19 თებერვალი, მარო მაყაშვილი და სტალინის ქუჩა

თებერვალი 19 2018

2016 წელს, მარო მაყაშვილის სახელი გორელებმა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რამდენიმე შენობის ფასადზე ამოიკითხეს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა რამდენიმე შენობას სახელი სიმბოლურად შეუცვალა და ამ ფორმით, საკუთარი სურვილი გამოხატა - სტალინის ქუჩას გმირი ქალის სახელი მინიჭებოდა. 

დღეს 19 თებერვალია, მარო მაყაშვილის დაღუპვის დღე. 

 

ომამდე

„მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 მარიამობისთვეს. მისი მშობლები არიან თამარი (ეკატერინე გაბაშვილის ასული) და კონსტანტინე მაყაშვილები. სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანვე იყო მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა, სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში“... - წერდა მაროს მამა საკუთარ შვილზე. 

 

maro-mayasvili-1903

 

ჩვენთვის ცნობილია მარო მაყაშვილის დღიურები, რომელშიც მისი პიროვნება, მიზნები და ემოციები მკაფიოდ ჩანს. 

„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ  თბილისისა  თავი შეიყარა  სასახლის  წინ.  აქ მოხდა "პარადი". ყოველი  ქართველი  გრძნობდა  თავს თავისუფლად.  აღტაცების  ღიმილი  უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ  - "ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!". არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს!“, - წერდა მარო მაყაშვილი  1918 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

 

e1839be18390e183a0e1839d-e1839be18390e183a7e18390e183a8e18395e18398e1839ae18398e183a1-e18393e183a6e18398e183a3e183a0e18398-680x365

 

1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს.

"1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის", - იხსენებდა მაროს მამა კონსტანტინე მაყაშვილი. 

 

ომში

2 დღეში, 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

სიკვდილამდე, მარო მაყაშვილმა ფრონტიდან მამას წერილი მიწერა:

საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის დაღუპვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ იმდროინდელ პრესაში მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. 

23 თებერვალს, მარო მაყაშვილი სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად დაკრძალეს. 

 

BD7xXGjCUAEWqAa

 

 

 

სიკვდილის შემდეგ

 

ზაქარია ფალიაშვილმა ”დაისის” მთავარ გმირს მარო სწორედ მაყაშვილის პატივსაცემად დაარქვა. 

მაროს გარდაცვალების შემდეგ, ორ თვეში გაჩნდა მისი და, რომელსაც მარიამი დაარქვეს, მაგრამ ნუგეშას ეძახდნენ. ბოლომდე სწორედ ის ინახავდა მაროს შესახებ ყველა მასალას, ნივთებს, რომლებიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე,ლიტერატურის მუზეუმსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის კაბინეტში, დღესაც ინახება მისი კუთვნილი მაკრატელი და ჩოგბურთის ჩოგანი.

2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა.

2015 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 

"არიან ადამიანები, რომელთაც მივბაძავთ და რომელთა საქმეებიც ჩვენთვის იქნება იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. პირველი ასეთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავაჯილდოვეთ, ქალბატონი ირინა ენუქიძეა. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი, ყველას შვილების დასაცავად გამოიყენა. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა თავისი კერძო ტკივილით ან ტრაგედიით და მთელ ქვეყანას ემსახურა. მეორე არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში, აი, აქ დაიღუპა. გოგონა, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წავა ევროპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა, 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

2016 წლის 21 დეკემბერს, იოსებ სტალინის დაბადების დღეს გორში ანონიმმა აქტივისტებმა სტალინის გამზირს “სახელი გადაარქვეს” და მას მარო მაყაშვილის სახელი მიანიჭეს.

 

DB5BE9DC-485B-4D18-955E-62ABB879E4F9 cx0 cy42 cw0 w1023 r1 s

 

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი