საქალაქო ტრანსპორტი გორში - რა და როგორ უნდა შევცვალოთ

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 15 აპრილი 2019 06:39 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დავით გელაძე, სტუდენტი 

ბუნდოვნად მახსოვს, ყვითელი ავტობუსები ჩემს ქალაქში. მაშინ ალბათ, 7 ან 6 წლის ვიქნებოდი, როდესაც გორში სრულიად უცხო ფერის, უცხო ტრანსპორტი გამოჩნდა. საკმაოდ იაფი ღირდა, იმდენად რომ ჩემი პაპა ხშირად ავტობუსში გვსვამდა მე და ჩემს ძმას და გვასეირნებდა. ალბათ მაშინ პაპა ფიქრობდა, რომ 13 წელში ქალაქში ტრანსპორტი კიდევ უფრო გაუმჯობესდებოდა და მოწესრიგდებოდა, რომ ჩემს დას, რომელსაც დედა მუცლით ატარებდა, როდესაც ჩემი ტოლი გახდებოდა, მეტად კომფორტული ავტობუსით ან მეტიც, შეიძლება ტრავმაით გაასეირნებდა.

მაგრამ ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. დღეს 2019 წლის გაზაფულია. ქალაქი მეტად ხმაურიანი და ამავდროულად მშვიდია, თითქმის ისეთივე, როგორც მაშინ ავტობუსის ფანჯრებიდან იყო, მაგრამ ავტობუსები აღარ არის.

საქართველოში და მათ შორის ჩვენს ქალაქშიც, საქალაქო ტრანსპორტის დაბალი განვითარების დონე თვალშისაცემია. მაშინ ,როდესაც საქართველოს მტკიცედ აქვს აღებული კურსი განვითარებული ევროპისკენ, საქართველოს დიდ ქალაქებში, შიდა ტრანსპორტის სერიოზული და ღრმა პრობლემებია.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპულ საქართველოზე, ის თავის თავში გულისხმობს გამართულ საქალაქო ტრანსპორტს. ეს კი თავის მხრივ, იწვევს ქალაქის განვითარებას.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რა შუაშია საქალაქო ტრანსპორტი ქალაქის განვითარებასთან. მათ შორის რეალურად მჭიდრო კავშირი არსებობს.

 

პატარა ქალაქში ცხოვრება, მით უმეტეს განვითარებად პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში გამოწვევაა. მარტივია იცხოვრო დიდ ქალაქში, დედაქალაქში, სადაც მეტად მოწესრიგებულია ყველაფერი, მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე პატარა ქალაქში. მაშ რა უნდა იყოს ის სტიმული, რაც გაიძულებს შენ დარჩე შენს ქალაქში.

ეს სტიმული სხვა ყველაფერთან ერთად გამართული საქალაქო ტრანსპორტია, რომელიც დაქსელილია პატარა ქალაქის ყველა კუთხე კუნჭულში, ყველა მოსახვევსა თუ ჩიხში. დიდი სტიმულია, როდესაც დაღლილი მიდიხარ სახლში და მიუხედავად იმისა რომ შენ თუნდაც 15 წუთი გჭირდება სახლამდე, ძალიან იაფად, მაგალითად დედაქალაქის ტრანსოპრტის ფასში, კომფორტული ტრანსპორტი დაგაბინავებს. ეს შესაძლოა დეტალია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მეწრმუნეთ, რამეთუ ევროპის პატარა ქალაქებშიც კი ძალიან კარგადაა გამართული საქალაქო სისტემა სხვა ყველაფერთან ერთად და ადამიანებს არ უჩდნებათ სურვილი დატოვონ მშობლიური ქალაქი.

გამართული საქალაქო ტრანსპორტი თავის მხრივ იწვევს ქალაქის განვითარებას. შესაძლებელი ხდება, მათ შორის კარგი ინვესიტიციების მოზიდვაც, ქალაქის გარეუბნებში, მაშინ როდესაც დასაქამებულებს საშუალება ექნებათ საღამოს სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტით მალე დაბინავდნენ სახლში. შესაძლებელი ხდება ახალი მაღაზიების, კაფეების გახსნა, სადაც კლიენტებსა და მომსახურე პერსონალს ექნებათ მარტივად მისვლის საშუალება. ასევე გამართული ტრანსპორტი, გამოაცოცხლებს ღამის ცხოვრებას ქალაქში, მაშინ როდესაც ეს არ არსებობს, რადგან ახალგაზრდებს აღარ შეეშინდებათ ღამის ქუჩებში მარტო გადაადგილებისა. ტრანსპორტი, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას გორში, რადგან უცხოელი ტურისტები მარტივად შეძლებენ მოხვდნენ ქალაქის საკვანძო ადგილებში სწრაფად და მარტივად. თავის მხრივ, გამართული ტრანსპორტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების, ბაღის აღსაზრდელებისა და სტუდენტების უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას ქალაქში.

დამერწმუნებით მეტად კომფორტულია, შენს სამსახურთან ახლოს იყოს გაჩერება, საიდანაც ძალიან მალე კომფორტული ტრანსპორტი სახლში დაგაბინავებთ. მით უმეტეს, არაერთი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქალაქო ტრანსპორტი მნიშვნელოვნად ამცირებს საცობებს და ხელს უშლის მავნე გამონაბოლქვის გავრცელებას ქალაქში.

და ისმის კითხვა რა არის კომფორტული ტრანსპორტი? - ჩემი აზრით, გორში ავტობუსების ხაზის განვითარება მეტად პერსპექტიული საკითხია. ეკონომიური ავტობუსები, რომლის დარიც მრავლად არის დედაქალაქის ქუჩებში, მარტივად გადაჭრის გორში ტრანსპორტის პრობლემას, მაშინ როდესაც გორი პატარა ქალაქი უკვე აღარ არის.

საინტერესო იქნება გორში ტრავმაის იდეაც, რომელიც ტროლეიბუსის ერთგვარი ალტერნატივა იქნება. მოგეხსენებათ, ათეული წლის უკან, ტროლეიბუსი გორში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რატომაც არა ტრამვაი? რომელიც უსაფრთხო, კომფორტული და სწრაფია, მთელს სიგრძეზე გადაჭრის გორს კომბინატიდან კვერნაკის დასახლებამდე და ვერხვების დასახლებიდან მატარებლების სადგურამდე.

ბოლოს მინდა შევეხო, ეკოლოგიური ტრანსპორტის საკითხს, რომელიც მგონია ყველაზე მარტივად მოგვარებადია პირველ ჯერზე. ველო-ტრასები მთელი ქალაქის მასშტაბით, მით უმეტეს როდესაც გორი არ ხასიათდება მთა-გორიანი ლანდშაფტით, არის საუკეთესო გამოსავალი, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. ველო-ტრანსპორტის განვითარებით და ხელშეწყობით, ქალაქი მეტად მწანე და უვნებელი გახდება, მომავალი თაობებისთვის.

საბოლოო ჯამში კი, არსებობს არასახარბიელო მოცემულობა, როდესაც ჩვენს ქალაქში არ არის გამართული სატრანსპორტო ქსელი, როგორც ჩემს ბლოგში აღვნიშნე, ეს არაერთ პრობლემას იწვევს, მათ შორის ქალაქის განვითარებას აფერხებს. მე ჩემს ქალაქზე გული შემტკივა. ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი მეტად აქტუალურია. სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს თავს გორის მერიას, სხვა ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც არაერთნი არიან ჩვენი ქალაქის ქუჩებში, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გორში სატრანსპორტო საკითხის შესწავლაზე და პრობლემის გადაჭრაზე. ვფიქრობ, ეს არის საქმე რომელიც აუცილებლად ჩემი თაობის გასაკეთებელია.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 915 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი