კულტურა, როგორც საზოგადოებრივი ღირებულებების ერთობლიობა

წერილები Written by  ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 08:08 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

ამასწინათ, რადიო ,,მოზაიკას“ საღამოს ეთერში კულტურის დეფინიციაზე ვილაპარაკე. როგორც ირკვევა, ეს უკანასკნელი სულაც არ არის ის, რაც ხშირად მოქალაქეების დიდი ნაწილს წარმოუდგენია. ამ გადაცემაში ისიც აღვნიშნე, რომ კულტურის ფენომენის მკვლევარად არ გამოვდგებოდი და ამიტომ წინასწარ ბოდიშიც მოვუხადე რადიოს მსმენელს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩემს თვალსაზრისსა და მოსაზრებას გაგაცნობთ.

არახალია, რომ საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფო იყო ვერტიკალი, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად, ქვეყნებში საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგს ადგენდა. სწორედ სახელმწიფო წყვეტდა, როგორ კულტურაში უნდა ეცხოვრა საბჭოთა ადამიანს. რასაკვირველია ამ ,,დიად და ნათელ“ მისიას სისრულეში მოყვანა სჭირდებოდა, მაშინდელი კულტურის სამინისტროები კი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარი მესაჭეები გახლდნენ. იმისათვის, რომ მომხდარიყო კულტურის ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რაც უპირველესად კომპარტიის ინტერესებთან უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში, ხდებოდა მთელი რიგი სახელოვნებო მიმართულებების გამოყენება. განსაკუთრებული დატვირთვა მოდიოდა კინოზე, მწერლობასა და სხვა მასობრივ მიმართულებებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

მოკლედ, კულტურის მაშინდელ სამინისტროს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა: მოეხდინა ერთი იდეოლოგიის პროპაგანდა, შეექმნა ,,ახალი კულტურა“ რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის ბუნებასთან.

თავის დროზე ხელოვნების დარგების აქტიურმა გამოყენებამ საბჭოთა პროპაგანდის საქმეში და მის კულტურის ქოლგის ქვეშ მოქცევამ, განსაზღვრა ამ ფენომენის გაგების ზედაპირულობა.

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში, კულტურის რამდენიმე გავრცელებული დეფინიცია გვხვდება.

მათ შორისაა კულტურა როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, სოციალური ინსტიტუტი, სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი, საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა, თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ გულისხმობს სახელმწიფო რეგულირებას. საუბარია თვითრეგულირების მექანიზმზე, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივი მდგომარეობაა.

და მაინც, რას წარმოადგენს კულტურა, თავისი არსით? რა არის მისი ცენტრალური განმარტება? როგორია კულტურის კლასიკური დეფინიცია? ვფიქრობ, ეს კითხვა უფრო რიტორიკის კუთვნილებაა, რადგან მის ირგვლივ მრავალი მოსაზრება და პასუხი არსებობს.

ჩემთვის კულტურა უფრო ფილოსოფიური მოცემულობაა - საზოგადოებრივი, სოციალური და სახელმწიფოებრივი მოწყობის მაჩვენებელი, მთავარი ღირებულებების ერთობლიობა, რომელზედაც ესა თუ ის საზოგადოება თანხმდება და არა ცალკე აღებული რომელიმე სახელოვნებო მიმართულება ან ერთად აღებული კინო, მუსიკა, ქორეოგრაფია და ფერწერა, როგორც ეს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს წარმოუდგენია.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1583 times Last modified on ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 08:28

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი