კეკეს ქუჩის ძაღლები

ხალხის ხმა Written by  ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 09:10 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ბოლაშვილი, პედაგოგი

ხუთნი  არიან: ერთი - მოყვითალო ფერის, მაღალი და ხმელი, ყოველთვის კუდის ქიცინით  წინ რომ მიუძღვის დანარჩენ ოთხს; მეორე -შავი, დაბალი, მოკლეფეხება, მურა, - ყველაზე მკაცრი და აგრესიული; მესამე - სულ თეთრია, დედალი, მაღალი და ლამაზი, ყველა დანარჩენი რომ ეტრფის და მისთვის ჩხუბი  წესადა აქვთ ქცეული. მეოთხე - ასაკით ყველაზე პატარაა, მოყავისფრო-მობეჟო აბურძგვნულ ბალნიანი, მორჩილად, უპრეტენზიოდ მიყვება ხოლმე კუდში მეგობრებს და მეხუთეც - ჩემი მეზობლის მიერ სახლიდან უმოწყალოდ გაგდებული.

მისი ‘’კეთილშობილური’’ აზრით, უკვე ბებერი და აღარაფერში გამოსაყენებელი კავკასიური ნაგაზია, თუმცა სადღაა აქვს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი ის მკვრივი, ჩაფსკვნილი სხეული და  ძველებური სიამაყე? ყოფილი პატრონისგან უარყოფილს სახე სულ მთლად ჩამოსტირის და ერთ დროს მსუქანი ფერდები შიმშილისგან ჩასცვენია.

აქეთ-იქით გაირბენ-გამოირბენს, დროდადრო მეზობლების გამოტანილ, გადასაგდებად გამზადებულ ნაგავს დაყნოსავს, მერე წრეს შემოუვლის, ისევ ‘’პატრონის’’ სახლის კედელთან აიტუზება, იმის მოლოდინიში, რომ სახლიდან ვინმე გამოხედავს და ძველებურად შინ შეიპატიჟებს. მაგრამ ნურას უკაცრავად, მისი პატრონები სახლიდან ისე გამოვლენ და ‘’ჯიპში’’ ისე ჩასხდებიან, რომ თითქოს ვერც ამჩნევენ ერთ დროს ნათესავისგან ხვეწნით წამოყვანილ ლეკვს, რომელიც ახლა სიბერისა და თვალში სინათლის ნაკლებობის გამო, სრულიად გამოუსადეგარი გამხდარა.

მასაც აბა რა უნდა ექნა?

ადგა და იმათ მიეკედლა, აგერ ეკატერინე ჯუღაშვილისა და ყაზბეგის ქუჩების გადაკვეთაზე ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა საკუთარი სახლის წინ ძონძებით სავსე ხის დიდი ყუთი რომ გამოუტანა და შეძლებისდაგვარად ხუთივეს საკუთარ ლუკმას უყოფს, თუ რა თქმა უნდა როცა თვითონაც გააჩნია.  მეზობლები ბუზღუნებენ, პრეტენზიას გამოთქვამენ,-ყეფენ,არ გვაძინებენ, ნაგავს ქექავენ და აქეთ-იქით ყრიანო,თუმცა საჭმელს მაინც გადაუგდებენ ხოლმე და თუ რომელიმეს აედევნებიან, მაინც ‘’გადი, ძაღლო,იქით’’, -სიტყვებით მოიშორებენ.

ყოველ დილით, უნივერსიტეტისკენ მიმავალმა ეს ქუჩა ბოლომდე უნდა ჩავიარო. ვიცი, იქ, კუთხეში დამხვდებიან და ჩემს დანახვაზეც ერთიანად წამოვარდებიან, მერე გარშემო შემომივლიან, რომელიმე დამსუნავს კიდეც და თხოვნით სავსე თვალებით მომაჩერდებიან,აი,ისე ჩვენ,ადამიანები რომ ვამბობთ ხოლმე "რა წუწკი ძაღლივით მომჩერებიხარო’’. იციან, რომ პარკში მათთვის ყოველთვის რაღაც მაქვს გამოხვეული, სულ მცირე - წინა დღით მორჩენილი, უკვე გამომშრალი პურის ნატეხები. გაყოფაზე ჩხუბი რატომღაც არ მოსდით, თავისთვის ილოღნებიან. მერე წკავ-წკავით უნდა გამაცილონ და ისევ გზას უნდა გასცქირონ, ვინმე ღვთისნიერის მოლოდინში.

აი, გუშინწინ კი სხვა იყო. საბოლოოდ, დამემსხვრა სტერეოტიპი,იმის შესახებ, რომ "ძაღლი არაფერს ერჩის მას,ვინც საჭმელს აჭმევსო", ან კიდევ  "კეთილ ადამიანს და მის განწყობას ხვდებაო", - ოდითგანვე რომ გვესმის და თითქოს გვჯერა კიდეც.

ერთი სიტყვით, დილით, ლექციებზე ისე მაგვიანდებოდა, რომ მათთვის წასაღები საჭმელი კი არა და სიჩქარეში ტელეფონი და სათვალეც შინ დამრჩა. ჰოდა, მივდივარ ასე, თავჩაღუნული, გაჩქარებული ნაბიჯით და ვხედავ, რომ ჩემს  იმ მეზობელს, ვინც ისინი შეიფარა, ასე, მწკრივში დაწყობილი გვერდით მიყვებიან. უცებ, ის შავი მურა გამოექანა, მომვარდა და ფეხზე კბენა დამიპირა, კბილის ჩასობა ვერ მოასწრო, მაგრამ გვარიანად კი დამეჯახა. ჩემმა მეზობელმა დაუცაცხანა: "’შე სასიკვდილე, ვერ იცანიო" და მერე სხვებმაც რომ შეუღრინეს, თავჩაღუნული ბუნაგისკენ ფეხათრეული წალასლასდა. ღია ჭიშკართან მდგარმა  მეზობლის მეორე ქალმა შინ შემიპატიჟა და პირველადი დახმარება აღმომიჩინა. მთელი გზა რაღაცნაირად მტკიოდა ფეხი. სამსახურიდან ჩემს ბავშვობის მეგობარს, ექიმ ალიკას მაინც დავურეკე და რჩევა ვკითხე შრატის გაკეთების შესახებ. იმან კიდე, - "რახან ნაკაწრი არა გაქვს, არ გინდაო" და აცრასაც გადავრჩი. თუმცა ამ ძაღლებს ყურზე ყველას ყვითელი ან ვარდისფერი პალტოს ღილის მსგავსი ნიშნები აკერიათ, მაგრამ რას გაიგებ? ისინი ხომ თურმე ძალიან არაპროგნოზირებადი არსებები აღმოჩნდნენ ჩემს მიმართ გამოჩენილი არაკეთილი  განწყობის გამო.

ასე, რომ ჩვენი ქალაქის  "ადამიანის ერთგული მიუსაფარი მეგობრებით" სავსე ქუჩებში სიარული დღითი დღე საშიში და სარისკოც ხდება. მაგალითად, ჩემი თანამშრომელი სტალინის მუზეუმის ბაღში უკვე ორჯერ დაგლიჯა, მგონი, ერთმა და იგივე ძაღლმა.

გვპირდებიან და ნამდვილად არის  დაგეგმილი უახლოეს მომავალში უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის აშენება ქალაქიდან ცოტა მოშორებით, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით და საჭირო ლაბორატორიებით, ვოლიერებით იქნება აღჭურვილი, სადაც ცხოველებს სტერილიზაცია,ვაქცინაცია და კასტრაციაც ჩაუტარდებათ, მაგრამ ჩემი აზრით, შენობის აშენებამდე, ჩვენ თვითონ,გორელებს  ხომ არ გვეცადა ამ პრობლემის გადაჭრა და ისევ თითოეულ ჩვენგანს წაგვეყვანა სახლში ერთი მაწანწალა ძაღლი მაინც და ამ გზით რაღაცნაირად დროებით მაინც მოგვეგვარებინა ეს არც თუ ისე სახუმარო ამბავი? რა თქმა უნდა, რთული სოციალური პირობებიდან გამომდინარე ამას ყველა ვერ შეძლებს,მაგრამ იქნებ ჩვენ მაინც,ვისაც ჯერ კიდევ სამსახურები და რაღაც მცირეოდენი შემოსავალი გაგვაჩნია, იქნებ გვეცადა პრობლემის ასეთნაირად მოგვარება, თორემ არა მარტო ეზოში, არამედ ყველგან, მთელს ქალაქში "ფრთხილად, ავი ძაღლებია"!

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

Read 631 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი