გორი - საგანმანათლებლო ცენტრი

წერილები Written by  სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 07:55 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წლის მიწურულს თითქმის ყველა ცდილობს განვლილი 12 თვის შეფასებას. ამბობენ, ეს აუცილებელიც კია მომავლის უკეთ დასაგეგმად.

ეს ჩემი პირველი ბლოგია. რა გამოვა, ნამდვილად არ ვიცი. იმას მივხვდი, რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე და არ ყოფილა ბლოგის წერა ისეთი მარტივი, როგორიც მეგონა. თავდაპირველად, ძალიან ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა. მერე - იმაზე, როგორ დამეწერა. წერა დავიწყე და სულ სხვა რამე გამომივიდა.

გადავწყვიტე, გორის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე და მათი მოგვარების გზებზე დამეწერა, აქვე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაზეც მინდოდა მეთქვა ამ პრობლემების გადაჭრის საქმეში. აღმოჩნდა, რომ უფრო წიგნი გამომდიოდა, ვიდრე ბლოგი. შესაბამისად, ამ წიგნის ერთ-ერთი ქვეთავი გამოვყავი და ბლოგი დავარქვი.

დავიწყოთ:

რას წარმოადგენს დღეს ქალაქი გორი? რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს მას ქვეყნისათვის? ალბათ ცოტა რთული იქნება ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავცეთ ამ კითხვებს. 2008 წელს გორის დაპყრობით, რომ საქართველო შუაზე გაწყვიტა მტერმა ეს ჩვენი თვალითაც ვიხილეთ და გვახსოვს. ეკონომიკაშიც ასე თუ ისე შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი თუმცა:

მიმაჩნია, რომ კონკრეტული და განსაზღვრული ფუნქციებით შეიძლება დაიტვირთოს ჩვენი ქალაქი. და ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია, მრავალთა შორის, საგანმანათლებლო ქალაქად გადაქცევა იქნებოდა. როგორ?

არ არის მარტივი, ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, თუმცა მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია. განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ამ საკითხში. მოასფალტებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არანაკლებია ამ იდეის განხორციელება.


დღეს თბილისი არის ყველა ფუნქციის მატარებელი ქალაქი. ქუთაისსაც ჩამოერთმევა ალბათ მალე საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და ბათუმიდანაც გამოიწვევენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თავკომბალას თავი კიდევ უფრო გაიზრდება. კარგი დროა, თბილისს შევთავაზოთ დაგვითმოს საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი მაინც. დაგვითმოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი სხვა მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულებები.


და რატომ უნდა გააკეთოს ეს თბილისმა? იმიტომ, რომ განიტვირთოს დედაქალაქი, გამოათავისუფლოს რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი ადგილი, ამ ინვესტიციის განხორციელებით მიიღოს დამატებითი შემოსავლები და დამატებითი სამუშაო ადგილები. მაცდუნებელი წინადადებაა...


რატომ უნდა ისურვონ ჩვენს მიერ დასახელებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გორში გადმოსვლა? იმიტომ, რომ მათ აქ დახვდებათ ახალი უბანი, ახალი, თანამედროვე, ყველაფრით უზრუნველყოფილი შენობებით, ინვენტარით, საცხოვრებელი კორპუსებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

სხვადასხვა სფეროში არსებული შეღავათებით, იქნება ეს კომუნალური გადასახადები, საშემოსავლო გადასახადი ხელფასიდან, მოგებიდან და ა.შ, თუკი კონკრეტული შეღავათებითა და მზა პროექტებით წარვდგებით მათ წინაშე მოლაპარაკებებზე, მათთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი ეს ყველაფერი.


სასწავლო დაწესებულებების გადმოტანასთან ერთად, დღის წესრიგში უნდა დადგეს განათლების სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების გორში გადმოტანის საკითხიც. შესაბამისად, სამუშაო იქნება საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროსთანაც.


რას მიიღებს ამით გორი? რას და ახალ მშენებლობებს, დამატებით შექმნილ სამუშაო ადგილებს, ახალ აქტიურ უბანს/უბნებს, კორპუსებით, საცხოვრებელი ბინებით, მოედნებით, კაფეებით, მაღაზიებით, ათიათასობით სტუდენტს, ახალგაზრდა მოტივირებულ ადამიანებს, საბოლოოდ კი მივიღებთ გამოცოცხლებულ, ფუნქციურ ქალაქს და გააქტიურებულ ეკონომიკას, კულტურას, ურთიეთობებს.


დასკვნის სახით კი უნდა ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსის მინიჭება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ბენეფიტებთან ერთად, კიდევ უფრო მეტად პრესტიჟულს გახდის ჩვენი ქალაქის იმიჯს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ავტორი: ალექსი მერებაშვილი

Read 707 times Last modified on სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 17:04

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი