მავთულხლართს იქით ბებია ტკბილეულს მიმზადებს

ხალხის ხმა Written by  შაბათი, 30 მარტი 2019 08:22 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" აქვეყნებს სსიპ გორის XI საჯარო სკოლის VI კლასელის, ციკო ხანიშვილის საკონკურსო ნაშრომს, რომელიც მან მხატვრული წერის ოლიმპიადაზე "სენტენცია" წარადგინა.

რა საოცარი სიჩუმეა. საოცარი სიმსუბუქე და სითბო. ცხვირში რაღაც ნაცნობი სურნელი მიღიტინებს, ცოტა ხანში მისი ხელების სითბოსაც ვგრძნობ, თითქოს უნდა, ძილი არ დამიფრთხოს და საბანი ისე გამისწოროს, ისე ამომიგოს გვერდები, როგორც მხოლოდ მას სჩვევია.

- ბებო! -თვალს ვახელ უცებ და ხელებზე ვეტანები. მისი დაკოჟრილი ხელები, არა და ოჰ, რა თბილია. ყველა სხვა ხელს მირჩევნია.
- რა იყო შვილო, გაგაღვიძე, რატომ ეს ხელი არ გამიშეშდა, როცა ძილი დაგიფრთხო.

მე გული შემეკუმშა, როგორ შეიძლება მისი ხელის გაშეშება, მე ხომ ეს ხელი ძალიან მიყვარს, მან გამზარდა და მატარა ჯერ გულში ჩაკრული, შემდეგ, როცა ფეხი ავიდგი, უკვე ხელჩაკიდული, თან როგორ გემრიელია ამ ხელებით მომზადებული ტკბილეული.

ბებო ყოველთვის მანებივრებს, იცის, რომ მხოლოდ მისი გამომცხვარი ტკბილი ბლინები მიყვარს, ისეთი სუნი აქვს, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან რომ ვიცნობ. ეს მხოლოდ ჩემმა ბებომ იცის.

- ადექი, შემოგევლოს ბებო, ტკბილი ბლინები გამოგიცხვე, სანამ თბილია პირი ჩაიტკბარუნე.

ეს ის ჯადოსნური სიტყვებია, მე რომ ძილს დამიფრთხობს და ფეხზე წამომაგდებს - „ბებოს ტკბილი ბლინები“.

საბანს ფეხის აქნევით ვაგდებ ძირს და სიცივეს ვგრძნობ. ოჰ, როგორ მცივა, სად გაქრა ის სითბო? ის სურნელი? ბებო რატომ არ მისწორებს საბანს?

ამ დროს თვალებს ვახელ და მაშინვე ვფხიზლდები. გული მეკუმშება, რომ ეს სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი.

ოთახში ცივა, დედას ღუმელი ჯერ არ აუნთია, არც ბებოს ბლინების სუნი დგას.

- ადექი შვილო, უკვე გვიანია, - მეუბნება დედა.
- დე, იცი რა მინდა? ბებო რომ ტკბილ ბლინებს ამზადებს, ისეთს გამომიცხობ?
- ადექი ძილისგუდა და ერთად გამოვაცხოთ, იქნებ ისეთი გამოგვივიდეს, მეც მენატრება იმ ბლინების გემო.

ეზოში გავრბივარ და სოფლის ბოლოსკენ ვიყურები, თვალზე ცრემლი მადგება და გული ყელში მებჯინება. ბაღის ბოლოზე დაგრეხილი მავთულხლართია, შხამიანი გველივით გაწოლილი. მის იქით კი ჩემი თავსაფრიანი ბებო დგას, დაკოჟრილი ხელებით თეთრტილოგადაფარებული თეფში უჭირავს, საიდანაც მისი ტკბილი და სურნელოვანი ბლინების სუნი მოაქვს ქარს. ტკბილი ბლინების, რომელსაც მხოლოდ ჩემი ბებოს ხელები ამზადებენ.

Read 875 times Last modified on შაბათი, 30 მარტი 2019 09:10

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი