ფიქრები ქართულ სახელმწიფოზე ნეიტრალური პოზიციიდან

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 26 მარტი 2019 17:25 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

ავტორი: ნუგზარ მაჭავარიანი

თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს და ყველა პატრიოტს აღელვებს!

მეც არ მასვენებს ფიქრი აგვისტოს ომზე და ამიტომ გავბედავ ჩემი ხედვის წარმოჩინებას თქვენს წინაშე. ამჟამად, განსხვავებული რაკურსით და იმედით, რომ ოპონირებასაც მივიღებ, დასაბუთებულ ოპონირებას.

აქამდე რაც მომისმენია ან წამიკითხავს, ძირითადად ეხება დავას, თუ ვინ დაიწყო ომი და რა შედეგები დადგა. ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ძირითადად მთავარსარდლის წინააღმდეგ ასე ჟღერს - „წამოეგო რუსების პროვოკაციას და შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთო მრავალჯერ ძლიერ მტერთან, რამაც მსხვერპლი გამოიწვია ჯარში და მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე, წაგვართვეს ტერიტორიები.“

ეს ბრალდებები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. გამოდის, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს დაცვისათვის წარმოებული ყველა ბრძოლა (მოგებულიც და წაგებულიც) პროვოკაციაზე წამოგება ყოფილა. რამეთუ, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ფაქტი ქართველებზე მცირერიცხოვანი მტარვალის შემოსევისა - გამოდის, რომ ყველა მეფე პროვოკაციაზე ეგებოდა, თვით დავით აღმაშენებელიც დიდგორის ომში, ან თუნდაც ერეკლე კრწანისში.

იბადება კითხვა - რომ არა ქართველთა თავდადება და რწმენა (ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება) იარსებებდა კი საქართველო და ერი ქართველი ?

ორიოდე სტყვას შედეგზეც ვიტყვი და მერე გადავალ სწორედაც სხვა რაკურსით ხედვაზე.

შედეგი მივიღეთ ის, რაც რეალურად დადგა - დაახლოებით 20% ტერიტორიისა წაგვართვეს. აქაც, ჩემი აზრით, არც თუ ცუდი შედეგია, რადგან თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სამხედრო პოტენციალს და წლების მანძილზე მის მზადებას ჩვენი ქვეყნის ჩასაყლაპვად (ფართომაშტაბიანი სწავლება-მანევრები ჩვენს საზღვართან, შეიარაღებული ძალების შემოყვანა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ზოგი ოფიციალურად მშვიდობისმყოფელთა სტატუსით ზოგიც ფარულად „იხ ტამ ნეტები“), უფრო ფართო მაშტაბის ანექსია რომ ვერ განახორციელა კრემლმა, პირველ რიგში, სწორედაც ქართული ჯარის მედგარი წინააღმდეგობის (დაახლოებით ოთხჯერ მეტი მსხვერპლის რუსი ჯარისკაცების მხრიდან), რის შედეგად 3-5 დღე მოვიგეთ საერთაშორისო აზრის, ჩვენი მეგობერი ქვეყნების რეაგირების მობილიზაციის კუთხით.

რომ არ ჩამოფრენილიყვნენ ამერიკის სამხედრო ძალების თვითმფრინავები, რომ არ შემოსულიყო შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო გემი, რომელსაც თავისი საბრძოლო პოტენციალით შეეძლო მთელი ცენტრალური რუსეთის დაფარვა, რომ არ ჩამოსულიყვნენ (საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად) მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტები და მათთან შესახვედრად რომ არ გამოსულიყო (მიუხედავად დაბომბვის საშიშროებისა, გორის მაგალითზე) უშიშრად ცოცხალი ჯაჭვით და საქართველოს დროშებით ათეული ათასი ქართველი პატრიოტი (რითაც მტერს დაანახვეს, რომ ქართველები მზად არიან მტერს დაუპირისპირდნენ ვაჟკაცურად) - კრემლი თავის პროგრამა მაქსიმუმს სისრულეში მოიყვანდა და ერთიანი ქართული სახელმწიფო გადაიქცეოდა ორ (ქუთაისის და თბილისის) გუბერნიებად. გუბერნატორებს და სხვა მოახლეებს კი გამონახავდნენ კოლაბორაციონისტებში - იმ ხალხში, რომლებიც მზად იყვნენ (და ეხლაც მზად არიან) წითელი დროშებით შეხვედროდნენ რუსის ჯარს და რომელთა გამოსვლით რუსი გაამართლებდა თავის ქმედებას. ვერ გამოვიდნენ სწორედ იმიტომ, რომ ცოტანი არიან და პატრიოტების მასიურმა აქციებმა შეაშინეს ისინი და დააფიქრეს რუსები.

შედეგი - წაგვართვეს ჩვენი ტერიტორიის 20%. ოღონდ დაგვრჩა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული იმედი იმისა, რომ როდესღაც შეიქმნება ისეთი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს და მოქალაქეებს.

ეხლა გადავალ სწორედაც დაპირებულ სხვა რაკურსზე - რა რეალობა ჩამოყალიბდებოდა, თუ საქართველოს მთავრობა, მთავარსარდალი და ჯარი არ შეასრულებდნენ მათზე კანონით დაწესებულ მოვალეობას, არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილ აგრესორს?

1. ქართული სოფლების ინტენსიური ბომბარდირების გაგრძელება გამოიწვევდა სოფლების სრულ დაცლას და ამ ტერიტორიების გადასვლას ოს-რუსი ოკუპანტების გამგებლობაში (იგივე შედეგი გვაქვს ახლაც)

2. რაკი საქართველოს ხელისუფლება არ გასწევდა წინააღმდეგობას, საერთაშორისო თანამეგობრობაც ზედმეტად არ გაირთულებდა ცხოვრებას და არ მიანიჭებდა რუსეთს აგრესორისა და ოკუპანტის იარლიყს (სწორედ ოკუპანტის წოდება აიძულებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იძულებული შეიქმნება გაიყვანოს ჯარი საქართველოს იმ სუვენერული ტერიტორიებიდან, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული ჩვენი ქვეყნის საზღვრებში)

3. ასეთ შემთხვევაში, არც საფრანგეთის პრეზიდენტი გაიცხელებდა თავს და არც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოვიდოდნენ თბილისში და არ დადგებოდნენ ქართველ ხალხთან ერთად მოედანზე მოსალოდნელი ბომბარდირების პირობებში.

4. პრორუსი მე-5 კოლონა გაბედულად გამოვიდოდა ქუჩებში წითელი დროშებით, რითაც სტიმულს მისცემდა რუსის არმიას, რომ შეტევა განეხორციელებინა საქართველოს დედაქალაქ თბილისზე, რომლის დაცვაც ბევრად დიდ მსხვერპლს შეიწირავდა ქართველების მხრიდან

5. რუსის ჯარი მშვიდობისმყოფელისა და გამათავისუფლებლის სახელით დაიკავებდა საქართველოს, ადგილობრივი კოლაბორაციონისტებით დააკომლექტებდა ორი გუბერნიის (თბილისი-ქუთაისი) მმართველ აპარატებს.

6. საერთაშორისო თანამეგობრობა მოერიდებოდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას, არ მიანიჭებდა რუსეთს აგრესორისა და ოკუპანტის სტატუსს.  ე.ი. სამომავლოდაც აღარ გვექნებოდა იმედის საფუძველიც კი, რომ ოდესღაც ტერიტორიებს დავიბრუნებდით.

7. დაიწყებოდა საშინელი რეპრესიები ქართველი პატრიოტების მიმართ - ზოგი პარტიზანულ წინააღმდეგობაში დაიღუპებოდა, ზოგს დახვრეტდნენ, ზოგს გადაასახლებდნენ და ზოგიც საზღვარგარეთ გაიქცეოდა. ასე დაიცლებოდა საქართველო პატრიოტული მუხტის მატარებელი მოქალაქეებისაგან.

8. კიდევ მრავალი წელი მხოლოდ ოცნება შეგვრჩებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა.

Read 565 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი