რატომ დაარქვეს ჩვენს ქალაქს "გორი"

იანვარი 28 2019

გორისა და მისი ციხის ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, - ამას ქალაქის სახელის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსიაც მოწმობს. 

გორაკი, რომელზეც ციხეა დაშენებული, ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მეშვიდე საუკუნეში იხსენიება. მის შესახებ პირვანდელ ცნობებს "ქართლის ცხოვრება" გვაწვდის, თუმცა იგი არ არის დათარიღებული. ისტორიკოსთა აზრით, ეს ცნობა დაკავშირებულია ბიზანტიის კეისრის, ჰერაკლეს სპარსეთზე გალაშქრებასთან. ბიზანტიის კეისარს მეშვიდე საუკუნის ოციან-წლებში სპარსეთზე გაუმარჯვია, ურიცხვი ნადავლით საქართველოზე გამოუვლია და ლაშქრით შეჩერებულა იმ გორაკთან, სადაც დღეს ციხეა აგებული. ადგილი მოსწონებია და რადგან ჯორ-აქლემებს ტვირთი ვეღარ უზიდავთ, ოქროსა და ვერცხლის ნაწილი ჩაუფლავს გორის ბორცვში. ამ ადგილისთვის "ტონთიო" უწოდებია, რაც ნიშნავს "ოქროს მთას".

მემატიანე ჯუანშერი მოგვითხრობს:

"... დახსნა გორს, რომელი მანვე ერეკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთვის, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით "მთა ოქროსა". და დასვა მას ზედა ტილისმი".

ქალაქის სახელწოდება "გორი", როგორც ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს, მერმინდელია და წარმოშობილია კლდოვანი ბორცვის თანასახელიდან "გორა", "გორაკი".

ვახუშტი წერს:

"... ამან სახელი მოიგო გორისგან, რომელი აღმოსულ არს მუნ დიდი, ლიახვის მდინარის კიდესა ზედა".

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი