მერაბ კოსტავა - ეროვნული გმირის სახელობის ქუჩა გორში

მაისი 08 2019

მერაბ კოსტავას ქუჩა გორში 1991 წლიდან არსებობს. საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს ქუჩა 26 კომისრის სახელწოდებას ატარებდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1991 წლის 12 თებერვალს, მას სახელი შეუცვალეს და მერაბ კოსტავას ქუჩა უწოდეს.

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ერის სინდისად გამოცხადებული, საქართველოს ეროვნულმა გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა.

მან ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას “გორგასლიანი”. 

59755288 2345582025722114 8420000899513974784 ndasdsd

1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანის” წევრები დაიჭირეს. 

1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბევრმა არ იცის, რომ მერაბ კოსტავა 1978 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე.

59582268 2249951261920847 4073012959624822784 ndsadasd

​1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში

პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. ეს მოხდა 1987 წელს. მის დაბრუნებას ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. 

1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

8945123

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. 

როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო”.

 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი