ომი, რომელიც ყველას გვაქვს საკუთარ თავთან - მარიამ შაქარაშვილის შემოქმედება

Rate this item
(0 votes)

მარიამ შაქარაშვილი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ასაკიდან ხატავს, რა ასაკიდანაც ადამიანი სამყაროს შეცნობას იწყებს.

 

25 წლის ხელოვანი რადიო „მოზაიკას“ იმ გზაზე ესაუბრა, რომელსაც ხატვის პარალელურად, გადის.

„ბავშვობა - ეს ყველაზე გულწრფელი და სათუთი პერიოდია. ჩემს მეხსიერებაში არ არის შემონახული კონკრეტული პირველი ნახატი. მახსენდება მხოლოდ ჭრელი კედლები და ის გულწრფელი ხაზები, რომელიც პროფესიონალი მხატვრისთვის შესაშურიც კია. მახსოვს, როგორ დამაკავებინა მამამ ფანქარი ხელში და როგორ მიღვივებდა ხატვის სურვილს. მან სრული თავისუფლება მომცა, დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ განვითარებაზე და ასევე მხატვრად ჩამოყალიბებაზე.“

მარიამი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის შეცნობა და მის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ადამიანს ნებისმიერ საქმეში ეხმარება.

„საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ვაკვირდებოდი მას და მუდმივად ვცდილობდი, შემეცვალა ჩემში ის თვისებები, რომლებიც ჩემი აზრით, არასწორი იყო. ხელოვანისთვის მთავარია, ეძიოს საკუთარი მთავარი - ეს კი ძალიან ინდივიდუალურია. მე არ შემიძლია, გითხრათ, რა არის მთავარი, მე შემიძლია, ვთქვა, ჩემთვის რა არის მთავარი... ეს ალბათ, ბედის ძიებაა, შინაგანი ხვეულების შეცნობა, რადგან არ შემიძლია, გითხრათ, როგორი ვარ მე, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, როგორი არ ვარ მე. მაინც ვთვლი, რომ ადამიანის, ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლია, რაც სწორად ჩამოყალიბებისა და სიტუაციების კონტროლის საშუალებას მაძლევს“.

mariam shaqarashvili ana jioshvili nawyveti dgiuridan 1

ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მარიამი ყველაფერს წინასწარ გეგმავს, ზომავ და წონის, თუმცა როგორც თავად ამბობს, ფათერაკებს თავიდან მაინც ვერ იცილებს.

„ფათერაკებში გახვევის ნიჭი მაინც აღმომაჩნდა და ამის გამო, საკმაოდ რთულ გზას გავდივარ. პირველ რიგში, სირთულეებს ჩემი პიროვნება მიქმნის, რადგან ის მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის ჩემს მეორე „მესთან“. ხშირია ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოულოდნელობები, რაც პირდაპირ კავშირშია ჩემს შემოქმედებასთან და დიდ გავლენას ახდებს ნამუშევრებზე, მეცვლება სერიები განწყობისა და სირთულეების მიხედვით, თუმცა დაბრკოლებები ადამიანის გაძლიერების გარანტია.“.

მარიამს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებში. განსაკუთრებით სასიხარულოდ კი პროექტი „ფერადი კაბრიოლეტი“ მიაჩნია, როელიც საკუთარ პედაგოგებთან და ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა.

mariam shaqarashvili ana jioshvili nawyveti dgiuridan 3

 

„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც ჩემს პედაგოგებთან და ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ჩამოყალიბებული არტ ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტი“ აქტიურად განაგრძობს საზოგადოებისთვის ბევრი ახალი ემოციისა და ხედვის გაზიარებას. ყოველი აქტივობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფის სახელით გამართული გამოფენები საზღვარგარეთ, ევროპისა თუ აზიის არაერთ ქვეყანაში. ჯგუფის მთავარი იდეა კი ინდივიდების თანაარსებობაა - ეს განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის.“.

ახალგაზრდა ხელოვანი ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემოქმედმა, ვისაც სურს, წარმატებული იყოს, გულწრფელობა უნდა ისწავლოს.

„ხელოვანს, რომელსაც სურს, იყოს წარმატებული, უნდა გაიგოს, რა სურს სინამდვილეში, მიზეზების ძიება დაიწყოს საკუთარი თავიდან და არასოდეს გადააბრალოს თავისი დანაშაული სხვას, ნებისმიერ საკითხს მოეკიდოს სრული პასუხისმგებლობით, პატივი სცეს გარშემომყოფებს, არ დაკარგოს თავმოყვარეობა და იყოს მუდამ გულწრფელი, რადგან სამყაროში არაფერი იკარგება და გაცემული ენერგია ყოველთვის გვიბრუნდება უკან.“

mariam shaqarashvili ana jioshvili nawyveti dgiuridan 2

„ეს ტყვია ჩემია“ - ტილო, თაბაშირი, ზეთი 140/100 - 2018 წელი.

"ყოველთვის, როცა ჩემს ქალაქში ნატყვიარებით სავსე კედელს შევხედავ,
თითოეულ ტყვიას ჩემს სულში ვგრძნობ. ამას თან ერთვის თითოეული დღის
ემოციური ომი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყვიები მხვდება, მე მაინც ვიღიმი
და ბავშვური სილაღით ვუყურებ ყოველივე იმას, რაც ჩემ გარშემო ხდება".

Read 906 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი