საბჭოთა მანეთით ნაყიდი ამერიკული ოცნება

წერილები Written by  ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 06:38 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

როგორ ვიყიდე საბჭოთა მანეთით ამერიკული ოცნება?

 

მახსოვს, 7 წლის ვიყავი, როდესაც მამამ ჯიბიდან მანეთი ამოიღო და მითხრა, - დღეიდან, შენი ჯიბის ფული იქნება ერთი მანეთი, - თუმცა, არც ისე მაკლდა მამას „ადინაცეტის“ (ავტომობილი) საფერფლეში მოგროვილი ხურდები, რომელსაც ყოველდღიურად ვაგროვებდი და ყოველ საღამოს სპეციალურ ყუთში ვინახავდი.

- ვიდეო - ვიდეო გაიხსნა, - მომესმა და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, აჟიტირებული ახალგაზრდები ერთმანეთს უყვებოდნენ რომელიღაც ბინაში გახსნილი ვიდეო-ვიდეოს შესახებ. ვერ ვხვდებოდი, რაზე საუბრობდნენ. ჩვენ ხომ მოლოდ „ილუზიუნი“ ვიცოდით და ხშირ შემთხვევაში, უინტერესო (ბავშვისთვის) ფილმებს უჩვენებდნენ. საბავშვო თემა, მაღალი ხარისხის მხოლოდ შაბათ-კვირა, საღამოს 7 საათზე მოსკოვის 1 არხზე გასული ანიმაციური ფილმები იყო, რომლის გაცდენა არანაირად არ შეიძლებოდა და ყოვილივე ამის ფონზე, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სიტყვა ვიდეო-ვიდეო.

შენობის ძებნისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. კიბეზე ავირბინე, ვიღაც ღიპიან ბიძას მანეთიანი მივეცი და ჩემი ადგილი დავიკავე. რაღაც ოთხკუთხედში, რაღაც მართკუთხედი ჩადეს, ტელევიზორი ჩართეს და ჰოი, საოცრება ... საოცრება, სადაც „ადინაცეტის“ მაგივრად ათასობით უცნაური ავტომობილი დადიოდა, რუხი ფერების მაგივრად, ათასფრად განათებულ ქალაქში ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ვნახე, სასწაულად დაკუნთული შვარცნიგერი, რომელიც შვილის გადასარჩენად ყველას და ყველაფერს ანადგურებდა (ფილმი "კომანდოსი").

მახსოვს, ფილმის დასრულების მომენტი, როგორ გიჟივით წამოვხტი, სახლში ავარდი, გადანახული ყუთი გავხსენი და ერთი მანეთის ხურდები ამოვკრიბე. ოთხი სართული სულმოუთქმელად ჩავირბინე იმ იმედით, რომ მეორე სეანსზე არ დამაგვიანდებოდა. მივუსწარი, მივუსწარი დაწყებას. დაწყებას არამარტო კონკრეტული ფილმის (რემბო), არამედ - ქვეყნის აღმოჩენას. ქვეყნის, რომელიც დღემდე ჩემი ოცნების ქვეყნად რჩება; ქვეყნის, რომელიც ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო მაშინდელი ჩვენი ერთიანი სოციალისტური სივრცის.

ყოველ დღე, სკოლის შემდეგ, ბინასთან მდებარე სტადიონზე მიშენებულ ავტოფარეხებზე ვიკრიბებოდით თანატოლები და ერთმანეთს ვუზიარებდით, ვაჯიბრებდით სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით საბჭოთაკავშირს და ამერიკას. ვაჯიბრებდით ყველაფერს, დაწყებული შეიარაღებით დამთავრებული სპორტული მიღწევებით, დაწყებული მედიცინაში მიღწევებით დამთავრებული კოსმოსის დაპყრობით. მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ ვიყავით, რაზე ვკამათობდით, ზოგს მიაჩნდა, რომ საბჭოთაკავშირი იყო მსოფლიო ფლაგმანი, ზოგნიც კი ამერიკას ვიცავდით გაშმაგებით.

- ვიდეო-ვიდეო, ვიდეო-ვიდეო, ვიდეო-ვიდეო, -  შეღონებული და გაკვირვებული მამაჩემი არ ინანებდა ჩემი სიამოვნებისთვის, და ინტერესისთვის არც დროს და არც ლენინის თავიან მანეთიანს, რომელიც დღითიდღე მაყვარებდა ამერიკულ ფილმს და თავად ამერიკას. ახლოს გავიცანი სამ ფერში გადაწყვეტილი დროშა, თავისუფლების ძეგლი, ამერიკული სიმბოლოები და ზოგადად თავისუფლების არსი.

სკოლა, სპორტი, ეზო, სახლი - ყველგან ამერიკა და ამერიკული კულტურა მეკერა პირზე, რაც ასოცირდებოდა ამერიკასთან, ყველაფერს ვაგროვებდი, ვხატავდი და ვიყვარებდი უფრო მეტად, ვიდრე ეს ბავშს შეეძლო.

13 წლის ვიყავი, ამერიკაზე უზომოდ შეყვარებული. მამა მივლინებიდან, ჩეხეთიდან დაბრუნდა და საჩუქრად ლამაზად შეფუთული მაისური ჩამომიტანა, სამოსით ისედაც განებივრებული ვიყავი და ზოგადად არ ვაქცევდი ყურადრებას. ფუთა უჟმურად გავხსენი და რაც დავინახე, ეს იყო ჩემთვის შოკი, რომლის გამოც სკოლიდან ტანტიტველი სამჯერ გამომიშვეს, მაგრამ ეს ამათ ღირდა. სამივეჯერ მივიდა მამაჩემი და სამივეჯერ დამიბრუნა მაისური, რომელსაც ამერიკის დროშა და თავისუფლების ძეგლი ეხატა. მესამედ რომ დამიბრუნა მაისური, მითხრა, - დრო მოვა და მათი წითელ ყელსახვევები მხოლოდ ფეხსაცმლის საწმენდათ დაგვჭირდებაო, - ჯიბეში ხელი ჩაიყო და ორი განუსაზღვრელის (tu unlimited), მაქსის და ექიმი ალაბანის (dr. alban) ერთად ჩაწერილი ალბომების აუდიო კასეტა მაჩუქა.

თავისუფლების არსი, თავისუფალი კინო, თავისუფალი ჩაცმულობა და თავისუფალი ხელოვნება ჩემში დღემდე ანთია ოცნებად. ოცნება რომელიც აუცილებლად, აუცილებლად ახდება.

ავტორი: დიმიტრი გოგიაშვილი

Read 573 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი