ნათია აფციაური - სამხატვრო აკადემიის სტიპენდიანტი გორიდან

Rate this item
(0 votes)

სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი სტიპენდიანტი გორელი ნათია აფციაურია. ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როცა ინტერიერის დიზაინერობა გადაწყვიტა და საკუთარ მიზნად აკადემიაში ჩარიცხვა დაისახა. საწადელს მიაღწია და სასწავლებლის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა.

ნათია ახლა მესამე კურსზეა. მას დღემდე ახსოვს ის მღელვარება, რომელიც აკადემიის მისაღებ გამოცდებს ახლდა თან. წლების შემდეგ კი, საგამოცდო ოთახის დანახვისას, უკვე სიხარულის და სიამაყის განცდა ეუფლება.

"მღელვარებით ველოდი აკადემიაში მისაღებ შიდა გამოცდებს, რომლის შემდეგაც 3 წელი გავიდა, მაგრამ ყოველი მომენტი ისევ ისე მახსოვს და ახლა, როდესაც იმ ოთახს ვხედავ, სადაც ვიჯექი, ღიმილით ვუვლი გვერდს. არა მარტო ჩავირიცხე, არამედ შიდა დაფინანსებაც მოვიპოვე. მალევე სტიპენდიანტიც გავხდი“.

ნათია არქიტექტურის ფაკულტეტზე, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სწავლობს. სწავლის პარალელურად, სხვადასხვა პროექტებზეც მუშაობს. ამ პროცესში, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უცხოეთში მოღვაწე დიზაინერთან, ნათელა ბალანთან დაახლოება აღმოჩნდა. ნათელა თავდაპირველად ნათიას მასწავლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით, მათ ერთობლივი პროექტების განხორციელებაც დაიწყეს.

"ის საქართველოში ინტერიერის დიზაინის განხრით კურსებს ატარებს, მეც გავიარე ეს კურსები და ვიყავი მისი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ამ პერიოდში უკვე მოვხატეთ რამდენიმე კედელი, მათ შორის 2 სასტუმროა და შვქმენით ინტერიერის დიზაინიც, სადაც ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა, რომლისთვისაც ვარჩევდით მოსაპირკეთებელ მასალებს, ფერთა პალიტრას, ავეჯს, აქსესუარებს, განათებას. ვცდილლობდით საუკეთესო დაგეგმარება გაგვეკეთებინა საკმაოდ პატარა და ვიწრო სივრცისთვის, რომელიც ნამდვილი გამოწვევა იყო. ამ ყველაფერს ერგონომიკის დაცვაც ერთვოდა თან, რომელიც უამრავ იდეას განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. ვმუშაობდით რეალურ დამკვეთებთან, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა“.

მათ ერთად ერთ-ერთი ცნობილი სკოლის QSI International school of Tbilisi სცენის დიზაინიც შეიმუშავეს.

ნათიას საყვარელი საქმიანობის გარდა, უამრავი ჰობი აქვს. ამისთვის ის დროს და ენერგიას არ იშურებს. თავისუფალ დროს ხატავს, ძირითადად ნატურმორტებს, გატაცებულია ფოტოგრაფიით და ჩანახატების გაკეთებით, აწყობს ინტერიერთან დაკავშირებულ კოლაჟებს. ერთ-ერთ გამოცდაზე ზღაპარიც კი დაწერა, რომელიც საუკეთესოებს შორის მოხვდა. ცეკვავს და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ნათია აფციაური - ნახატი 1

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მომავალი, პასუხობს: „ამას უთქმელად და ყველა გეგმის ჩამოუთვლელად ვუჩვენებ ხალხს“.

Read 675 times Last modified on ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 14:11

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი