ვის რა სურვილი აქვს კიდევ …?

წერილები Written by  ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018 10:59 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წლის მიწურულს თითქმის ყველა ცდილობს განვლილი 12 თვის შეფასებას. ამბობენ, ეს აუცილებელიც კია მომავლის უკეთ დასაგეგმად.

 

 

ერთ ტრენინგს ვესწრებოდი, არც ისე დიდი ხნის წინ. მოსმენას გვასწავლიდნენ, წყვილებად გვყოფდნენ და თითო ადამიანს 5 წუთი ეძლეოდა, შეთავაზებულ თემაზე სალაპარაკოდ. პირად შიშებს, მოლოდინებს ან წარსულს ეხებოდა როგორც წესი თემები; მეორეს არაფრისდიდებით არ უნდა გაეწყვეტინებინა და ყურადღებით მოესმინა, მერე მეწყვილე ილაპარაკებდა 5 წუთს და დასასრულს, წრეზე ვსხდებოდით და ვყვებოდით ჩვენი მეწყვილის ჩვენთან ნალაპარაკებს. უცნაური აქ ის იყო, რომ სხვის მოყოლილს 2-3 წუთში ვყვებოდით, არადა გვახსოვდა, რომ ზუსტად 5 წუთი ილაპარაკა მან ამაზე. მერე, ჩვენი მეწყვილეც  2-3 წუთში ატევდა ჩვენს მონაყოლს და ვხვდებოდით, ბევრი რამ გამორჩა, არ მოგვისმინა სათანადოდ ან უბრალოდ არასაჭიროდ ჩათვალა. კარგი სავარჯიშო იყო. მოსმენა მასწავლა ალბათ და ისიც, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ამბის მსმენელი ან მონაწილე იყო, მოყოლისას უამრავ რამეს გამოტოვებ…

 

წლევანდელი წლის შეჯამებაზე ფიქრი და წერა, სევდიანი პროცესია. რომ არაფერი ვთქვა 365 დღით დაბერებაზე, თმაში 3 ღერი ჭაღარის გამორევაზე, ახალგაზრდული ენერგიის ნელ-ნელა გამოლევასა და მისთანანი, ვზივარ და ვხვდები, - რაც მოხდა, იმ მოვლენებს 1-2 გვერდშიც მოვაქცევ და აბა რა ხეირი, ან ბევრ მნიშვნელოვანს გამოვტოვებ, ანდა გამოდის, ბევრი დრო დამიკარგავს.


წელს იმდენი ადამიანი მაკლია, როგორც არასდროს. ერთმა ბიჭმა მითხრა, რაღაცების გაშვება არ შეგიძლია, უამრავ დეტალს იმახსოვრებ და ეგ შენვე განადგურებსო. ჰოდა, სა - 2019 - ოდ რაღაცების და ვიღაცების გაშვება უნდა გავისიგრძეგანო. მარტში, უფერულ ცუკურუ ტაძაკის მივყვებოდი, რომელიც ყველა მეგობარმა, ვინც კი ოდესმე გააჩნდა, ერთ დღეს, უსიტყვოდ მიატოვა და მისი ცხოვრების მთავარი კითხვა გახდა - "რატომ?". არადა, ხომ შეეძლო უბრალოდ გზა განეგრძო, როგორც მისი ყოფილი მეგობრების უმეტესობამ?

 

თებერვალში ზებრაზე გადასვლისას მანქანა დამეჯახა, მას მერე გზაზე ვეღარ გადავდივარ ვინმეს  ხელი რომ არ ჩავკიდო. გუშინ გამომელაპარაკა კაცი; მითხრა, რომ ვაგონებ გოგოს, რომელსაც წლების წინ მანქანის ტარებას ასწავლიდა, გოგომ ბოლოს გაკვეთილების ფული არ გადაუხადა და გაუჩინარდა.  ვუთხარი, მე ვერ ვიქნებოდი, მეშინია მაქანების-მეთქი, და ეს დაჯახების ამბავი მოვუყევი მოკლედ. ჩაფიქრდა და მითხრა, თუ გინდა გასწავლი ტარებას, შიში იქნებ ეგრე დაძლიოო. არ მინდა-მეთქი; თან ხომ იმ გოგოს ვგავდი..

მაისში ვიჯექი, ვიწექი თუ დავდიოდი, აქციის ამბებს ვუყურებდი, არც ერთი პირდაპირი გამოშვება, ინტერვიუ თუ ახალი ამბავი გამომრჩენია. ერთი ისაა, ფიზიკურად აქ არ ვიყავი, ვერც აქციაზე დავდგებოდი, ვერც ჩემს ტაშს შევმატებდი სხვების ტაშს და ვერც ჩემს ხმას, სხვებისას. თბილად, მყუდროდ ვიჯექი და ვუყურებდი. ამ დროს ჩემი და, ჩემი მეგობრები და ფეისბუქ მომხმარებლები იდგნენ წვიმაში, იყინებოდნენ, ღამეს ათევდნენ და იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. არ იყო ყურება ადვილი.. საერთოდაც, წელს მივხვდი, რომ საქართველო მიყვარს. აქამდე მეცინებოდა ადამიანებზე, რომლებიც პატრიოტობას ჩემულობდნენ, ახლა ვხვდები, ბევრი რამაა ამ ქვეყანაში, სხვაგან რომ ძნელად იპოვი. მაგალითად, ლობიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ბებიაჩემი ყვეელაზე გემრიელ ლობიანებს აცხობს.

იანვარში ბრმა გამოფენას დავესწარი (Blind exhibition). ერთი საათის განმავლობაში ვიყავით სარდაფში, რომელშიც სინათლის ნასახიც კი არ აღწევდა. გვეჭირა ჯოხები, გვესმოდა ხმა და მივყვებოდით ხმის ინსტრუქციებს. ჩემს ტყავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ვერაფერს ხედავდე და სამყაროს აღიქვამდე. ისეთ სასათბურე პირობებშიც კი, როგორიც ის სარდაფი იყო, დაძაბულობით სავსე, მძიმედ და ნელა დავდიოდი. ხელებს ვაფათურებდი კედლებზე და ჯოხს განუწყვეტლივ ვუკაკუნებდი იატაკს. როცა შევასრულეთ სახლის, გზის, ქუჩის, ტყის და მაღაზიის უსინათლოდ გავლის იმიტაციები, გიდმა მოგვიყვა ამბავი ერთ გოგოზე. გოგო ცოტა ხანში მხედველობის უნარს სრულიად დაკარგავდა, მშობლებმა კი აქ მოიყვანეს და მანაც ჩვენსავით გაიარა ის გზა. სამწუხარო ისაა, რომ მისთვის ეს ერთი საათი ცოტა ხანში, მთელი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდებოდა, თანაც უფრო საშიშ და დაუსრულებელ ფორმებში. ასე შეამზადესო და თავადაც გაიარესო მშობლებმა, - აგვიხსნა გიდმა. ზემოთ, სინათლეში რომ ამოვედი, ვიყავი მშვიდი, თითქოს აღარ მეშინოდა დაბრამავების. თითქოს ის გოგო ვიყავი.

აგვისტოში ჩერნობილში ვიბოდიალე, იქაურ შთაბეჭდილებებზე არსად, არაფერი დამიწერია, ალბათ თავს ვერც ვერასოდეს მოვუყრი. ხომ არის ამბები, რომლებსაც ვერ მოყვები და სცენები, რომლებსაც სიტყვებით ვერ აღწერ?

სექტემბერში საქართველო შემეგება, ისევ ისეთი, რუხი, როგორიც დავტოვე ერთი წლის წინ, და მე, ამაზე დასევდიანებული, უკან ვეღარ მივეგებე.

 

ოქტომბერში ერი არჩევნებზე დავიძარით, მერე ხელმეორედაც, ნოემბერში და ასე, სამართლიანად თუ უსამართლოდ (ეს რა აქ გასარჩევია) ახლა დეკემბერში ვცდილობთ ახალ პრეზიდენტთან ვადაპტირდეთ.

კიდევ რა და, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მოხდა. 12 მაისი მოხდა. ზაზა სარალიძის ამბები მოხდა. 8 წლის ნანიკო მოხდა. ტკივილები მოხდა 2018ში და რამეს გვასწავლის ალბათ ეს, ანდა იქნებ იმუნიტეტი გამოგვიმუშავოს, მომავალში რომ აღარ შევიძრათ, ემოციურად არ დავეცეთ და რაციონალურად გავაანალიზოთ ყოველი.  

ამბობენ, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, სურვილები ხდებაო. ვისთვის როგორ ალბათ, და ვის რა სურვილი აქვს კიდევ ...

ავტორი: სალომე აფციაური

 

Read 233 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი