პაპა იასონა

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 08:54 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ბოლაშვილი

ივლისის მზე იწვერება დიცის თავზე. ჯერ კარგადაც არ გათენებულა, მარა უკვე ეტყობა, რა ხვატიცაა მოსალოდნელი. მთელი ღამე თეთრად გაათენა. ლოგინში ციბრუტივით იტრიალა, გადაბრუნდა და გადმობრუნდა, ან რა დააძინებდა? მოურწყავ, სიცხისგან გადამხმარ მიწაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა, ვეფხვივით ბორგავდა და რკინასავით გაუტეხელს დროდადრო ცრემლიც მოადგებოდა თვალზე, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. ცრემლს ვის დაანახვებდა?

გათენებამდეც ვერ მოიცადა. გომურიდან ეზოში გამოვიდა და ცას ახედა. წვიმასაც რომ არ აპირებდა ეს დალოცვილი? თითქოს ზეცაც მოვალესავით გაბუტვოდა.
გულის მარცხენა ჯიბიდან ხუცურით შესრულებული (მხედრულის სასწავლებლად თავი აღარ შეუწუხებია _ "გლეხს ესეც ეყოფაო" _ ოდნავი ირონიით იტყოდა ხოლმე და უკვე ღრმად მოხუცებულს პენსიას რომ მოუტანდა ფოსტალიონი, ხელს ან ჩვენ, შვილიშვილებს მოგვაწერინებდა, თუ არადა ლამაზად გამოყვანილ ჯვარს დასვამდა ხოლმე) ლოცვანი ამოაძვრინა, შიშშეპარულმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ალიონს დილის ლოცვები შეაგება. მერე, იქვე რამდენიმე მეტრის დაშორებით მდგარ ორსართულიან, აივნიან სახლსა და ბოსელს დანანებით გახედა. ერთ პატარა გომურში შეყრილი მძინარე ცოლ_შვილი, ძმები და ძმისშვილები გაახსენდა, პირჯვარი გადაიწერა და თავი ჩაკიდა. ერთხანს იდგა ასე გარინდებული, მერე ხელი ჩაიქნია და თავისთვის ჩაილაპარაკა: რაც არი, ეგ არი, საცა ვიწრო იყოს იქ გაწყდეს. თავი ძველებური სიამაყით ასწია, მხარზე ბარი გაიდო, მეორე ხელი თოხს წამოავლო, სოფლის შარაზე გავიდა და დიდ ბოლაანთ მამულებისაკენ მიმავალ ოღრო-ჩოღროს ლამის სირბილით გაუყვა..

- იასონ, კაცო, იასონ, არ გეყურება რო გიძახი? სად გარბიხარ? მოიცა, სიტყვა მათქმევინე, ჩვენ მაინც შეგვიცოდე, - მარიამ დიდედას ხმა წამოეწია. ერთ წამს მოხედა და ისე, რომ არც კი შეჩერებულა, ძაღლივით შეუღრინა: დამაცა, ქალო! - და გზა კიდევ უფრო სწრაფად განაგრძო. მოურწყავობისგან ხმებოდა და კვდებოდა წინაპარათაგან წლობით ნალოლიავებ - ნაფერები, თუმცა ახლა უკვე უსამართლოდ წართმეული მიწა - სული და გული გლეხი კაცისა, აბა რა ცოლ-შვილის დარდი ჰქონდა? ცოლიც ის იყო, შვილიცა და შვილიშვილიც...

პირხმელი კაცია პაპა იასონი, სიტყვაძუნწი და ერთი შეხედვით უკმეხი და ავყიაც, მისგან ტკბილი სიტყვა და მოფერება ვინ გაიგო? თუმცა ღირსებისა და სიამაყის გრძნობას სათუთად დაატარებს და თვალის ჩინზე კიდევ უფრო მეტად უფრთხილდება. ჭკუის საკითხავად მეზობელი სოფლებიდანაც კი მოდიან, ამილახვრის კარზეც ფრიად დაახლოებული და პატივნაცემი თავის სამ ძმასთან ერთად. აი, სულ რაღაც სამიოდე თვის წინათ არ იყო, რო დაუძახა და აზნაურობის სიგელსაც დაპირდა. დაპირდა, მარა რა? ერთი კვირის მერე ამოვიდნენ გორიდან ის "ურჯულოები", სოფლის ბირჟაზე ვიღაცას კითხეს "დიდ ბოლაანი სადა სახლობენო?" გაიყვანეს ასე ყანიდან მოსული ნაჯაფარი, ისე რო, არაფერი კითხეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ურემზე დააგდეს, სიტყვაც არ ათქმევინეს და გორის გზას გაუყენეს.

მთელი გზა გულზე მჯიღის ცემასა, სტალინისა და ფილიპე მახარაძის გინებაში გაატარა. ბადრაგის ხიშტსაც არ მორიდებია. მიყავთ ასე ურემზე დაკრული პაპა იასონი, მთავრობის გინებას რო მორჩება, გზადაგზა პირჯვარს იწერს და გულში - უფალო შემიწყალეო, - ვინ იცის მერამდენედ ბუტბუტებს.გორის ციხეში ერთ ბნელ საკანში ჩააგდეს "ხალხის მტერი კულაკი", საკუთარი ხელით ხისგან გამოთლილი ჯვარიც კისრიდან ჩამოაგლიჯეს და გისოსებიანი სარკმლიდან გარეთ გადაუგდეს. მეორე დღეს ძმებიც გვერდით მიუსვეს. ასე ახეხინეს ოთხი თვე ციხეში. სინათლეს მხოლოდ დღისით აძლევენ, ღამით კი ურთავენ, იქნებ დაბრმავდნენ ძმები, ხმელ პურის ნაჭერს მხოლოდ დღეში ერთხელ აძლევენ, იქნებ ისე დაუძლურდნენ, რო ერთი გოჯი მიწის მოვლაც კი ვეღარ შეძლონ. მაინც არ გატყდა. დღისით როცა სინათლეს რთავენ, თვალებს ხუჭავს, პირჯვარს იწერს და დაუღალავად ლოცულობს. ღამე კი ახელს და ისევ ლოცულობს, დროდადრო ხმამაღლა, უშვერი სიტყვებით ილანძღება და ბოლშევიკებს აგინებს, ურჯულოებსა და უღმერთოებს უწოდებს.


ოთხი თვის მერე განჩინებაში წერია: აღწერილ და ჩამორთმეულ იქნას სოფელ დიცში მცხოვრები მდიდარი გლეხების, ძმები ბოლაშვილების მოძრავი და უძრავი ქონება. აეკრძალოთ მათ მიწის დამუშავება და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი სამუშაოები, შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოთხივე ძმას მიესჯება სამუდამო პატიმრობა ან გადასახლება!

როგორი განაჩენია? გაძლებს ულუკმაპურობას, სიცივესა და დუხჭირ ცხოვრებას გაუძლებს პაპა, მარა მიწასა და ლოცვას ვერ შეელევა. ვერა და არა, უწინ სიკვდილი ურჩევნია ასეთ ყოფასა.

... ამიტომაც ოხრავდა და ბორგავდა მთელი ღამე, მარა მიწის სიყვარულს ვერ უღალატა. მიწა ხო გულია გლეხისა, მზესავით გავარვარებული გული და სული და უფალი მის ღალატს ვერავის აპატიებს. ასეთი ფიქრი უტრიალებს ხნულში მიმავალს რაც არი, ეგ არი, - ჯიუტად იმეორებს და ღრმად სწამს, რო "შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, კეთილ და დიდად მოწყალე"... თოხით "დიცურას" წყალს მიწვდა და და ყანისაკენ გადმოუგდო. ოღონ ნუ გახმება, ოღონდ შრიალს ნუ მოიშლიან ბოლაანთ მიწაზე თავთავები და ერთი ღერი ტაროც არ უნდა აქ მოყვანილი, არაფერიც არ უნდა, არც ცოლ-შვილისთვინ უნდა არფერი, ოღონდ, ოღონდ მოავლევინე, გულსა და სულს მოავლევინე, ესეც ეყოფა პურად...

მოლიკლიკებს "დიცურას" წყალი ხნულში. დიდი ბოლას დარგული. ასწლოვანი კაკლის ძირში მიგდებულა პაპა იასონა, საიდანღაციდან ხის ტოტი ჩამოუტეხავს და ჯვარს საგულდაგულოდ თლის. იქნება და უკანაგზობისას ბავშვობიდან შეზრდილ სამსონა მღვდელს მალულად, ისე, რო "ურჯულოებმა" არ გაიგონ, ისევ აკურთხებინოს და კისერზე ჩამოიკიდოს. იქნება და მერე ღამით ძმებსაც მოელაპარაკოს, ერთმანეთს შეუძახონ და იქნება და ხვალაც ასე, საიდუმლოდ, ისევ გამთენიისას გამოვიდნენ და წყალს მიწებისაკენ გადაუგდონ.

მოლიკლიკებს "დიცურას" წყალი ხნულში. ივსება და იბერება მიწა, წყლიან მიწას ხელით იღებს, მთელ სახეზე ისვამს, ჩაიჩოქებს, "გადი-გამოდი გუთანოს" ღიღინს იწყებს და თან გულიანად ხარხარებს უკმეხი და ავყია პაპა იასონა. აბა, მისგან ტკბილი სიტყვა და მოფერბა ვინ გაიგო, ანდა ვის ახსოვს?

 

 

Read 1278 times Last modified on ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 09:24

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი