სტალინი და ესპანეთის ოქრო

გაიხსენე ისტორია Written by  ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 09:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ესპანეთის საპორტო ქალაქ კარტახენადან შებინდებულზე გავემგზავრეთ. მანქანაში ჩემ გვერდით იჯდა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შიში და შეშფოთება ნათლად ეტყობოდა სახეზე.

ჩვენს ავტომობილს საბარგო მანქანა მოჰყვებოდა და მთელი ეს კოლონა ესპანეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ბაზებისაკენ მიემართებოდა. 

დათქმულ დროზე უკვე დაღამებულზე გამოვცხადდით. ჩვენ კარგად მოვლილი ბაზის ტერიტორიაზე აღმოვჩნდით, მერე კი ცენტრში მოთავსებულ საწყობში შევედით, სადაც კედლების გასწვრივ, ათასობით ხის ყუთი ეწყო. მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, რომ ამ საგულდაგულოდ შემოსალტულ ყუთებში ოქროს ზოდები და რამდენიმე მილიონის ოქროს მონეტები ეწყო - სახელმწიფო ქონება, რომელსაც პირინეის უძველესი ხალხი მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე აგროვებდა.

ოქროდს

საკავშირო მთავრობის განკარგულებით, ჩვენ სწორედ ამ განძის წასაღებად ვიყავით მოვლინებულნი. ესპანეთის ოქროს მარაგი მოსკოვში უნდა გადაგვეგზავნა.

ეს ყველაფერი 1936 წელს მოხდა, სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე.

ესპანეთის რევოლუციის ბელადებმა იმის შიშით, რომ ეს უძვირფასესი განძი ფრანკოს მფლობელობაში არ აღმოჩენილიყო, გადაწყვიტეს სახელმწიფოს მძიმე დღეებისათვის გადანახული ქონება, " დროებით შესანახად", საბჭოთა კავშირისათვის მიებარებინათ.

მიუხედავად ორივე სახელმწიფოს მაღალი ინსტანციების ერთობლივი გარიგებისა, მე ამ მოქმედებას მე- 20 საუკუნის უდიდეს თაღლითობას ვუწოდებ.

მადრიდში 1936 წლის 16 სექტემბერს ჩავედი. ჩემი ჩასვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ საბჭოთა რადისტმა გადმომცა რადიოგრამა გრიფით - სრულიად საიდუმლოდ. "გადაეცეს პირადად შვედს (შვედი ჩემი ფსევდონიმი იყო)". ტექსტი კი შემდეგს ბრძანებდა:

"მოელაპარაკეთ პრემიერ - მინისტრს ლარგო კაბალეროს ესპანეთის ოქროს საბჭოეთში გადმოგზავნაზე. აუცილებლად ჩვენი გემებით. თუ ხელწერილს მოითხოვენ ესპანელები, კატეგორიული უარი განაცხადეთ. გიმეორებთ - სრული უარი. დაარწმუნეთ, რომ ყველა სათანადო საბუთი გაფორმდება მოსკოვში, სახელმწიფო ბანკში განძის მითვლის შემდეგ. ოპერაციაზე პირადად ხართ პასუხისმგებელი. ივან ვასილევიჩი".

ეს ფსევდონიმი ადასტურებდა, რომ ბრძანება პირადად სტალინის მიერ იყო გაცემული.

ამ დროისათვის მადრიდის გარეშემო ყულფი ინასკვებოდა. ქალაქი დღე- დღეზე ნაციონალისტების ხელში უნდა გადასულიყო. საბჭოთა კავშირისთვის ოქროს მარაგის გადაცემის დეკრეტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა მანუელ აზანმა და ფინანსთა მინისტრმა, ხუან ნეგრინმა. განძის ადგილმდებარეობა დეკრეტში არ იყო მინიშნებული, უბრალოდ ფინანსთა მინისტრს ავალებდნენ მოენახა "ოქროს გარკვეული რაოდენობისათვის სათანადო და უსაფრთხო ადგილი".

ესპამეთის ომი

ესპანეთის პარლამენტს ამ ოპერაციის შესახებ არაფერი აცნობეს და მიუხედავად იმისა, რომ დეკრეტის ოფიციალურ საბუთში საბჭოთა კავშირი ნახსენები არ იყო, ნეგრინმა დახმარებისათვის მაინც საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლობას მიმართა, აქედან თავის მხრივ ფაქტი მოსკოვს აცნობეს და სტალინიც "დიდსულოვნად" დათანხმდა.

სტალინისგან მიღებული დეპეშა - დირექტივის მიღების მეორე დღესვე მე პირადად შევხვდი ნეგრინს. მინისტრის მიმნდობი ხასიათი და გულუბრყვილობა დიდად დაგვეხმარა ოქროს მარაგის უმტკივნეულოდ გადაგზავნის საქმეში. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ ესპანეთის რესპუბლიკურ ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის გარდა ფაქტობრივი დამხმარე არ ჰყავდა.

- სად არის ოქრო? - ვიკითხე მე

-კარტახენის მახლობლად, - მიპასუხა ნეგრინმა.

კარტახენა ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო, რადგან ამ პორტში ყოველთვის იდგა ცარიელი საბჭოთა გემები, რომლებსაც რესპუბლიკელებისათვის საომარი იარაღი ჩაჰქონდათ.

სიტუაცია სწრაფ მოქმედებას გვკარნახობდა, რადგან საკმარისი იყო "ოქროს ოპერაციის" ფაქტი გახმაურებულიყო, რომ იტალიელები და გერმანელებიც ყოველ ღონეს იხმარდნენ მის ხელში ჩასაგდებად. მეტიც, თავად ესპანელები ჩაგვიკეტავდნენ ნავსადგურს და არც გასამტყუნარნი იქნებოდნენ. რომელი სახელმწიფო ისურვებს თავისი ნებით გადასცეს საკუთარი ეროვნული საგანძური სხვა ქვეყნის საკუთრებაში 

ახლა კი მოსკოვში შექმნილი სცენარით ჩემ პირად განკარგულებაში გადმოდიოდა ოქროთი პირთამდე სავსე 10 ათასი ყუთი. ყოველ ყუთში 145 გირვანქა პატიოსანი ლითონი ეწყო, რომლის სუფთა წონა 725 ტონას შეადგენდა.

მეორე დღესვე კარტახენაში გავემგზავრე. ჩემი ძველი მეგობარი ნიკოლოზ კუზნეცოვი ( მომავალში საბჭოთა კავშირის სამხედრო - საზღვაო ფლოტის მინისტრი) უკვე პორტში მელოდა. მას დავალებული ჰქონდა სრულ მზადყოფნაში მოეყვანა საბჭოთა გემები.

გემი ორიო

ოქროს ტრანსპორტირების საკითხი როგორღაც თავისთავად წყდებოდა - რამდენიმე საათის წინ აქ საბჭოთა სატანკო ბრიგადა გადმოსხეს. ბრიგადის მეთაურმა სრულიად დაუბრკოლებლად გამომიყო 20 სატვირთო მანქანა და საუკეთესო მძღოლებიც მომამაგრა.

უკლებლივ ყველა მძღოლს ესპანელი მეზღვაურის ფორმა ჩავაცვით. ხოლო კოლონის თანხლება და დაცვა 60 ესპანელს დაევალა, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ეწყო ყუთებში. არც საბჭოთა გემებზე იცოდა ვინმემ ტვირთის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფასი.

თითოეული ესპანელი ორ-ორ ყუთს იღებდა და სატვირთო მანქანისაკენ მიჰქონდა. მანქანები ათეულებად ეწყობოდნენ და კოლონებად მიემართებოდნენ პორტისკენ. თითოეულ ასეთ კოლონას 500 ყუთი მიჰქონდა, დატვირთვა და გადაზიდვა მხოლოდ ღამით ხდებოდა. "ოქროს  ოპერაციას" სამი ასეთი რამე დასჭირდა და სამივე ისეთი ღამე იდგა, ჩვენს საქმეს რომ წაადგებოდა - უმთვარო და მრუმე.

მანქანები ჩამქრალი შუქფარებით მოძრაობდნენ, ხშირად ერეოდათ გზა-კვალი და ჩერდებოდნენ.

ყველაზე მეტად რესპუბლიკელთა პატრულის მეშინოდა. ფაქტი იყო, რომ "ესპანელი" მძღოლებიდან არცერთმა იცოდა ესპანური ენა. პატრული მათ აუცილებლად გერმანელ დივერსანტებად მიიღებდა და დააპატიმრებდა. მერე ყუთებს გახსნიდნენ და ....  ეშმაკმა უწყის, რას მოიმოქმედებდნენ.

მეორე დიდი საშიშროება სამხედრო ბაზის შესაძლო დაბომბვა გახლდათ. კარგად ვიცოდი, რომ აქ თავმოყრილ უამრავ ფეთქებად მასალას ერთი ბომბიც რომ დასცემოდა, ჩვენ, ოქროსთან ერთად, უთვალავ მოლეკულად დავიშლებოდით.

ღამეში საშუალოდ ოთხი საათი მეძინა, ესპანელები ბაზის ტერიტორიაზე არსებულ გამოქვაბულში ამჯობინებდნენ დასვენებას. ხშირად შევსწრებივარ წვრილ ფულზე მოთამაშე ესპანელებს, რომლებიც ყუთებზე ისხდნენ, იმ ყუთებზე, ოქროთი პირთამდე რომ იყო სავსე.

ბოლო ღამეს ფაშისტური ავიაცია მართლაც დაგვესხა თავს. დიდხანს და გულმოდგინედ ბომბავდნენ პორტს და რესპუბლიკელების ერთი კრეისერიც ჩაძირეს. აქაც გაგვიღიმა ბედმა, ჩვენი არცერთი გემი არ დაზიანებულა. 

გამთენიისას გემების დატვირთვა დასრულდა. ტრიუმებში 7 800 ყუთი იყო მოთავსებული - ესპანეთის სახელმწიფო ქონების თითქმის სამი მეოთხედი.

როდესაც უკანასკნელი ყუთი დავაბინავეთ, უსიამოვნო წუთების განცდა მომიწია. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხელწერილი მომთხოვა. მე თვალს ვარიდებდი და თავის დაძვრენას ვცდილობდი.

"კომპანიერო, - უსინდისოდ ვატყუებდი, - მე არა ვარ უფლებამოსილი ხელწერილი მოგცეთ. მაგრამ, როგორც კი მოსკოვში ჩახვალთ, იქ სახელმწიფო ბანკში ოქროს მიითვლიან და სათანადო დოკუმენტაციასაც გადმოგცემენ. ყველა ფორმალური საკითხი იქ მოგვარდება".

ესპანელი არათუ შეწუხებული, გვარიანად დამფრთხალიც იყო. იმ პერიოდში მცირე შეცდომაც სიცოცხლის ფასად ჯდებოდა. ფინანსთა სამინისტროს ეს უხერხემლო წარმომადგენელი რომ დამერწმუნებინა, განძის გამყოლად ოთხი კაცის გამოყოფა შევთავაზე, თითო კაცი ყოველ გემზე. ჩემთვის ამას არავითარი ზიანის მოტანა არ შეეძლო, რადგან განძი უკვე საბჭოთა გემებზე იყო მოთავსებული.

გემი78945

ორი საათი შემდეგ გემების ქარავანმა ოდესისაკენ აიღო გეზი

ოდესაში გემების ჩასვლამდე საბჭოთა კავშირის ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით მოსკოვიდან და კიევიდან, მივლინებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის აურაცხელი თანამშრომელი. რამდენიმე დღის მანძილზე ისინი, როგორც რიგითი მტვირთავები, გემებს ცლიდნენ და ძვირფას ტვირთს განსაკუთრებული დანიშნულების მატარებლის შემადგენლობისაკენ ეზიდებოდნენ.

ქალაქის ქუჩები სამხედრო ნაწილებით იყო გადაკეტილი. ხოლო როდესაც მატარებელი დაიძრა, მას ასობით მაღალი ჩინის ოფიცერი გაჰყვა.

საბოლოოდ, ესპანეთის განძი მოსკოვში აღმოჩნდა.

სტალინმა ოპერაციაში მონაწილე ოფიცრებისათვის მდიდრული ვახშამი გამართა. ამ თავყრილობას სრული შემადგენლობით ესწრებოდა პოლიტბიურო. დიქტატორი მშვენიერ გუნებაზე იყო. იოსებ ბესარიონის ძეს, რომელმაც რევოლუციური მოღვაწეობა ექსპროპრიაციით დაიწყო (ჩვეულებრივ მოკვდავთა ენით ყაჩაღობა რომ ჰქვია) ასეთი მასშტაბის წარმატებამ, უდავოდ, ახალგაზრდობა გაახსენა.

სტალინისდად

ეჟოვმა, ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ღრეობას ესწრებოდა, საიდუმლოდ გაანდო ის, რაც სტალინმა ვიწრო წრეში განაცხადა: "ესპანელები ისევე ვეღარ იხილავენ ამ ოქროს, როგორც საკუთარ ყურებს".

"ოქროს ოპერაციის" წარმატებით დასრულებიდან 21 თვე გავიდა და ესპანეთის განძის შემდგომი ბედით არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ ერთხელ ფინანსთა მინისტრმა ნეგრინმა იკითხა გაოცებით: "სად გაქრა სამინისტროს ის ოთხი წარმომადგენელი, რომლებიც ოფიციალურ პირებად გაჰყვნენ რუსეთში სახელმწიფო განძს"?

მისი ეს კითხვა პოლიტიკურად ბეცი ინტელიგენტის გულუბრყვილობის საუკეთესო ნიმუში იყო.

უდავოა, ფრანკო მადრიდის აღებისთანავე შეიტყობდა ოქროს მარაგის გაქრობის ფაქტს, მაგრამ მას კრინტი არ დაუძრავს არათუ მაშინ, არამედ შემდგომი 18 წლის მანძილზე. საქმე იმაშია, რომ მუდამ არამყარია ესპანეთის ვალუტა და ოქროს მარაგის გატაცების გაცხადებისთანავე მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე წამებში გაუფასურდებოდა.

საიდუმლო მხოლოდ 1965 წელს, ნეგრინის გარდაცვალების შემდეგ გახმაურდა. მაშინ, როდესაც მის პირად არქივს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახარისხებდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ, "პრავდამ" გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორი აცხადებდა, რომ 1936 წელს, ესპანეთიდან 500 ტონა ოქროს გადმოზიდვა ფაქტია! მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ამბავი, რომ სამოქალაქო ომის დროს ესპანეთის მთავრობამ საბჭოთა კავშირს არ გადაუხადა უზარმაზარი თანხა სამხედრო - საომარი ტექნიკის მიწოდებისთვის. მართალია სსრკ - მ მიიღო, 500 ტონა ოქრო, მაგრამ მისმა ღირებულებამ ესპანეთის სახელმწიფო ვალი მთლიანად მაინც ვერ დაფარა და ამჟამად ეს დავალიანება 50 ათას დოლარს აღემატება. 

შენიშვნა: მაღალი ჩინის ჩეკისტი ალექსანდრე ორლოვი ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში აღმოჩნდა დასავლეთში. მან უცხოეთში გამოაქვეყნა თავისი მემუარები, რომლებშიც ბრალს დებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატს. 

Read 881 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი