ლექსები, რომლებიც ცნობილმა მწერლებმა გორის ციხეს მიუძღვნეს

Rate this item
(0 votes)

გორის ციხეზე არაერთი ლეგენდა არსებობს. მათზე დაყრდნობით, ცნობილი მწერლები ამ ისტორიულ ძეგლებს ლექსებსაც უძღვნიდნენ.

არსებობს ხალხური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც გორის ციხე თამარის მეფობის პერიოდში ააგეს:

"უძველეს დროში, გორის მიდამოები დაფარული იყო ტბებით, რომლის გულშიც მოჩანდა გორაკი. ეს ტბა შედგებოდა მდინარე ლიახვის, მტკვრის და მეჯუდას წყლებისგან. ტბების აქეთ-იქითა სანაპიროზე ახლადაყრილი ტყე იყო, სადაც ბინადრობდნენ ირმები, გარეული ღორები, სმხვილი და წვრილი ნადირი. ერთხელ თამარ მეფე აქ მოვიდა სანადიროდ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ თამარმა მოიწყინა, რადგან მისი საყვარელი მიმინო აღარ დაბრუნდა. თამარმა შეამჩინა რა გორაკის წვერზე მჯდომი მიმინო, მოიხმო ყველა და თქვა - მივცემ ყველაფერს, ვინც ჩემს მიმინოს დამიბრუნებსო.

ტბა ღელავდა, მძვინვარებდა ქარიშხალი, მიდამოს აზანზარებდა ქუხილი. ყველა დუმდა. უეცრად ჯგუფს გამოეყო ლამაზი ჭაბუკი, შევარდა წყალში, ტბა გადაცურა, შეიპყრო მიმინო და გამობრუნდა. ვაჟკაცურად მოაპობდა ტალღებს. ყველა აღტაცებით უყურებდა ჭაბუკს, რომელიც ნაპირს უახლოვდებოდა. უეცრად, თამარს სახე მოეღუშა. ფიქრმა გაუელვა, რომ ახალგაზრტდას შეეძლო მისი ხელი ეთხოვა შეშფოთებულმა თამარმა ინატრა: ღმერთო, თუ ამ ახალგაზრდას არაკეთილი აქვს გულში, დაიღუპოს ამ ტბის ჯურღმულში. როგორც კი დაამთავრა ნატვრა, ჭაბუკი ჩაინთქა ტბის ტალღებში. ამ სასწაულებრივი ამბის აღსანიშნავად, წყალი დედოფალმა გადაუშვა ახალ კალაპოტში და ამ ბორცვზე ააგო ციხე-კოშკი."

ეს ლეგენდა რუსმა პოეტმა ვასილ ველიჩკომ პოემის სახით დაწერა. აკაკი წერეთელმა კი პოემა "გორის ციხე" გადმოთარგმა, შეალამაზა და გამოსცა ქუთაისში.

მოგზაურო, ვერა ჰხედავ

გორის ციხის მაღალ სერზე

ჭირ -ნახულს და გამარჯვებულს

სუყოველთვის ქართლის მტერზე?

მიუვალს და მიუწვდომელს

​ტინი კლდე აქვს საფეხურად

ძველის მგონი დღესაც კიდევ

გადმოჰყურებს ამაყურად!

საუკუნით საუკუნოდ

ვერას აკლებს დროთა დენა!...

ღვთის კურთხევამ და თამარის

ბრძანებამა ააშენა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ხალხში დღემდე შემორჩენილია გამოთქმა ამა თუ იმ საქმის დამთავრების შემდეგ: ეგ არის და გორის ციხე. ხალხში შემორჩენილი ეს გამოთქმა მომდინარეობს ციხის მრავალგზის შემუსვრასა და აღდგენა განახლების ამბებიდან. ასეთი დიდი მოცულობის ციხის მშენებლობა არც ისე ადვილი იყო. იგი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდდა და ამიტომ იყო, რომ მშენებლები აღტაცებით იტყოდნენ: ეგ არის და გორის ციხე.

galaqtion tabidze da goris cixe

გალაკტიონ ტაბიძემ სწორედ ამ მოტივით უძღვნა გორის ციხეს 1949 წელს ლექსი:

ყოველ ახალ გამარჯვების

შემდგომ, წესად შემოვიღე -

აღტაცებით შემოვძახო:

ეგ არის და გორის ციხე!

ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები

ინგრეოდნენ - როგორც რიყე,

დღეს რომ სახლი აგვიგია-

ეს არის და გორის ციხე!

ამბობდნენ: თუ რის სინათლე,

ყურთა სმენა ნუ წაიღე

​მაგრამ აქ რომ სინათლეა-

ეგ არის და გორის ციხე!

ომში ვიყავ, მტერს ბერლინი

მივუგრიხე, მოვუგრიხე,

9 მაისით შემოვძახე,

ეგ არის და გორის ციხე!

ომს აქეთაც დიდი შრომის

დღე დღეებზე ვათარირე

გადახედეთ ქართლის ბაღებს

ეგ არის და გორის ციხე.

giorgi quchishvili da goris cixe

პოეტმა გიორგი ქუჩიშვილმა ლამაზი პოეტური ფერებით შეამკო გორის ციხე:

შენ კი ციხევ,

გორის ციხევ

დაგიკოცნი

ქვიტკირ კედლებს,

სადაც ძვლები

ჩაუყრიათ

შენთვის გამწყდარ

რაინდ მხედრებს

ციხევ!

თუმცა ჟამთა ქროლვა

გაზიანებს,

გარყევს,

​გხეთქავს,

მაინც ცოცხალ

ძეგლად დგეხარ,

მაინც გვესმის

შენი ფეთქვა!

 

giorgi leonidze da goris cixe

გორის ციხეს ლექსი გიორგი ლეონიძემაც მიუძღვნა:

ისევ ისე დგას ციხე გმირული,

თუმცა ყავი აქვს გათავსებული,

ქართლის ძვალ-სისხლით ამოკირული,

კლდეზე გალავნებ-გადავლებული.

 

Read 1623 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი