Print this page

გორელი ძიუდოისტი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს სახელს იცავს

Rate this item
(0 votes)

გორელი ძიუდოისტი ბაჩო ტატალაშვილი ბაქოს გრანდ სლემისთვის ემზადება. 29 წლის სპორტსმენი 81 (კგ) წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ბაჩო ტატალაშვილმა საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მანამდე რუსეთის სახელით იღებდა შეჯიბრებებში მონაწილეობას.

“ჩემი სპორტული კარიერა რუსეთში დაიწყო, იქ ვიცხოვრე  10 წელი. მეგობარი დადიოდა ძიუდოზე მან მიმიყვანა. 13 – 14 წლის ვიქნებოდი ვარჯიში, რომ დავიწყე და ხუთი წლის განმავლობაში გამოვდიოდი რუსეთის სახელით. 2008 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩამოვედი საქართველოში, მოგეხსენებათ ომი დაიწყო და აღარ დავბრუნდი რუსეთში. ვერ დავუშვებდი იმ ქვეყანაში მეცხოვრა ვინც ჩემი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა", - ამბობს ბაჩო.

პირველი ასპარეზობა საქართველოს ახალგაზრდულ ტურნირში მოუწია, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ მალევე გაიმარჯვა უნგრეთსა და თურქეთში გამართულ ჩემპიონატებში.

"73 კგ წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი. პირველი ტურნირი ახალგაზრდებში მომიწია - ეს იყო საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ იყო უნგრეთის, თურქეთის გამარჯვება და ასე აეწყო ჩემი სპორტული კარიერა საქართველოს ნაკრებში“.

bacho tat

2018 წელს პარიზის გრანდ სლემში იასპარეზა. შეცვლილი წონით (81 კგ) მან პირველი ადგილი დაიკავა.

"ემოციური იყო პარიზის გრანდ სლემი, როდესაც შეცვლილი წონით ვიასპარეზე (81კგ)  და ბრინჯაოს მედალი ავიღე, ეს ემოცია არ დამავიწყდება. დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა, როდესაც შეჯიბრზე გავდივარ ვფიქრობ ჩემი გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, რომელებიც ძალას და ენერგიას არ იშურებენ ჩემს სპორტულ  მომზადებაში, მაგრამ ყოველთვის მედალოსანი ვერ გახდები, სპორტი ასეთია უმნიშვნელო შეცდომა და უკვე მედლის გარეშე რჩები", - ამბობს ბაჩო.

ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანამ მისი სახელით ასპარეზობა შესთავაზა, თუმცა საქართველოს დატოვებას არ აპირებს

"ბევრი შემოთავაზებაა, მაგრამ მე ჩემი კარიერის ბოლომდე ვიქნები საქართველოში. 29 წლის ვარ, სულ რამოდენიმე წელი დამრჩა იმისათვის, რომ აქტიურ სპორტში ვიყო. მთელი კვირა თითქმის დარბაზში ვარ, დილით მივდივარ ვვარჯიშობ, შუალედში ვისვენებ და საღამოს ისევ დარბაზში ვბრუნდები".  

bacho tata 1323

ბაჩო ახლა ბაქოს გრანდ სლემისთვის ემზადება. 

"ერთ თვეში ბაქოს გრანდ სლემია, სადაც მონაწილეობას მივიღებ. მუხლზე მეორე ოპერაცია გავიკეთე, ამიტომ ვერ ვვარჯიშობდი. რეაბილიტაციის პროცესმა გაიარა, ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, თავს არ ვზოგავ ფორმაში რომ ჩავდგე. ამიტომ ეს ტურნირი ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს შედეგსაც დავდებ".

ამბობს, რომ სპორტული კარიერის დასრულება ოლიმპიური მედლით სურს.

"სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს, როგორც ყველა სპორტსმენს, მეც მინდა ოლიმპიური ჩემპიონობით დავასრულო კარიერა. თუმცა ჩემთვის, ყველა ჩემპიონატის მოგება მნიშვნელოვანია".

Read 1959 times Last modified on პარასკევი, 05 აპრილი 2019 10:04