უსანეთის ტაძარი მეჯვრისხევში - მე-17 საუკუნის ძეგლის ისტორია

იანვარი 19 2019

წმინდა გიორგის სახელობის უსანეთის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, სოფლის ცენტრიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარი 1851 წელს ადგილობრივმა მღვდელმა იოანე ხახუტაშვილმა ააშენა. ტაძრის დასავლეთის ფასადზე, კედელში ჩასმულია მოვარდისფრო მარმარილოს ფილა, რომელზეც წარწერა იკითხება: 

“ესე ეკლესია ქვიტკირისა სახელსა ზედა წმინდის გიორგის უსენათისასა აღვაშენე მღვდელმა იოანე ზაქარიას ძემ ხახუტოვმა საკუთარითა შრომითა და წარსაგებლითა ჩემითა მეოხად ჩემთა ძეთა და ასულთა ჩემთათვის ჩკნას წელში“.


უსანეთის ეკლესიის კედელზე, კიდევ ერთი ფილაა ჩასმული, რომელზე დატანილი წარწერა მღვდელი გიორგი იონაეს ძე -ს გარდაცვალების თარიღსა და მოღვაწეობის პერიოდს იუწყება.

“მოიხსენე უფალო, მონა შენი მღვდელი გიორგი იოანეს ძე ხახუტაშვილი. დაიბადა 18 ივლისს 1824 წელს, გარდაიცვალა 29 ივნისს 1898 წ. იმღვდელმსახურა 50 წ.“

სავარაუდოა, რომ მამა-შვილი -იოანე და გიორგი ხახუტაშვილები დაკრძალულნი არიან ეკლესიის შიგნით. 1988-89 წლებში, ტაძრის რესტავრაციის დროს ადგილობრივებმა რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად, ეკლესიის დასავლეთით, სამრეკლო ყოფილა მიშენებული, რომელსაც სამხრეთით კარიბჭე ჰქონდა. გასაბჭოების შემდეგ სამრეკლოცა და კარიბჭეც მთლიანად დაანგრიეს. ტაძრის ეზოში დღემდე დგას თეთრი მარმარილოს მწუხარე ქალის უნიკალური ქანდაკება. მის პოსტამენზე კი წერია:

“პოლკოვნიკი გიორგი ზაალის ძე ჩიკოიძე. დაიბ. 1871 წ. 1 დეკემბერს, მოკლულია გოლიციის ბრძოლის ველზე 1916 წ. 30 ოქტომბერი“.

ადგილობრივების თქმით, მარმარილოს ქანდაკებაში გიორგი ჩიკოიძის ქვრივის სახეა გამოხატული.

1989 წელს ეკლესია ზეთის საღებავებით მხატვარმა რეზო მექვაბიშვილმა მოხატა. ძირითადად დახატული იყო სცენები ქრისტეს ცხოვრებიდან.

ტაძრის სრული რეაბილიტაცია 2012 წელს მოხდა. ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა უსანეთის ეკლესია პირვანდელი სახით აღადგინა. რამდენიმე თვის წინ კი ეკლესია მეუფე ანდრიას სტიქაროსანმა ლექსო ფსუტურმა ხელახლა მოხატა.

ტაძარში ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას, დეკანოზი ვახტანგ ნიკოლეიშვილი აღავლენს.

უსანეთის ტაძარი მეჯვრისხევში -  მე-17 საუკუნის ძეგლის ისტორია 1

 

 

მასალა მომზადებულია ბადრი რაზმაძის საავტორო წიგნის „მეჯვრისხევის ისტორია“-ს მიხედვით.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი