ნინო გიგაური - შემოქმედი მრავალფეროვანი უნარებით

Rate this item
(0 votes)

ქობულეთში დაიბადა. ბავშვობაც იქ გაატარა. 10 წლის იყო, სანაპიროზე სეირნობისას, ხის ტოტი რომ იპოვა, სახლში გაიყოლა და მისგან შანდალი გააკეთა - ეს იყო ნინო გიგაურის პირველი ხელნაკეთი ნივთი, რომელსაც დღემდე ინახავს.

“შემდეგ ზღვის კენჭებით ვაკეთებდი პეიზაჟებს. ვქსოვდი, ვქარგავდი და ჩემი ნამუშევრებით მონაწილეობას ვიღებდი კონკურსებში. თითქმის ყოველთვის ვიმარჯვებდი კიდეც”, - იხსენებს ნინო.

ის ამჟამად ბუმბულზე მუშაობს. ყველაფერი დამოუკიდებლად, ინტერნეტში მოძებნილი ვიდეობიდან ისწავლა. ახლა კი, საკუთარ ცოდნას სხვებსაც უზიარებს. ის გორის კულტურის სააგენტოს ბაზაზე არსებულ უფასო წრის მოსწავლეებს ასწავლის.

"სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ინტერესდებიან შემოქმედებით. სიხარულით ვასწავლი ბავშვებს ქარგვას და ბუმბულზე მუშაობას ჯგუფში სულ გოგონები მყავს, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ბიჭუნაც დაინტერესდა, ვარიანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. ვასწავლე ბუმბულზე მუშაობის ტექნოლოგიები და იმდენად კარგი ნამუშევრები შექმნა, ჩემთან ერთად გამოფენებშიც იღებდა მონაწილეობას.“

ნინო გიგაური - მართვა ბუმბული

ნინო გიგაურის საქმიანობა მხოლოდ შემოქმედებით არ შემოიფარგლება. ის უკვე წლებია, იარაღის შეძენა-შენახვის უფლების მოპოვების მსურველებს თეორიას ასწავლის. მას საკუთარი ავტო სკოლაც აქვს, სადაც მსურველებს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის ამზადებს.

"ყოველთვის მაინტერესებდა ტექნიკური საგნები. სკოლაში სამხედრო გაკვეთილები გვიტარდებოდა. იქ ვისწავლე მიზანში სროლა, იარაღის დაშლა და აწყობა. მე გაცილებით მეტი მაინტერესებდა. ვკითხულობდი ლიტერატურას იარაღის შესახებ. ბევრი ვისწავლე, დავამუშავე საგამოცდო საკითხებიც. მერე რამოდენიმე ადამიანს ვასწავლე და წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. მოგეხსენებათ, რომ იარაღის შეძენა-შენახვისათვის, აუცილებელია მოწმობის აღება, რისთვისაც ტესტირების გავლაა საჭირო“, - ამბობს ნინო გიგაური.

პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ნინო გიგაური ახლა 57 წლისაა. ის გორში არ დაბადებულა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქში აღმოაჩინა.

Read 559 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი