მიშიკო ჩალაბაშვილი - კარალეთელი ძიუდოისტი სტიპენდიანტი გახდა

Rate this item
(0 votes)

მიშიკო ჩალაბაშვილი 15 წლის ძიუდოისტია, რომელიც ვარჯიშებზე კარალეთიდან გორში ყოველდღე დადის. მას წელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. მრავალ მის თანატოლს შორის, სწორედ მიშიკო გახდა ის ერთადერთი ახალგაზრდა გორიდან, რომელმაც ერთ-ერთი ბანკის სტიპენდია მოიპოვა. აღნიშნული ბანკი მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებს ანიჭებს სტიპენდიას.

„ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის ეს სტიპენდია. ზოგიერთი ისე არის, რომ შეიძლება გზის ფულიც არ ჰქონდეს ვარჯიშზე წასასვლელად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებულ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მსგავსი ხელშეწყობა“, - ამბობს მიშიკო.

სანამ ათი წლის გახდებოდა, დაინტერესებული იყო ფეხბურთით და სიმღერით, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ ძიუდო იყო მისი მოწოდება. 5 წელი გავიდა, რაც ამ სპორტით არის დაკავებული და უკვე არაერთი წარმატება ხვდა წილად - საქართველოს მასშტაბით ჩატარებული შეჯიბრებებიდან მრავალი ჯილდო და სიგელი აქვს დამსახურებული.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული შეჯიბრებებიდან 3

„მიშიკო უკვე ხუთი წელია, რაც ჩვენთან ვარჯიშობს. მოსვლის დღიდან შევამჩნიე, რომ მას ჰქონდა დიდი ინტერესი, ძალიან მონდომებული ვარჯიშობდა. გარდა იმისა, რომ აქ დარბაზში რა დავალებებსაც ვაძლევდით, ის კიდევ დამატებით, სახლში ყოველთვის მუშაობდა. აქვს ძალიან კარგი წარმატებები და ვფიქრობ, რომ თუ მომავალშიც ასე მონდომებით გააგრძელებს, კარგი და სასახელო ძიუდოისტი დადგება“, - ამბობს მიშიკოს მწვრთნელი ანზორ თენაძე.

მიშიკო იხსენებს თავის პირველ წარმატებას:

„გორის ღია პირველობა იყო, მაშინ ორი კვირის მოსული ვიყავი ვარჯიშზე. მეორე ადგილზე გავედი. ფინალი სამწუხაროდ, წავაგე, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დიდი სტიმული იყო“

მიშიკოს მომავალი გეგმებიც სწორედ ძიუდოს უკავშირდება.

„მე მინდა, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და დიდი სპორტსმენი გავხდე. ჩემი საბოლოო მიზანია, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. დღეს ბევრი მისაბაძი ძიუდოისტი გვყავს საქართველოში: შავდათუაშვილი, ღვინიაშვილი, ლიპარტელიანი და სხვა. მათი ყოველი წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა“.

Read 1246 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი