გორელი ფიტნეს-ინსტრუქტორის წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

გიგა იორამაშვილი 23 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორია გორიდან. დღესდღეობით, იგი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გორის ერთ-ერთ სპორტ-დარბაზში მუშაობს, თუმცა მის ცხოვრებაში იყო არაერთი რთული პერიოდი, როდესაც ვარჯიშისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა და მეზობლის სარდაფში მის მიერვე დამზადებული ცემენტის ბლინებით (შტანგის წონა) ვარჯიშობდა.

„17 წლის ვიყავი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი რომ დავკარგე - მამა. ის იყო ჩემთვის სიცოცხლის წყარო. ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე არაერთხელ მაჩუქა.მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, სულ მარტო ყოფნა მინდოდა, სულ ყველასგან შორს. ძალიან ბევრი რამ ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა, ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. ერთხელაც შემთხვევით გავიარე დარბაზთან და ჩემდაუნებურად შევედი, სიტუაცია დამაინტერესდა. აბონიმენტის ფასი რომ გავიგე, 1 თვის განმავლობაში 30 ლარი იყო გადასახდელი, ეს თანხა ნამდვილად არ მქონდა, დედასაც ვერ ვეტყოდი, ვიცოდი, რომ არ ჰქონდა ამის საშუალება, ამიტომ წამოვედი“.

giga piirveli iqneba

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაარკვია, რომ თავის მეზობელს სარდაფში 1 ძელი და 2 ხუთ-კილოგრამიანი ჰანტელი ჰქონია. ერთ კვირაში ცემენტი და ქვიშა იყიდა და თავისი ხელით ჩამოასხა ჰანტელები და „ბლინები“ (შტანგის წონები). ერთი თვის განმავლობაში, მეზობლის სარდაფში ვარჯიშობდა, თუმცა შემდეგ, მეზობელმა გადაწყვიტა, რომ სარდაფი დაეკეტა, რადგან სამსახურის გამო, თავად ვეღარ ახერხებდა ვარჯიშს. სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტის გადასახდელი თანხის მოგროვების მიზნით, გიგამ სამსახურის მოძებნა გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ძალიან ბევრგან სცადა მუშაობის დაწყება. მზად იყო ემუშავა მიმტანად, მზარეულად, ბარმენად, მაგრამ ყველგან უარს ეუბნებოდნენ. საბოლოოდ, ავტო-სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა. ეს გიგას პირველი სამსახური იყო.

„მიჭირს ამ პერიოდის გახსენება, რადგან ბევრი მეგობარი სწორედ მაშინ დავკარგე. როცა სამრეცხაოში მუშაობა დავიწყე, ბევრი მათგანი აღარც კი მესალმებოდა და თუკი, რომელიმე მანქანის გასარეცხად მოვიდოდა, თვალს მარიდებდნენ. ბევრს მძღოლს უთქვამს, რატომ იკლავ თავს, სხვაგან იმუშავეო, მაგრამ ეს საერთოდ არ მაბრკოლებდა. ჩემთის მთვარი იყო მიზნისთვის მიმეღწია“.

დაახლოებით, 6 თვე იმუშავა სამრეცხაოში. მოგროვილი 500 ლარით სპორტ-დარბაზის 3 თვის აბონიმენტი წინასწარ იყიდა, დანარჩენი თანხით კი საკვები დანამატები. რამდენიმე თვეში, დარბაზის მეპატრონემ ინსტრუქტორად მუშაობა შესთავაზა. აქედან დაიწყო გიგას სპორტული კარიერა.

„დღეში 15 ლარი იყო ანაზღაურება, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რომ დარბაზში მევარჯიშა და მქონოდა შედეგი. იმ მომენტში, ამ თანხით მხოლოდ საკვებს ვყიდულობდი, რომ დახარჯული ენერგია აღმედგინა. დაახლოებით, 1 წელი ვიმუშვე. შემდეგ, სერტიფიკატის აღების აუცილებლობა დადგა და ამის გამო, ფიტნეს სკოლაში დავიწყე სიარული“.


რამდენიმე თვის შემდეგ, გიგამ იმ სპორტ-დარბაზიდან მიიღო შემოთავაზება, სადაც 2 წლის წინ უბრალოდ ევარჯიშზეც კი ოცნებობდა. დღესდღეობით, გიგას ორი სამსახური აქვს და უკვე ღიმილით იხსენებს იმ რთულ პერიოდს, როდესაც სპორტ-დარბაზის აბონიმენტისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა. მან შეძლო და ჯანსაღი ცხოვრების წესი შემოსავლის წყაროდ აქცია. დღეს არა მხოლოდ, ერთ-ერთი სპორტ-დარბაზის ინსტრუქტორია. ამასთან, ის თავდაცვის აკადემიაშიც მუშაობს ინსტრუქტორად.

giga pirvel

„ვიხსენებ ჩემს განვლილ 4 წელს და ვხვდები, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე. ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე და ბევრი მეგობარი შევიძინე. ბევრჯერ მიფიქრია 30 ლარი არ მქონდა, რომ დარბაზში მევარჯიშა. ახლა კი, ჩემი შემოსავალი თვეში დაახლოებით, 2 000 ლარს შეადგენს. ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია“.

გიგას სამომავლო გეგმები კვლავ ფიტნესს და ბოდიბილდინგს უკავშირდება. მისი სურვილია, რომ ბოდიბილდინგის საერთაშორისო ჩემპიონატში „მისტერ ოლიმპია“ მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, მანამდე წინ არის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც აქამდე გორელი მონაწილე არ ყოფილა ფიზიკის კატეგორიაში. გიგა პირველი იქნება.

Read 2094 times Last modified on პარასკევი, 17 მაისი 2019 11:31

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი