14 წლის გორელი ბიჭის ემოციები, რომელიც ევროპის ჩემპიონია

Rate this item
(0 votes)

14 წლის გორელი ლუკა ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია. მან ბულგარეთში გამართულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმატებული აღსაზრდელის წერილს, სადაც 14 წლის ჩემპიონი საკუთარ წარმატებაზე და თანმდევ ემოციებზე საუბრობს.

ბავშვობიდან ჭიდაობით ვარ დაკავებული, ამიტომ ჩემთვის უცხო არაა შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება. არაერთი მედალი მაქვს მოპოვებული და გამარჯვების სიხარულიც მრავალჯერ განმიცდია. თუმცა, საზღვარგარეთ პირველი ასპარეზობა ამ შეჯიბრებს არ ჰგავდა. როგორც წესი, ჩემპიონატი მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში. პირველ დღეს ირკვევა ფინალისტების, ხოლო მეორე დღეს ჩემპიონთა ვინაობა.

შეჯიბრის პირველი დღე დაიწყო წონის ჩაბარებით, რაც წარმატებით გავიარე. თუკი საქართველოში მიწევდა ნაცნობ მოწინააღმდეგეებთან ასპარეზობა, ეს შესაძლებლობა ბულგარეთში არ მქონდა, რადგან ჩემი მოწინააღმდეგეები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენები. პირველ დღეს მქონდა ოთხი გადამწყვეტი შეხვედრა ბულგარელ, გერმანელ, მაკედონელ და ფრანგ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხე და გადავედი ფინალში. ამ გამარჯვებებმა დიდი სტიმული მომცა და დამანახა რეალური გამარჯვების შესაძლებლობა. მოუთმენლად ველოდებოდი მეორე დღის გათენებას.

და აი, დადგა ჩემთვის სანატრელი დღე, როდესაც შანსი მქონდა მესახელებინა საქართველო და გავმხდარიყავი ჩემპიონი. წონის ჩაბარება ხელმეორედ მომიწია, რის შემდეგაც დაიწყო ფინალი.

ჩემი მთავარი მიზანი იყო კვარცხლბეკზე პირველ ადგილზე დადგომა და საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა. სრული შემართებით და მონდომებით დავიწყე ჭიდაობა, რამაც შედეგი გამოიღო და მოწინააღმდეგეს ვძლიე და საბოლოოდ შევასრულე ის უმთავრესი მიზანი, რაც ბულგარეთში წასვლამდე დავისახე.

ბულგარეთში საქართველოს სახელით ასპარეზობა ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რადგან საქართველოში​ ასპარეზობისას წარმოვადგენ საკუთარ თავს, ხოლო ბულგარეთში - საკუთარ ქვეყანას.

Read 577 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი