ვინ იყო ზურაბ ანტონოვი, ვის სახელსაც გორის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთი ქუჩა ზურაბ ანტონოვის სახელს ატარებს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ საინტერესო ცნობებს გორელი დრამატურგის ხანმოკლე მოღვაწეობის შესახებ.

1. რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ზურაბ ანტონოვი (პირვანდელი გვარი მეჩითაშვილი) 1820 წლის 9 თებერვალს გორში დაიბადა. იზრდებოდა ვაჭრის ოჯახში. ბავშვობიდანვე სხარტი გონების პატრონმა გორის სასწავლებელში სწავლის დროს, ორი კლასი ერთ წელში დაამთავრა. სამწუხაროდ მამამ ჩათვალა, რომ მისი შვილისთვის მიღებული ცოდნა საკმარისი იყო და სკოლიდან გაიყვანა, რადგან უნდოდა, რომ სავაჭრო საქმიანობაში ჩაერთო. ანტონოვს მამის საქმიანობა არ მოსწონდა და ამიტომ სწავლის გაგარძელება თავად გადაწვყვიტა. განათლებას სახლში თავად იღებდა. მისი ძმა, გრიგოლ ანტონოვი თავის მოგონებებში წერს:

“ერთი სიტყვით, რიგორათაც ყმაწვილი ეთამაშებოდეს სათამაშოს რასმეს, იმრიგად ის თავის ყმაწვილობაში სულ წიგნებსა და წერას ეთამაშებოდა. დასწერდა წიგნებს, ვითომ სხვასა სწერდა და იმავე წიგნების პასუხს თვითონვე დასწერდა სხვის მაგივრათა, თითქოს იმისთვის მოუწერიათო. სულ ამისთანა მიწერ-მოწერაში იყო თავის თავად გართული. ხან რაღაც ლექსებსა სწერდა, ხან რასა და ხან რასა. იმისი ხელი არ დადგებოდა არასდროს, ებრძოდა ძალის ძალად სწავლასა.“


18 წლის გახდა თუ არა, მუშაობა გორის სამაზრო სამმართველოში დაიწყო გადამწერად. ოთხი წელი იმუშავა და შემდეგ თავი დაანება. მამის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა, მის საქმეს გაჰყოლოდა და ვაჭრობა გაეგრძელებინა, მაგრამ მალე გაკოტრდა, რადგან მთელი ქონება ძვირფას ხელნაწერებსა და წიგნების ყიდვაში დახარჯა. უამრავი ვალი დაუგროვდა, რის გამოც, ხშირად უწევდა მომჩივნების გამო სასამართლოში სიარული.

1851 წელს ანტონოვი, ერთ-ერთი საჩივრის გამო, თბილისში ჩავიდა. დედაქალაქში ამ დროს უკვე წარმატებით იმართებოდა გიორგი ერისთავის თეატრის წარმოდგენები, რომელშიც მთავარ როლებს ანტონოვის გორელი მეგობრები ასრულებდნენ. ანტონოვს მოეწონა თეატრში სიარული და გადაწყვიტა თვითონაც მოესინჯა ბედი მსახიობობაში. გიორგი ერისთავმა ანტონოვი რამდენიმე როლში გამოსცადა, თუმცა დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა. ერთ ხანს ორჭოფობდა, აეყვანა თუ არა დასში, მაგრამ როცა ანტონოვმა მას თავისი პირველი დრამატული ნაწარმოები - კომედია “მე მინდა კნეინა გავხდე“ წარუდგინა გიორგი ერისთავმა ის თეატრში დრამატურგად დატოვა და მისი პირველი ნაწარმოებიც სპექტაკლად აქცია.

ამ პერიოდიდან დაიწყო ზურაბ ანტონოვის თეატრში მოღვაწეობა, როგორც დრამატურგის. თუმცა მცირე როლებსაც ასრულებდა სხვადასხვა სპექტაქლებში. ასევე საკუთარი პიესების რეჟისორიც იყო.

სამწუხაროდ, ზურაბ ანტონოვის მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. თეატრიდან ერისთავის წასვლის შემდეგ, მისი საქმის გამგრძელებლად ზურაბ ანტონოვს მოიაზრებდნენ, დასმა მას სრული ნდობა გამოუცხადა და დანიშნა კიდეც თეატრის ხელმძღვანელად, მაგრამ ცოტა ხანში, 1854 წელს ზურაბ ანტონოვი გაურკვევლი სენისგან გარდაიცვალა.

ანტონოვმა სამ წელში 15 პიესა დაწერა, თუმცა მათთგან მხოლოდ 7 შემორჩა.


• “განა ბიძიამ ცოლი შეირთო“ ;
• “მე მინდა კნეინა გავხდე“ ;
• “ქმარი ხუთი ცოლისა“ ;
• “ქორწილი ხევსურთა“;
• “ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“;
• “მზის დაბნელება საქართველოში“ ;
• “ქოროღლი“.

 

Read 212 times Last modified on შაბათი, 26 იანვარი 2019 10:49

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი