Print this page

როგორ ახსოვთ გიორგი მახარობლიძე გორში - ახლობლები პოეტის შესახებ

თებერვალი 17 2019

„შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდმარხვას“, „ბროწეულები შენს თვალებში მომწყვდეულები“, „ყრია უჯრებში სტრიქონები გაურანდავი“, „ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია და არაფრისგან სიყვარული გამოიგონა“... - ეს სტიქონები თითქმის ყველა გორელმა იცის და გულში ემღერება.

პოეტის უამრავი ლექსი საყვარელ სტრიქონებად ქცეულა. ტყუილად არ უწოდა ბათუმელმა პოეტმა, გენრი დოლიძემ გიორგი მახარობლიძეს „ქუჩის არისტოკრატი“.

2 წელია, რაც 18 თებერვალს, გიორგი მახარობლიძის იუბილეს, ოჯახი და ახლობლები მის გარეშე აღნიშნავენ.

გიორგი 1960 წელს დაიბადა და რამდენიმე ათეული წელი გაატარა საყვარელ ქალაქში, სადაც მისთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო. ყოველთვის მოკრძალებული ჩაივლიდა ქუჩას, თითქოს დიდმარხავასავით ინახავდა დარდებსა და ფიქრებს. უყვარდა ჩრდილში ყოფნა და ბედნიერი იყო მეგობრებთან ყოფნით.

აღსანიშნავია, რომ გიორგის არაერთი ლექსი აამღერა მიხეილ კოშკაძემ, თითქოს ერთმანეთისთვის წერდნენო. გიორგის ლექსი და კოშკაძის მუსიკა თითქმის განუყოფელია გორელებისთვის.

18 თებერვალს, გიორგის დაბადების დღეზე, გორის უნივერსიტეტში გაიხსნება მისი სახელობის ლიტერატურული კაფე, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ პოეტის ცხოვრებას მისივე ლექსებით.

ელენე ნასყიდაშვილი, გიორგის მეუღლე:

განა დრო დააკლებს ამ ტკივილს რამეს? ისეთი ტრაგედია დაგვემართა, ცხოვრებას რომ ცვლის, როცა ხვდები, რომ ცხოვრება ვერასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. გიორგი ყველანაირად გამორჩეული იყო თავისი სიკეთით ცხოვრებაში. ყოველთვის იგრძნობოდა მისი გულწრფელობა და ადამიანობა. საოცარი ადამიანი იყო. მას შეეძლო სხვისი დაფასება, სხვისი სიხარულით სიხარული და ამით არსებობდა. სულ ხუთი ათეული წელი იცხოვრა, მაგრამ უამრავი კეთილი საქმე დატოვა და მიხარია, რომ მის ამ გამორჩეულ სიკეთეზე ლამაზ ლეგენდებს უყვებიან მის შვილებს, საოცრად მართალი და კაშკაშა შტრიხებით უხატავენ მის პორტრეტს მეგობრები. მიჭირს მასზე საუბარი.

პაპუნა კობერიძე, მეგობარი:

საერთოდ, გიორგიზე ყოველთვის მიჭირს საუბარი. ის არ იყო ჩემთვის მხოლოდ ახლო მეგობარი, მასთან სულიერი კავშირი მქონდა და მე ვარ ბედნიერი კაცი. ყველა ჩემს მეგობარს თავისი ადგილი აქვს გულში, მაგრამ გიორგის განსაკუთრებული ადგილი უკავია. პიროვნება იყო საოცარი, განსაკუთრებულად კეთილშობილი, თავმდაბალი. ასეთი ნიჭირი და თავმდაბალი ადამიანი იშვიათად შემხვდრია. არ მახსოვს მისი წუწუნი, მაშინაც კი, რაც საშინელი სენი შეეყარა და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, რასაც განვიცდი გიორგი მიმართ.

ბესიკ ზაქარიაძე (კანფეტა), მეგობარი:

უწესიერესი და მარილიანი კაცი იყო, მეგობრების ერთგული, ლექსიც დამიწერა, სადაც ამბობს: „თვალებზე დანახული სხვისი ცრემლი გატირებს“. ზუსტად ასეთი იყო თვითონ. ძნელია ჩემთვის...

გიორგის ხელით დაწერილი ლექსი, რომელიც გარეკანზე ერთვის 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის მიერ გამოცემულ მის კრებულს:

გიორგი ლექსი ლიკა