გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და მათი უსაფრთხოება

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 22 აპრილი 2019 09:11 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლია ჩლაჩიძე, ერნეთის მკვიდრი, გორის საკრებულოს წევრი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ შეარყია ომამდე მდიდარი და ძლიერი რეგიონის - შიდა ქართლის ეკონომიკური და სოციალური განვითარება. ომმა მძიმე ფსიქოლოგიური, მორალური, მატერიალური ზიანი მიაყენა დევნილობიდან უკან დაბრუნებულ მოსახლეობას - ოკუპირებული მიწები, დამწვარ-დანგრეული სახლები, განადგურებული ოჯახური მეურნეობა... 26 სოფელი გამოცხადდა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიად.


განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ ომის შედეგები ქალებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ რისკის მაღალ ზონაში ცხოვრებას, სადაც დღესაც გრძელდება სროლები, იტაცებენ და აპატიმრებენ ადამიანებს ე.წ. ,,სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ბორდერიზაციის შედეგად მიტაცებულია ხეხილის ბაღები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები...

მიიჩნევა რომ მსოფლიო ომების ისტორიაში ყველაზე მეტად ქალები ზარალდებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალის თვალით დანახული ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი.

ზოგადად უსაფრთხოება ომგამოვლილი მოსახლეობის დიდ ნაწილში საომარი მოქმედებებისა და მისგან გამომდინარე საფრთხეების პრიზმაში განიხილება და განზე ტოვებს უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა პიროვნული უსაფრთხოება. ომის დამანგრეველი შედეგები ძირითადად მნიშვნელოვანი და მსუყე მასალაა ანალიზისთვის, კვლევებისთვის და მე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში სოფელ ერგნეთში ვცხოვრობ და რომელიც მრავალი წელია ჩართული ვარ კონფლიქტის ანატომიაში, არსად შემხვედრია კვლევა, რამდენად მიიჩნევენ ქალები საომარ მოქმედებებს საფრთხედ, რა აშფოთებთ, რა აყალიბებს მათ პირად უსაფრთხოებას, რა არის რისკების ის ფართო სპექტრი, რომელიც ეკონომიკური სიდუხჭირის, საკუთარი სახლიდან განდევნის, შვილების და ახლობელი ადამიანების დაკარგვის, საცხოვრებელი სახლის ნგრევის და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ჩამოთვლილი საკითხებით უფრო მეტად ფართოვდება ,,უსაფრთხოების“ ტრადიციული შინაარსი და დღის წესრიგში დგება ადამიანებისთვის სტაბილური გარემოსა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

ადამიანური უსაფრთხოების შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, რომელიც აღიარებულია გაეროს განვითარების პროგრამის კონცეფციაში, ყველა დაირღვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს; ჩემი სოფლის მაგალითზე რომ გადმოვიტანო, გაიზარდა მოწყვლადი ადამიანების რაოდენობა, დაიკარგა შემოსავლები და სამუშაო ადგილები, გაიზარდა ძალადობის საფთხე, გაუარესდა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, არასრულყოფილი კვებით, საბაზისო დახმარების მიღების არარსებობით, დაინგრა ოჯახები, დაირღვა ადამიანის უფლებები, გაუარესდა სოციალური ფონი, რომელმაც შეზღუდა ადამიანის არჩევანის თავისუფლება. ანალოგიური ვითარებაა თითქმის ყველა ომგადატანილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში. არ ჩატარებულა კვლევა რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა ქალთა და გოგონათა ფსიქოლოგიაზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, შემცირდა შობადობა, გაუარესდა დემოგრაფიული სიტუაცია. მაგალითად ერგნეთში ომის დროს მიღებული სტრესით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა 40-მდე ადამიანი, დაიბადა 8-10 ბავშვი ომიდან დღემდე , რაც ძალიან მძიმე დემოგრაფიულ სურათზე მეტყველებს.

ქალების შეხედულება უსაფრთხოების საკითხებზე ცალსახაა, სანამ ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს საკუთარ სახლში, სანამ აქვს საფრთხის განცდა ოჯახის წევრების, ახლობლების, მეზობლების, იმ სოციუმისთვის, სადაც მას უხდება ყოფნა, შეუძლებელია მშვიდობის შეგრძნება, ხოლო როდესაც ქალი თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, მხოლოდ მაშინ შეუძლია მობილიზება და მდგრადი ყოფის შექმნა.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ზეგავლენა მინიმალურია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. არ პასუხობს ისეთ სოციალურ გამოწვევებს როგორიცაა, როგორ ვაქციოთ სოფლები ჯანსაღ, უსაფრთხო სივრცეებად, როგორ გავაუმჯობესოთ დაბალშემოსავლიანი ადამიანების ცხოვრების ხარისხი, როგორ შევუმსუბუქოთ ქალებს ყოველდღიურობა გონიერი ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ გავახაროთ ბავშვები, როგორ შევუწყოთ ხელი ხანდაზმულებს და შევქმნათ თანასწორი გარემო. ამიტომ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გვქონდა მცდელობა კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტისა. მაგრამ სამწუხაროდ ამ გეგმას ტან არ ახლავს ბიუჯეტი.

ჩემი აზრით კარგად უნდა გაანალიზდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების და გოგონების პრობლემები, გადაიხედოს სახელმწიფო რესურსები, გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და ამის შემდეგ გაიწეროს სამოქმედო გეგმები, რომელიც ასახავს რეზოლუცია 1325-ის პრინციპებს. უსაფრთხოების რისკების შედეგებს ჩვენ ვიმკით ომიდან ათი წლის შემდეგ:

• გაიზარდა ქალების და ახალგაზრდების მიგრაცია. სოფლები რჩება საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანების ამარა.
• საქსტატის მონაცემებით უკანასკნელი წლების მიხედვით მზარდი ტენდენციით ხასიათდება 20-45 წლის ასაკის ქალებში აბორტი, მინიაბორტი,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ახალგაზრდა ქალებს აქვთ არასტაბილურობის განცდა,მომავლის შიში და ვერ რისკავენ შვილის გაჩენას .
• გაიზარდა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რეგისტრირებული შემთხვევები სოფლად. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით გახშირდა ოჯახში ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები, სუიციდის შემთხვევები, ფემიციდი.
• საგულისხმოა, რომ ქალთა დიდი ნაწილისთვის ოჯახში ძირითად შემოსავალია სოციალური უზრუნველყოფა (პენსია, შემწეობა, სოციალური დახმარება), რაც ნეგატიუად აისახება მათ აქტიურობაზე და მისწრაფებაზე დამოუკიდებლად გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა, ამიტომ უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს სახელმწიფო დახმარების ალტერნატიული ვარიანტები.
• არასახარბიელო მდგომარეობაა სოფლად მცხოვრები შშმ პირების მიმართ, რადგან არ არასებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული გარემო, რის გამოც მათი მობილობა შეზღუდულია, ისინი ძირითადად ქველმოქმედების ობიექტები არიან, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია.

სოფლის ქალების უმრავლესობა ახალ რეალობას უფრო პრაქტიკულად მიუდგა, პროლემებთან შეჭიდებამ ქალები უფრო გააძლიერა, გაიზარდა მათი მოტივაცია თავიანთი აქტივობით შეიქმნან ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალური გარემო, მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, შეიტანონ წვლილი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა, არ გახდნენ უფლებაშელახულნი, ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლნი. მნიშვნელოვანია რომ ქალთა აქტივობები ხელს შეუშლის მიგრაციულ პროცესებს და ქვეყანას შეუნარჩუნებს უაღრესად სტრატეგიულ ტერიტორიას.

სასურველია,რომ ამ სოფლებში შეიქმნას სათემო რესურსცენტრები ქალებისთვის სკოლების ბაზაზე, რომლებიც არაფორმალური განათლების ცენტრებად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ვინაიდან დღის მეორე ნახევარში სასკოლო პროცესის დამთავრების შემდეგ სკოლა ძირითადად ცარიელი და უფუნქციოა და თავისუფლად შეიძლება ამ სივრცის გამოყენება, რადგან ბევრ სოფელში ქალთა შეკრების ადგილიც კი არ არსებობს.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1532 times Last modified on ორშაბათი, 22 აპრილი 2019 09:35

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი