ხურვალეთი - სოფელი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლუდა სალია, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
განგებამ ქართლის შუაგუში გადმომისროლა!
მინდა ჩემი და ჩემი სოფლის ტკივილი გაგიზიაროთ! სადაც უკვე სამი წელი გახდა გადმოვედი საცხოვრებლად, გავალამაზე სახლ-კარი და ხანდაზმულთა სახლი გავხსენი.

"ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის" - გურამიშვილის ნათქვამი ეს სიტყვები, სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურია. მინდა მოგიყვეთ ერთ პატარა სოფელზე ხურვალეთზე, რომელიც ოკუპანტების მიერ ნახევრად ჩამოთლილია, წართმეულია და რაც დარჩენილია, არც ამ დარჩენილს ადგას კარგი დღე და თუ ასე გაგრძელდა სირაქლემას პოზაში ყოფნა ხელისუფლებისგან, არის საშიშროება იმისა, რომ ოკუპანტი ცოცვა-ცოცვით ამ სოფელსაც მიისაკუთებს. რადგან ბოლო ხანებში, ძალიან გააქტიურდნენ მტკაველ-მტკაველ გვართმევენ მიწას. წაღებული აქვთ ტყე, სახნავ სათესი მიწები, საძოვრები. სოფელი თანდათან პატარავდება შაგრენის ტყავივით.

 

მოსახლეობაში იცით როგორი განწყობაა, "აი უკვე სულ ერთია", რადგან არავის სტკივა მათი სატკივარი, არავინ არ მისცა მათ წართმეული სახნავ-სათესის და წართმეული საძოვრების სამაგიერო, თავი ძლივს გააქვთ.

დღემდე წყლის პრობლემაა სოფელში. არც სასმელი წყალია და არც სარწყავი. გვალვა და ქარი იცის აქ და შესაბამისად ნახევრად გამოფიტულია მიწის ქანები. აქაურები შრომობენ, წვალობენ და ცას შეჰყურებენ წვიმა როდის მოვა.

რთულია უყურო ამდენ ხანდაზმულს სოფელში, რომლებსაც არა აქვთ ელემენტარული პირობები. სოფელს არა აქვს აფთიაქი, ამბულატორია კეთილმოუწყობელია, ექიმს და მედდას არა აქვთ ნორმალური პირობები პაციენტის სრულყოფილად მომსახურებისთვის.

ტრანსპორტი შაბათ-კვირას სანატრებელია. სამარშრუტო მიკროავტობუსი მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დადის რეგულარულად, ესეც პედაგოგების დამსახურებაა, რომლებიც გორიდან დადიან ხურვალეთის სკოლაში.

ხურვალეთი იმსახურებს რომ მაღალმთიან რეგიონის სტატუსი ჰქონდეს და სარგებლობდეს შეღავათებით, მაგრამ ამაზეც თავს არავინ იწუხებს სამწუხაროდ.

ყველაზე დიდი ტკივილი ისაა, რომ სოფელი ბერდება, სამ წელიწადში ამ სოფელში 5 ბავშვი დაიბადა.

ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით და ეს ამაზრზენია - დეპუტატობის კანდიდატების შემოსევა და არჩევნების შემდეგ მოსახლეობის გადაგდება ნახმარი ხელთათმანივით.

იმისთვის, რომ სოფელი არ დაიცალოს, იმისთვის, რომ აქაურების ყოფა ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს აუცილებელია მოსახლეობას კომუნალური გადასახადები გაუნახევრდეთ, სოფელში მოწყოს თანამედროვე ტიპის სტანდარტებს მიახლოებული სამედიცინო ლაბორატორია და გაიხსნას აფთიაქი. ტრანსპორტით მგზავრობა 1,5 ლარი ღირს გორამდე. კარგი იქნება მერია თუ იზრუნებს საზღვრისპირა სოფელში ტრანსპორტის საწვავით მომარაგებაზე, ეს მგზავრობის ფასის გაიაფებას გამოიწვევდა. წარმოიდგინეთ წამლის საყიდლად ქალაქში წამოსული გლეხი 3 ლარს იხდის ორმხრივ მგზავრობაში, გაძვირებული წამლების ფასზე რომ აღარაფერი ვთქვა...

და კიდევ, ძალიან მტკივნეული, რაც მგონი ცალკე თემაა და რომელსაც სასწრაფოდ უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი და დროულად მოგვარდეს. საქმე იმაშია, რომ ხანდაზმულთა თავშესაფარაში მომსვლელი სტუმრებისთვის სოფელში შესვლა შეზღუდეს, თითქმის არავის უშვებენ, ქართული პოლიციის საგუშაგოზე მიზეზი ბანალური და პასუხი სტანდარტულია "პრეს ცენტრს მიმართეთ". მაგალითად, მოხალისე ახალგაზრდები რომელთაც გუშინ მოხუცები უნდა გაეხალისებინათ ცეკვა-სიმღერით, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ უკან დააბრუნეს.

და ბოლოს, მინდა სოფლიდან ქალაქს წასულ ქალბატონებს მივმართო: ჩემ რჩევად, თუნდაც თხოვნად ჩათვალეთ ქალბატონებო, გემუდარებით, ნუ მიაგდებთ ღვთის ანაბარად იმ სოფელს, იმ მამულს, სადაც ბავშვობაში ფეხშიშველი გირბენიათ; სადაც მეზობლის ბაღში დაუკითხავად საადრეო ალუჩა მოგიწყვეტიათ; სადაც თქვენი წინაპრების ძვლებია მიბარებული ქართულ მიწას. ასაკი ნუ შეგაშინებთ ჩემო, საყვარელო ქალებო. მეც უკვე სამოც წელს გადავცილდი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ცხოვრების ნახევარია, ეს ხომ ცხოვრების შუადღეა მხოლოდ. მერწმუნეთ, თქვენ თუ მშობლიურ სოფლებს დაუბრუნდებით ჯანს და სიხალისეს დაიბრუნებთ, ამას თქვენი ბავშვობის ნაფეხურები და თითო ბუჩქი, თითო ხე გაგრძნობინებთ. თქვენ თუ წამოხვალთ, ვიცი, რომ თქვენს გვერდით მყოფი კაცებიც წამოგყვებიან. რამდენიმე წლის წინ, მე მოვინდომე ხურვალეთში, ჩემი მეუღლის დედულეთში გადმოსახლება. ჩემს ქმარს თავიდან გაუკვირდა, მერე მოეწონა ეს იდეა და მას მერე გვერდიდან არ მცილდება. ვიცი რომ თქვენს ოჯახებშიც იგივე მოხდება. იცოდეთ თქვენი მოსვლით სოფელს გააძლიერებთ, იმ სოფელს რომელსაც მოღონიერება და ქართული სულის შენარჩუნება ნამდვილად ჭირდება, თორემ ხო გახსოვთ ნათქვამი უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 1480 times Last modified on კვირა, 12 მაისი 2019 11:03

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი