ქალი, რომელმაც გორელ გოგონებს კალათბურთი შეაყვარა - ვერა შავშიშვილის ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  პარასკევი, 01 თებერვალი 2019 14:31 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

„უკვე 50 წელია, კალათბურთით ვცხოვრობ“, - ამბობს ვერა შავშიშვილი.

ვერა შავშიშვილი გორში ქალთა კალათბურთის გუნდს წვრთნის. როგორც ტავად ამბობს, კალათბურთით სკოლის ასაკიდან არის გატაცებული. მეცხრე კლასელი უკვე ქალაქის ნაკრებში თამაშობდა.

„სკოლებში სხვადასხვა წრე იყო. მათ შორის - კალათბურთისაც. ვცდილობდი ყველა წრეში აქტიურად ყოფილიყავი ჩართული, მაგრამ ეს სპორტი განსაკუთრებით მომწონდა, უნდა გაგეთვალა , მოგეტყუებინა მოწინააღმდეგე და კალათში ბურთი ჩაგეგდო, ეს ყველაფერი მე ძალიან საინტერესოდ მეჩვნებოდა. ჩემს ბავშვობაში სკოლების პირველობა ტარდებოდა ხოლმე, მე კალათბურთში კარგი შედეგი ვაჩვენე და უკვე მე - 9 კლასში, ამიყვანეს ქალაქის ნაკრებში“, - გვიყვება ვერა.

სტუდენტობისას ის უკვე საქართველოს ნაკრების სრულფასოვანი წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობაზე შეჯიბრებისას, არაერთხელ მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

„როდესაც მოვეწყე პედაგოგიურში, ამიყვანეს საქართველოს ნაკრებში. იქ ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის პირველობებზე ,შემოვლილი მაქვს ევროპა, ყოველთვის კარგ შედეგს ვდებდი ხოლმე, არ მინდა „ტრაბახში“ ჩამეთვალოს, მაგრამ საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს ყოველთვის მე ვიღებდი. გუნდში გამთამაშებელი ვიყავი“,  -  იხსენებს ვერა.

ერთ - ერთი შეხვედრისას, მან ტრავმა მიიღო. მკურნალობას სამი თვე დასჭირდა.

„ამ პერიოდებში მივიღე ტრამვა, მუხლი ამომიგდეს, სამი თვე ვმკურნალობდი. პარალელურად ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძირითადად თბილისში მიწევდა ყოფნა. შემდეგ მთხოვეს, გუნდს უჭირს, გაჩერებულია ერთ კატეგორიაზე და შენი დაბრუნებაა საჭიროო. მეც დავბრუნდი. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და უარს ვერ ვიტყოდი. ამის შემდგომ ისევ აქტიურად გავაგრძელე თამაში."

კალათბურთს 1975 წლამდე თამაშობდა. მიღებულმა მეორე ტრავმამ თამაშის საშუალება არ მისცა.

„აქტიურად კალათბურთი ვითამაშე 1975 წლამდე, ვიდრე მეორე ტრამვა არ მივიღე, ხელბურთის თამაშის დროს. მე ვიყავი 18 წლის როდესაც ნაკრებში ამიყვანეს, გორიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ ქალთა ნაკრებში ვინმეს ეთამაშა“.

ამბობს, რომ მოსკოვის ქალთა კალათბურთის გუნდში გადასხვლა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.

„შეჯიბრი გვქონდა მოსკოვში, უმაღლეს სასწავლებლებს შორის,ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა, აქ შემამჩნიეს და მთხვეს დარჩენა, კანდიდატი ვიყავი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების, მაგრამ გადამაფიქრებინეს, რა გინდა მოსკოვში ქართველი ხარ და საქართველოში უნდა იყოვო, მეც დავთანხმდი და არ ვნანობ."

vera vera da misi kalatburtelebi

50 წელია, რაც კალათბურის მწვრთნელია. ამბობს, რომ ვაჟთა კალათბურთის გუნდს არასდროს გაწვრთნის.

„1976 წელს ჩამაბარეს ქალაქის ნაკრები. მალევე საქართველოს ნაკრებში შევიდა ჩემი ორი მოსწავლე. ბიჭების გუნდი არასოდეს მყოლია, არც მინდოდა. ვფიქრობ , რომ გოგონებს სხვანაირად უნდა მოექცე, ბიჭებს სხვანაირად და მერჩივნა გოგონებთან მქონოდა მხოლოდ საქმე. ახლაც კი მეუბნევიან, რომ შევქმნა ვაჟთა გუნდი, მაგრამ სულ ტყუილად“.

ვერა თვლის, რომ მკაცრი მწვრთნელი არაა. გუნდელებისგან ის მხოლოდ შრომას მოითხოვს.

„მკაცრი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ არც უადგილო საუბარი მიყვარს. საქმეზე, ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული, ვცდილობ ყველა ბავშვის ფსიქოლოგია გავიგო, შევისწავლო და ყველას სხვადასხვანაირად მივუდგე. არც ყვირილი მიყვარს - ამით საკუთარ თავს მივაყენებ შეურცხყოფას. ბავშვებს უნდა მისცე სტიმული და მოტივაცია შეაქო ზომიერად. კარგი ბავშვები არიან, სოფლებიდან დადიან, მართალია უჭირთ, მაგრამ წვალების გარეშე არაფერი გამოდის“.

გორის კალათბურთა გუნდში დღეს 30 მოსწავლე ირიცხება. აქედან 5 ნაკრების წევრია.

„დღეს 30 ბავშვი მყავს ჯგუფში. კარგი ბავშვები არიან, რამდენიმე უკვე ნაკრების წევრია და 5-6 ბავშვის ნაკრებში შესვლის პასუხს ველოდები. უკმაყოფილო არ ვარ , ჩემი ბავშვები მუდმივად არიან ნაკრების წევრები და სულ ასე იქნება. ვიდრე მე ვარ, გორში ქალთა გუნდი კალათბურთს აუცილებლად უნდა ჰყავდეს“,  - ამბობს ვერა შავშიშვილი.

Read 1957 times Last modified on პარასკევი, 01 თებერვალი 2019 15:43

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი