პირადი ტკივილებით ნაშენი კედელი

წერილები Written by  პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 06:18 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტკივილი, რომელსაც არ ჰქონდა დასასრული...

სევდიანი ღამე იყო, ბნელი, ცივი და უჩვეულო სიჩუმით. აი, ისეთი, რაღაც ცუდის მოლოდინში რომ ხარ. ფიქრებმა გამიტაცეს. ტელევიზორში რაღაც არაფრისმთქმელი ფილმი გადიოდა. გადართვაც არ მიცდია ,აქა-იქ მესმოდა ფრაზები. მე ისევ ჩემს ფიქრებში ჩავიძირე. მაშინაც ესე უკუნეთი ღამე იყო. ავისმომასწავლებელი სიჩუმით. უამრავი ხალხი ირეოდა ჩვენ სახლში, ოთახიდან ოთახში დადიოდნენ. მდუმარედ თავჩახრილები ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ. მე რატომღაც ვერც მამჩნევდნენ. თითქოს ზედმეტიც ვიყავი. ოთახშიც არ მიშვებდნენ, სადაც მხოლოდ ჩემი მშობლები და ჩემი ძმა იყვნენ. საიდუმლო ოთახად იქცა ჩემთვის. არადა, როგორ მინდოდა მათთან ყოფნა და მონატრებული მშობლების ჩახუტება. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ მეკრძალებოდა ამ საიდუმლო, მოქუფრულ და სევდიან ოთახში შესვლა, ან რატომ იყო ყველა თვალცრემლიანი.

გარეთ თოფების სროლის ხმამ დაარღვია სახლის მდუმარება. ხმაური 1977 წლის შემობრძანებას გვაუწყებდა. მერე არაადამიანური კივილი გავიგონე. ბღავილი და უცებ გამაქანეს სადღაც ,შორეულ ნათესავთან. მაშინ მეტკინა პირველად გული, ოღონდ ჩუმად. მერე სახლში დაბრუნებულმა ცხოვრება გავაგრძელე. ოღონდ ჩემი ძმის გარეშე და მდუმარე, შავებში შემოსილ მშობლებთან ერთად. მაშინაც მეტკინა და დავიწყე ამ ტკივილის შეფუთვა.

ცხოვრება გაგრძელდა. გაგრძელდა ჩვეული რიტმით, ბავშვური სიხარულით, წარმატებით, ემოციებით, ოღონდ ჩემი ძმის გარეშე.

მალე პატარა დაიკოს მოლოდინში ვიყავით მთელი ოჯახი. უკვე ვემზადებოდით და ველოდებოდით.

სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, მოვრბოდი თავდაუზოგავად. ვიცოდი, რომ იმ დღეს პატარა დამხვდებოდა სახლში.

ისევ ცარიელი ოთახი, ისევ მდუმარე ნათესავები და ისევ მამაჩემის ცრემლიანი თვალები. დედას ვეძებდი. დედა კი სამშობიაროში იბრძოდა უკვე თავისი სიცოცხლისათვის. ისევ მეტკინა. მეტკინა უფრო ღრმად და ისიც შევფუთე.

მერე ისევ მეტკინა. მეტკინა, როცა მითხრეს, რომ გოგოს საქმე არ იყო. მეტკინა, როცა ჩემს მშობლებს სინანულით უყურებდნენ. ერთი გოგოსამარა დარჩენილებს იცოდებდნენ. მეტკინა, როცა ყველა თავის დას იცავდა და მე ფრთაჩამოტეხილი შევყურებდი. მეტკინა ბევრჯერ - ხან ცრემლით, ხან უცრემლოდ.

ამის მერე დავიწყე ტკივილის შეფუთვა და ამ ფუთებით კედლის აშენება .იმ ფუთაში ვტოვებდი ყველაფერს და თავს გულმოდგინედ ვუკრავდი ისე, რომ იქიდან ვეღარ გამოეღწია და მხოლოდ ჩემი ყოფილიყო.

შევფუთე ყველაფერი - როცა მიღალატეს, როცა მარტო დავრჩი, როცა წავიქეცი. შევფუთე მყარად და კედელს მივამატე. მერე ეს კედელი თანდათან გაიზარდა და გამყარდა. ვეცადე მისი დანგრევა, არ გამომივიდა. ბრძოლა დავუწყე, დავუწყე ბედნიერების ფანტელებით. ხან ბევრი ვაყარე და ხან ცოტა .არ მივეცი გარეთ გამოსვლის საშუალება, რომ ფანტელები არ დაედნოთ და არ ეზეიმათ მათზე გამარჯვება. და არის ასე ტკივილი ფუთებში დამალული.

მერე ცხოვრების ყველა ეტაპზე ტკივილის ფუთები გროვდებოდა. ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც იყო და ამით ვაგრძელებდი ჩემი კედლის შენებას.

მე კი მივიწევდი წინ წარმატებისკენ. ფუთებს თვალს ვარიდებდი, კედელსაც გვერდს ვუვლიდი და არ ვეპუებოდი მის სიდიდეს.

რატომ გამახსენდა ის ტკივილიანი ღამე? ტელევიზორში ისევ გადიოდა არაფრისმთქმელი ფილმი და მე ისევ არ ვეცადე მის გადართვას. აქა -იქ ისევ მესმოდა ფრაზები, უაზრო, უშინაარსო და მე ისევ შევფუთე ჩემი ტკივილი.

 

ავტორი: ეკატერინე სუხიშვილი

Read 1557 times Last modified on პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 06:24

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი