ლევან ფატარიძე - 36 წლის მეხანძრე-მაშველი გორიდან

Rate this item
(0 votes)

ლევან ფატარიძე 36 წლის მეხანძრე-მაშველია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ლევანი 11 წელია ამ პროფესიას ემსახურება და როგორც თავად ამბობს, ეს არჩევანი ადამიანების დახმარების სურვილმა განაპირობა.


“2008 წლის მაისიდან ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უკვე 11 წელი ხდება, რაც ეს პროფესია ავირჩიე. პირველ რიგში, არჩევანი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების დახმარების სურვილმა განაპირობა. შემდეგ კი მეხანძრე-მაშველობა უკვე ჩემს პროფესიად იქცა. ჩემი მორიგეობა დილის 9 საათზე იწყება და 24 საათი გრძელდება“.


სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. 

"ბევრი რთული გამოძახება ყოფილა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომი ჩემთვის ემოციური და ძალიან რთულად გასახსენებელი პერიოდია, რომელიც არასდროს დამავიწყდება. სულ რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, გორში დაბომბვის შემდეგ სამხედრო ნაწილში და საცხოვრებელ კორპუსებში გვიწევდა ხანძრის ქრობა და ადამიანების დახმარება. რთული სამსხური გვაქვს, გიწევს რისკებზე წასვლა, ადამიანის სიცოცხის გადარჩენა, მაგრამ მთავარია, ამ დროს არაფრის შეეშინდეს და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო".


ლევანი ამბობს, რომ რეაგირება ცრუ გამოძახებებზეც უწევთ.

"ცრუ გამოძახებები ხშირად არ არის, მაგრამ იშვიათად მაინც ხდება ხოლმე. ჩვენ ყველა გამოძახებაზე ვახდენთ რეაგირებას, შევისწავლით ადგილზე სიტუაციას და მხოლოდ მაშინ ვტოვებთ ტერიტორიას, როცა დავრწმუნდებით, რომ საფრთხე არ არსებობს".


12 ივნისი, შსს სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან მეხანძრე-მაშველთა პროფესიული დღეა. ქვეყანაში პირველი ოფიციალური სახანძრო რაზმი თითქმის ორი საუკუნის წინ შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული მეხანძრეები, სამწუხაროდ,  ბევრ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, ებრძვიან ცეცხლს და სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. 

Read 1371 times Last modified on ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 12:37

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი