მოკლედ გორის ორასწლიანი ისტორიის მქონე სასულიერო სასწავლებელზე

მარტი 04 2018

გორის სასულიერო სასწავლებელი 1817 წელს დაარსდა, თუმცა საზეიმოდ 1818 წლის 16 მაისს გაიხსნა. იგი ერთ-ერთი პირველი სასულერო გიმნაზია იყო საქართველოში. ამ სასწავლებელში ისწავლეს იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ლომოურმა, სოფრომ მგალობლიშვილმა , იოსებ სტალინმა და სხვებმა.

 

გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. მისი სწავლების მეთოდები და შედეგები ყოველთვის გამორჩეული იყო. თავდაპირველად სასწავლებელში მართმადიდებლების გარდა, კათოლიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს. მოსწავლეების ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო, ასაკში მკვეთრად განსხვავების გამო სასწავლო პროცესი არც თუ ისე გამართული აღმოჩნდა. 1836 წელს სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა, სასწავლებლის კურსდამთავრებულები სხვადახვა მუსულმანურ რაიონში ქრისტიანობის გავრცელებას ეწეოდნენ. შეიცვალა სასწავლო პროგრამაც - რუსულსა და ქართულ ენებს ოსური და თათრული ენების სწავლებაც დაემატა. გარდა ამისა, ასევე ისწავლებოდა ძველი სლავური გრამატიკა, მათემატიკა, საეკლესიო გალობა, ბერძნული და ლათინური ენები.

1838 წლისთვის სასწავლებელში 65 მოსწავლე სწავლობდა, მომდევნო წლებში კი მათი რიცხვი გაიზარდა და 1877 წელს გიმნაზიას 124 მოსწავლე და 9 მასწავლებელი ჰყავდა.

გორის სასულიერო სასწავლებელი თავდაპირველად მტკვრის ნაპირას, მეფის ქუჩაზე იყო განთავსებული. 1879 წელს სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველობას შორის შეთანხმების შედეგად უსასყიდლოდ გამოიყო მიწის ნაკვეთი და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 1888 წელს სასწავლებლის ახალი ორსართულიანი შენობა აშენდა. მომდევნო წელს, სასწავლებელში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე აკურთხეს.

1917 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა. 21-ე საუკუნის დასაწყისში სასწავლებლის შენობა ეკლესიას დაუბრუნდა, 2005 წელს შენობის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა და კერძო შემოწურულობის წყალობით 2006 წელს განახლებულ შენობაში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია გაიხსნა და 30 ოქტომბერს სასწავლებელში პირველი ზარი დაირეკა.

გასულს წელს გიმნაზიამ დაარსებიდან 200 წლისთავი აღნიშნა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი