ლექსით გამოხატული სიყვარული და გორელი პოეტის მუზა

Rate this item
(0 votes)

13 წლის იყო, პირველი ლექსი რომ დაწერა. მას "ჩემი მხარე" ერქვა და იმ დროისთვის გამომავალ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. ამბობს, რომ მას შემდეგ წერა არ შეუწყვიტავს. 

"ლექსის წერა ბავშვობიდან დავიწყე, მახსოვს ჩემი პირველი ლექსი "ჩემი მხარე" პიონერთა სასახლეში გაიგზავნა, მოწონება დაიმსახურა და დაიბეჭდა. მას შემდეგ სულ ვწერ", - ამბობს გორელი პოეტი ნოდარ მდინარიძე. 

წლების განმავლობაში დაწერილი უამრავი ლექსიდან ყველა საყვარელის გამორჩევა არ ურჩევს. "პაემანი ძველ გორელებთან" - ასე ჰქვია ლექს, რომელიც გამორჩეულად უყვარს.

"პაემანი ძველ გორელებთან ჩემი საყვარელი ლექსია, გამოქვეყნებისთანავე უამრავი გორელის საყვარელ ლექსად იქცა. ეს ლექსი ჩემს ქალაქზე დავწერე. მოხსენიებული მყავს ადამიანები, რომლებიც გორის კოლორიტებად მოიაზრებიან".

ნოდარის შემოქმედებაში მრავალი სასიყვარულო ლექსია. მისთვის თითოეული განსაკუთრებულ დღეებთან და მოგონებებთან ასოცირდება. როგორც თავად იხსენებს, ყველაზე ხშირად ადამიანები იმ ლექსის წაკიტხვას სთხოვენ, რომელსაც "20 წლის შემდეგ“ დაარქვა. 

ნოდარ მდინარიძე - პოეტები

"ლექსი ,, 20 წლის შემდეგ" ჩემს საყვარელ მეუღლეს თამარ ხითარიშვილს 20 წლის წინ მივუძღვენი. ჩვენ 40 წელიწადია ერთად ვართ. ხშირად ლექსით გამოვხატავ ხოლმე მის მიმართ სიყვარულს. ეს ლექსიც მას დავუწერე", - ამბობს ნოდარი და ლექსის ერთ სტროფს გვიკითხავს:

"მინდა, გჯეროდეს ისევ მიყვარხარ,
მინდა,ოცნების ფრთებით ვიფრინო ,
მინდა, შენს გულში ჩავდგა კარავი
და შენი გულის ცემა ვისმინო."


ნოდარ მდინარიძე პროფესიით მსახიობი და პედაგოგია. წლების განმავლობაში, თეატრში მოღვაწეობდა. პარალელურად ახალდაბის საჯარო სკოლაში ჯერ ისტორიას ასწავლიდა, შემდეგ კი ამავე სკოლის დირექტორი გახდა. ამ პოზიციაზე 2004 წლამდე იმუშავა.

"ბავშვობიდან სცენა მიტაცებდა. გავბედე და ჩავაბარე თეატრალურზე. 1972 წელს პირველად ვითამაშე სცენაზე რეჟისორ შოთა მესხმა დადგა სპექტაკლი შექსპირის ,,აურზაური არაფრის გამო“. მე დონ ხუანი ვიყავი. 1977 წლიდან გორის თეატრში გავაგრძელე მოღვაწეობა. ბევრი მთავარი როლი ვითამაშე. საყვარელი როლი ზაზა ნაკაშიძის როლი იყო. მიყვარს თეატრი მაქვს ნოსტალგია და იმედი მაქვს, ოდესმე დავუბრუნდები თეატრის სცენას", - გვეუბნება პოეტი.

ნოდარ მდინარიძე 5 ივლისს 64 წლის გახდება. რადიო "მოზაიკას" გვიმხელს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ახალი კრებულის გამოცემას გეგმავს, სადაც მისი გამოუქვეყნებელი ნამუშევრები მოიყრის თავს.

ნოდარ მდინარიძე ამჟამად გორის კულტურის ცენტრში, ღონისძიებების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

Read 1241 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი