. თუნდაც უტაქტოდ ნათქვამი ფრაზებიც კი ძალიან ხშირად, დღემდე რომ შეუცდომლად მახსოვს.


***
მე და ფერა (ირმა ფერაძე) პირველ მერხზე ვსხედვართ და ვინც გაკვეთილის მოსაყოლად გადის ყველას ვკარნახობთ. გვითმინა, გვითმინა და ერთ დღესაც, ყელში რომ ამოუვიდა გვეუბნება: ოი, ღმერთო, ნეტა ან ამათ ჩაუწყდეთ ხმები, არა, ან ჯობია მე დავყრუვდე. თქვენ ქრისტიანები უნდა გერქვათ და მე ებრაელი? მე გამხმარ მაცას უნდა ვჭამდე და თქვენ დაბრაწულ გოჭის ხორცსა და ტკბილ პასკასა? ადექით და გაეთრიეთ ორივენი. ფერაძე, მოვა დედაშენი და ვეტყვი, რომ მას აღუზრდია შვილი ცხოველური თვისებებით. საოცარია, მოგვკალით, თუ გინდათ და არც ერთს არ გვწყინს. პირიქით ხარხარით გავდივართ გარეთ და იქაც რომ ვერ ვჩერდებით, ნანა ჭელიძეს აგზავნის: მაგ ოხრისშვილებს უთხარი, ეზოში ჩაეთრიონ და იქ ჩაიფსან სიცილისგანა, ხელს ნუ მიშლიან.


***
ციმორა ჩვენი დამრიგებელია და ვაშლის საკრეფად უნდა წაგვიყვანონ სადღაც. იმდენი ეხვეწა რუსუდან ნაოჭაშვილს ''ჩემს კლასთან ერთად სკოლაში დავრჩებით და სკოლას დავაწკრიალებთო'', რომ დაითანხმა და დაგვტოვეს. ეზოში ვსაქმიანობთ, ჩვენი სკოლის. თუმცა ბიჭებთან ერთად ხის ძირში რამდენიმე ჭიქას უკვე წაუქცია და კარგადაც შეზარხოშდა. თან აქეთ-იქით იხედება და დრო და დრო ამბობს: ვაიმე, რუსიკო, ვაიმე რუსიკო, თუ მომასწრო, ტყავს გამაძრობს, ხახამს მიუგდებს ჩემს თავსა. ოთო (ოთარი დაფქვიაშვილი) წაიქცა და ფეხი მოიტეხა. არ ვიცი, რატომ , მაგრამ ოთარი მასწავლებელმა ხელში აიყვანა და სახლში ისე წაიყვანა ამხელა ბიჭი. მოკლედ, ოთარს გაუკეთეს ფეხზე ოპერაცია დაბრუმდა სკოლაში და პირველივე გაკვეთილზე გაიძახა. არ ვიციო, ეუბნება. დაუწერა 2 და ოთარმა თავისთვის, ხმადაბლა გადაუკურთხა (ცუდი არაფერი, შენი დედაც ვატირეო). ციმორამ აუღელვებლად დაუწერა ჟურნალში 2, მივიდა, დაადგა თავს და ეუბნება ძალიან მშვიდად: მაშინ კაი კაცი ვიყავი, არა, დაჩეხილს რო მიგათრევდი კიბეებზე, შე ოხრის შვილო, შენაა.


***
რა ვქნათ, თუ კი არ გვწყინდა და არც გვწყინს? პირიქით, დიდი სითბოთი და ხალისით ვიგონებთ დღესაც და ჩვენი ისტორიის კაბინეტის ძველი რუკების თუ წიგნების ნაცნობი, მონატრებული სურნელი შემიღიტინებს ხოლმე ახლაც სიამაყით, უდიდესი მოკრძალებითა და სათუთი სიყვარულით აღვსილს.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 2179 times Last modified on პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 14:10

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი