რატომ არ უნდა იყოს სტალინის ქუჩა გორში?

წერილები Written by  ორშაბათი, 05 მარტი 2018 09:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თეონა ფანქველაშვილი

- თეონა, გამარჯობა. როგორ ხარ ? ხომ არ დაწერდი ბლოგს ჩვენი რადიოსთვის ?

- ბლოგს? არ ვიცი. რაზე შეიძლება დავწერო?
- იმაზე, რაც შენ ძალიან გაწუხებს. იმაზე, რისი შეცვლაც გინდა. 
- კარგი გვანცა, მაშინ დავწერ...

როდესაც მოძალადე სახლში უვარდება ადამიანს, ხოცავს უმიზეზოდ და ანადგურებს ოჯახს, მას ჩვენ მკაცრად ვსჯით, ვასამართლებთ და დამსახურებულ სასჯელსაც ვუსჯით. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც - უბრალოდ მოძალადე, მკვლელი გვიყვარს. არათუ გვიყვარს, მას ვაღმერთებთ, კერპად ვაქცევთ და მასზე ვლოცულობთ. 


რატომ არ უნდა იყოს სტალინის ქუჩა გორში?

ვიცი, ამის გამო, კიდევ ერთხელ აუცილებლად მისაყვედურებენ და მკაცრი სიტყვებითაც გამკიცხავენ. ეს არაერთხელ მომხდარა  სოციალურ ქსელში. პრინციპში, მაინც უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც რამოდენიმე წლის წინ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და 1 წლის წინ კი მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, ტოტალიტარიზმი ისევ რჩება.

დაგვპირდა კიდეც დიდი ბელადი, იდენტობას წაგიშლითო, დაგაკარგვინებთო და ასეც მოიქცა. 70 წელი ბოროტების იმპერია ცდილობდა წაეშალა ჩვენში ის ჰუმანური და ადამიანური მიდგომები, რაც მანამდე ქართული კულტურის, ჩვენი იდენტობის ნაწილი იყო.. თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მრავალფეროვნების სიყვარულს სტალინი ძალადობრივი გზებით დაუპირისპირდა. ამიტომ არის, რომ მისი ნარჩენები დღემდე მოგვყვება და გორში არათუ მთავარი ქუჩაა მისი სახელობის, დღეს, 21 საუკუნეში, მისი ძეგლის დადგმას ითხოვენ, ჯიხურებსა და სასტუმროების მისი ტილოები ამშვენებს და მალე გაიხსნება მისი სახელობის რესტორანი, რომელსაც „ჯოზეფი“ ერქმევა.

თუ ჩვენ ისტორიას გავეცნობით, რას აკეთებდა ამხანაგი სტალინი იმისთვის, რომ ეს პატარა ქვეყანა გაენადგურებინა და დაეთრგუნა, ალბათ შეგვრცხვება კიდეც და ბოდიშსაც მოვუხდით იმ უამრავ რეპრესირებულ ოჯახს, რომელიც მან გაანადგურა, რომლებსაც ასახლებდა შორეულ ციმბირში. ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. ზოგს წარმომავლობას უწუნებდნენ - ამხანაგ სტალინს ხომ ამის დიდი კომპლექსი ჰქონდა, ზოგს - შეხედულებას, ზოგს - გამონათქვამებს, ,ზოგს - განათლებას და თუ რომელიმეს ევროპაში ჰქონდა განათლება მიღებული, მას ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენდნენ. ზოგს უბრალოდ გამოხედვას და გაღიმებასაც კი.


ადამიანებს ასამართლებდნენ და მოსამართლეებმა თვითონაც არ იცოდნენ, რისთვის. ბრძანება ჰქონდათ ასეთი, უნდა მოეწერათ ხელი დახვრეტას ან გადასახლებას. თუ გაუმართლებდა ზოგს, დიდი ხნით ჩასვამდნენ ციხეში და იქიდან ან გამოვიდოდნენ ცოცხლები ან არა. აქ მინდა ილიას სიტყვები მოვიშველიო: "თუ გინდა ერს წარმომავლობა დაავიწყო, მას ისტორია უნდა გაუყალბო". და ასეც გააკეთა ბოროტების იმპერიამ და გააყალბა ისტორია. ერის მოღალატეები გმირებად წარმოგვიდგინა და გმირები - მოღალატეებად. აიძულებდნენ მწერლებს ეწერათ მხოლოდ ის, რაც ამხანაგ სტალინს და მისი რეჟიმისთვის იქნებოდა მოსაწონი; აიძულებდნენ რომ მისთვის მიეძღვნათ ლექსები, პოემები, რომანები .სიმღერები. მხატვრებს შეექმნათ ლამაზი ტილოები, მოქანდაკეებს - ძეგლები. არ ვიცი ეს მოსწონდა თუ არა სტალინს, მაგრამ მწერლებს ეს ყველაფერი იმდენად გადაუვიდათ ჩვევაში, რომ მერე და მერე ამას სიამოვნებითაც აკეთებდნენ.


იყო ასეთი მოსაზრებაც: რა ესაქმება მწერალს პოლიტიკასთანო. ეს დემაგოგების მოგონილია. განსაკუთრებით ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის ქვეყნებში ჰქონდა ამ ფორმულას გასაქანი. უცნაურია!


უნიჭიერესი ხალხისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო მსგავსი თემები. შევარცხვინე ისეთი მწერალი, ოფიციოზისგან რომ ითხოვს სამშობლოს სიყვარულის ნებართვას. არადა, ითხოვდნენ.


ხშირად პირდაპირ იარაღით კლავდნენ და თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ ტალანტები. ეს იდეოლოგია კლავდა ყველაფერს ღირებულს, მნიშვნელოვანს.


ქუჩაში გავალთ და გვეტყვიან, - მსოფლიოს აზანზარებდა, მან ომი მოიგო; რომ არა ის, ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით; ქართველი იყო, გორელი იყო.


ქართველი იყო, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის რუსად მოიხსენიებდა და რცხვენოდა საკუთარი წარმომავლობის. კი, იყო ქართველი, გორელი. ალბათ ისიც ასე დადიოდა ბავშვობაში და სიყრმის წლებში როგორც ჩვენ. ჰყავდა მეგობრები, მეზობლები, მასწავლებლები, მაგრამ  შემდეგ ისინი  სიკვდილით დაასაჩუქრა.


მოგესალმებით, ჩემი ქალაქის მთავარი ქუჩა დღეს მკვლელის სახელს ატარებს.


მადლობა.

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 2691 times Last modified on ორშაბათი, 05 მარტი 2018 10:28

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი