ცაში ყურება და შუა გზაზე სიარული - სტერეოტიპები და მიზეზები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

ყველას გვსმენია გამოთქმა - „გორელები შუა გზაზე დადიანო“. ამ გამოთქმას ისტორიული საფუძველი აქვს. ამბობენ, რომ ხალხში ეს წინადადადება მას შემდეგ დამკვიდრდა, როცა 1920 წლის 20 თებერვალს გორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინდელ წყაროებში ვკითხულობთ, რომ მიწისძვრა მერკალის სკალის მიხედვით 8-9 ბალს უტოლდებოდა.

"უცებ მოისმა ჯოჯოხეთური გუგუნი და ქალაქი გორი ჯერ საქანელათ გადიქცა, შემდეგ კი როგორც წყლიდან გამოსული ან ჭენების შემდეგ გაოფლიანებული ცხენი ძლიერათ შეიბერტყა, ისე იბერტყებოდა დედამიწის ზურგი ერთი წუთის განმავლობაში. კედლების ჭახაჭუხი, ნგრევა, კორიანტელი მტვრისა, წივილ-კივილი ხალხისა. რა ხდებოდა, აღარაფრის გამოცნობა არ შეიძლებოდა. მთელი გორი გაეხვია სიბნელეში. ჩვენს წინ რამდენიმე ებრაელი და ქრისტიანი დაეცნენ მუხლებზე და ხელებაპყრობილი მაღალი ხმით ღმერთს საშველად მოუწოდებდნენ. ირგვლივ კვნესა, დაჭრილთა ოხვრა. თმაგაშლილი დედა შვილს გიჟივით დაეძებს, გაისმის ისტერიკული სიცილიც. ბევრი გადახვევიან ერთმანეთს, კოცნიან, გადარჩენას ულოცავენ. ცრემლები გაღრჩობს, გინდა ყველას უშველო, მაგრამ უძლური ხარ ბუნების წინაშე", - წერდა მაშინდელი პრესა.

wyali

ამ მიწისძვრის შემდეგ შეშინებული გორის მოსახლეობა, შენობებთან ახლოს გავლას ერიდებოდა და შუა გზაზე დადიოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოთქმა, -  „რა გორელივით დადიხარ შუა გზაზეო“. შუა გზაზე სიარულის ჩვევამ კიდევ დიდ ხანს გასტანა გორელებში და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ სტერეოტოპადაც ჩამოყალიბდა.

სამწუხაროდ გორს მას შემდეგ კიდევ არაერთი განსაცდელის გამოვლა მოუხდა.

ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, როცა რუსეთის საავიაციო ბომბდამშენებმა ქალაქი რამდენჯერმე დაბომბეს. 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ გორში საცხოვრებელი შენობები დაბომბა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. სუხიშვილის ქუჩის მე-4 კორპუსის დაბომბვას 15 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე დღეს რუსეთის ბომბდამშენებმა გორის რაიონის სოფლები - კარბი, მერეთი, ქერე და ვარიანიც - დაბომბეს. ამ დღეს სულ 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გორის უახლეს ისტორიაში 9 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ დღედ შევიდა.

omi

ამ ტრაგიკულმა 5 დღემ, გორელებს თავისი კვალი დაატყო. ომიდან 10 წლის შემდეგ გორის მაცხოვრებლებში კვლავაც რჩება შიშისა და სასოწარკვეთის განცდა. დღესაც კი, თვითმფირნავის ხმაზე ცაში იყურებიან და იმ საშინელი დღეებით გამოწვეულ მტკივნეულ მოგონებებს იხსენებენ.

ერთი შეხედვით სახალისო გამოთქმებს, რომლებზეც ხშირად თავადვე ვხუმრობთ ხოლმე, სინამდვილეში ტრაგიკული წარსული უდევს საფუძვლად. თუმცა გორელებს ტკივილების მოშუშება ძნელად, მაგრამ მაინც შეგვიძლია. ამიტომ ის, რაც ადრე ცრემლის მიზეზი იყო, ახლა ხუმრობად ვაქციეთ.

 

Read 3232 times Last modified on ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018 06:24

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი