საქართველოდან დაუგეგმავი წასვლა, როგორც ახალი ცხოვრების წინაპირობა

ადამიანური ისტორიები Written by  სამშაბათი, 13 თებერვალი 2018 08:33 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლალი გიგაური

მე ლალი ვარ და ემიგრანტი... ვერ ვიტან ამ სიტყვას. მთრგუნავს მაგრამ რას ვიზამთ?! 24 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად მოულოდნელად ყველაფრის დატოვება და საქართველოდან წამოსვლა გადავწყვიტე. გეგმები არ მქონდა. მინდოდა, ცოტა ხნით ყველაფრისგან და ყველასgან დამესვენა. აი ასე, ავდექი და წამოვედი. ბოლო საათებში ჩალაგებული ბარგით. თბილისში, სტამბულში და ფრანკფურტშე ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: რას აკეთებ?

ტრაპიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე მივხვდი, რომ სხვა ქვეყანაში - არა, სხვა გალაქტიკაში მოვხვდი. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ყველა სადღაც გარბოდა, ყველა მიღიმოდა (ეს ყველაზე თვალშისაცემია საქართველოდან ჩამოსულისთვის). უცებ აღმოვჩნდი ევროპის ფინანსურ ცენტრში - ბანკები, ბიუროები, N რაოდენობის კომპანიები და ხალხი, სხვა ხალხი  - წარმოუდგენელი მანამდე, მაგრამ ეს ყველაფერი უცებ შემიყვარდა და განშორება ძალიან გამიჭირდა, თუმცა მომიწია.

არავინ თქვას, რომ ამ სტრესისთვის, რაც შეიძლება წინ დაგხვდეს, მზად შეიძლება იყო. სახე დამინაოჭდა, თმა გამითეთრდა, ნერვები დამაწყდა, მაგრამ ყველა სიძნელეს და განსაცდელს ვუყურებდი, როგორც ჩემთვის რაიმეს მასწავლებელს და გამაძლიერებელს და ასეც მოხდა.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, არც თუ იშვიათად როგორი აგრესიაა ქართველების მიმართ, თუმცა მადლობა ღმერთს, ისეთები ვინც ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩენას ვცდილობთ, უფრო მეტნი ვართ. დღეს ძლიერი, არც მთლად მაგრამ 90% ით დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ვისწავლე ჩემი უფლებების დაცვა; ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა; ვისწავლე, როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე, როცა შინაგანად ვინგრევი; ვისწავლე, როგორ ვიყო დედამიწაზე ყველა და ყველაფერი ნაცნობის გარეშე და ახლა მგონია, ჩემზე ძლიერი ადამიანი არ არსებობს.

შრომამ და მონდოდმებამ შედეგი გამოიღო. ბევრი და საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ამას ვამბობ და თვითონ ძლივს მჯერა. ვენა მერვედ გახდა ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქი საცხოვრებლად და მე ამ კულტურის ბუდეში ჩემს საოცნებო ხელოვნების ისტორიას ვისწავლი ( აი ისევ არ მჯერა).

ხანდახან სარკის წინ ვჯდები და ჩემთავს გავლილ გზას ვუყვები, წარმოვიდგენ, როგორ გავაკეთებ ამას ოდესმე რომელიმე დიდი ტელევიზიის ეთერით, როცა „დიდი ქალი" გავხდები და ჩემი ქვეყანა იამაყებს ჩემით.

მენატრება საქართველო, განსაკუთრებით სახლი, მეგობრები, ჩემი ბაღი, იასამნების და პიტნის სუნი, მიწის სუნი... მაგრამ ეს ყველაფერი არ მთრგუნავს. პირიქით, სტიმულს მაძლევს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ლომის წილი ჩემს დღევანდელ მდგომარეობაში ჩემს საყვარელ ადამიანს მიუძღვის, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩემთანაა, ჩემმს გასაჭირს ჩემზე მეტად განიცდის და სიხარული ჩემზე მეტად აბედნიერებს. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ის რაღაც ძალა, რომელიც წამოსვლისკენ მიბიძგებდა, იქ სადღაც ზემოთ მიღებული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ ერთმანეთი უნდა გვეპოვა.

ძალიან მინდა, რომ ყველას ქონდეს შესაძლებლობა, თუნდაც ცოტა ხნით იცხოვროს ევროპაში; გავითავისოთ, რა არის თავისუფლება, არა ყველაფრის უფლებად აღქმული, რა თქმა უნდა; როგორია, როცა ყოველთვის ყველგან თავაზიანად გეპყრობიან, როცა არასდროს გიყურებენ ზემოდან და "გეთაყვას" გარეშე წინადადებას არ ამთავრებენ. ძალიან მინდა, რომ საქართველო მალე, ყოველ შემთხვდვაში, ჩემ სიცოცხლეში მაინც გახდეს ასეთი სასურველი და ასეთი მიმზიდველი და მასწავლებელი კულტურის და დამოკიდებულებების არა მარტო ევროპის არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

Liebe Grüße aus Wien

Read 2475 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი