ნიჰილიზმი - XXI საუკუნის ეპიდემია

წერილები Written by  ორშაბათი, 04 მარტი 2019 06:51 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დიდი ფიქრის, ინტერესთა სფეროების დიფერენცირების და პრიორიტეტების გადაფასების შემდეგ, მრავლისმომცველ პრობლემაზე დაწერა გადავწყვიტე. პრობლემაზე, რომელიც თავის დროზე პირადადაც მეხებოდა და დღემდე არ გადის ჩემ თავალსაწიერს მიღმა. მინდა ახალგაზრდული პოლიტიკის ჩვენს რეალობაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრო, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით; მის კავშირზე საზოგადოებრივ სტიგმებთან და მთავარ საკვანძო ელემენტებთან.

გამომწვევ მიზეზებს თუ ჩავუღრმავდებით, რთულია პირველწყაროს დადგენა, ჯაჭვური რეაქციებით მიჰყვება ისინი ერთმანეთს, თუმცა საინტერესოა, მაინც რომელი მივიღოთ მხედველობაში?! სულისკვეთებაწამხდარი, ათეული წლების წინანდელი ახალგაზრდობა (დღეს, რომ ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს), მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის მათეული, ჩახშული ვარიანტი თუ ჩვენი, თანამედროვე ახალგაზრდობის მანკიერი მხარეები?

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა (მათ შორის, საქართველოც) წერილობით თანხმდება, რომ ახალგაზრდობა ესაა საზოგადოების უდიდესი პოტენციალის მქონე ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის, სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, თუმცა შავით თეთრზე დაწერილი, მხოლოდ ხელმოწერის და მის გარშემო მელნის შარავანდედის ამარა რჩება.

პირველ რიგში, ის ბიუროკრატიული წინააღმდეგობებია აღსანიშნავი სკოლებში, რომ ხვდებით აბსოლუტურად ცენტრალიზებული განათლების სისტემის სტრუქტურის წყალობით. სკოლებში, სადაც ნებისმიერი ახალგაზრდული ინიციატივა შეიძლება დაიბლოკოს (იქნება ეს კვალიფიციური ტრენერების ჩამოყვანა თუ ეროვნული სტრუქტურის წარმომადგენლების. საერთაშორისო წარმომადგენლებზე, ხომ ზედმეტია საუბარი.) ერთი მხრივ, იმის გამო, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ოფიციალური წერილის მისაღებად გრძელვადიანი პროცედურებია საჭირო, მეორე მხრივ კი, იმ სკეპტიკური დამოკიდებულების, რაც არა აბსოლუტურ, თუმცა ზრდასრულთა უმრავლესობაში მჟღავნდება, ვისაც ჯერ კიდევ ვერც ახალგაზრდული ჩართულობის მნიშვნელობა გაუანალიზებია და ვერც მათი რეალური ჩართულობა გაუმიჯნავს ტოკენობისაგან. ამასთან ერთად დაახლოებით ამგვარ დიალოგსაც შეიძლება წააწყდეთ დირექციასა და მოსწავლეს შორის:

- საყვარელო, რამდენი წლის ხარ, შემახსენე?

- 17

- ჰმ, იცი რა,შვილო EYA-ს ტრენერის ჩამოყვანას, თამილა მასწავლებელმა ჩაატაროს ტრენინგი უკეთესი არ იქნება?! ხომ იცი, როგორ ხშირად იკვეთება ლიტერატურა და გენდერული ნიშნით დიკრიმინაცია, თან ახლა, შენ ვინ მოგცემს ოფიციალურ ნებართვას... (თუმცა ეს ყველაფერი ემოციური ფონის გაფრთხილებანარევი ინტონაციით. რაც მთავარია მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობა ხომ გვაქვს დაცული!)

ესაა მცირე ასპექტი იმ დიდი სკეპტიციზმისა, რაც საზოგადოების მხრიდან მოდის, თუმცა ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის მიმართ ვამჟღავნებთ ამგვარ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას?

არც ისე დიდი რიცხვია 7,5 % , არა? ეს საქსტატი 2016-ის მიხედვით, ჩვენს რეგიონში ახალგაზრდათა პროცენტული წილია. ეს ის 7,5 %-ია 10, 15, 20 წლის შემდეგ 100%-ად, რომ გადაიქცევა და იმ ხედვებს მოგვცემს სახეზე რასაც დღეს ჩავნერგავთ! ეს ის 7,5 %-ია უშრეტი ენერგიის ქვიშის საათის ყოველ ჯერზე, ნებისყოფის ძაფის ხელახლა დატრიალებით, რომ იბრძვის თვითგანვითარებისთვის, გადაფასებული ღირებულებებით, რომ იაზრებს ცვლილებების საჭიროებას და საკუთარ ღირებულებებს მათში, ეს ის 7,5 %-ია არსებული რეალობის მანკიერებები, რომ შეუნიშნავს და ბერკეტად მხოლოდ ენთუზიაზმი მოუღერებია! საშინელი თვისება გვაქვსო ადამიანებს, დიდ ილიას უთქვამს. ვეჩვევითო ყველაფერს... მართალიცაა, მოლოდინის რეჟიმში ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, თუმცა სწორედ ეს 7,5 %- ია ვინც ჯერ არაფერს შეჩვევია!

ხმამაღალი, ახალგაზრდულთან ასოცირებული განცხადებების დროს, ხშირად ყრუდ გამიგონია, გაიზრდები და მიხვდები, აზრი რომ არაქვს არაფერსო. აი, ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულებათა გავლენაა ყოველგვარი ენთუზიაზმის მკვლელი და შეჩვევის სენის გადამდები. მხოლოდ დამოკიდებულება, რომ იყოს კიდევ ეშველებოდა რამე... ნელ-ნელა უკვე გავლენად იქცევა, შემდეგ კი აგრესიად. H1N1-ის კი არა, საზოგადოებრივი აზრის სტიგმატიზების ეპიდემიას აქვს მოცული მთელი საქართველო ასფალტზე გაფენილი მუყაოს „საწოლიდან“ გორგოლაჭებიან სკამებამდე.

Read 1181 times Last modified on ორშაბათი, 04 მარტი 2019 07:57

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი