ცირკი, კინო და ბაზარი - ონისეს ისტორია გორიდან

Rate this item
(0 votes)

84 წლის ონისე მოდებაძის სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყება. „ქალებო, ნატვრისთვალებო“ - ასეთი შეძახილების გაგონების შემდეგ, გორის ავტოსადგურში ყველა ხვდება, რომ ონისემ სამუშაო დღე დაიწყო.


25 წელზე მეტია, ყოველდღე ქუჩაში გამოდის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთებს ყიდის

„დილის 8 საათზე გამოვდივარ და დაახლოებით 3 საათამდე ვჩერდები. ერთი შვებულება არ მქონია, სულ ვმუშაობ მთელი სიცოცხლე. ადრე უკეთესი იყო, ახლა ბევრი გამოჩნდა ჩემნაირად და ისეთი მოგება აღარ არის. ხან 5 ლარია მოგება, ხან - ნაკლები, ხან - ცოტა მეტი, ბაზარს გააჩნია“

ონისე მოდებაძე 1935 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში დაიბადა. ბავშვობიდან ბევრს ვერაფერს იხსენებს. მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ვერასდროს ვერ დაივიწყებს, იყო მაშინ, როდესაც რეჟისორი რეზო ჩხეიძე ყინწვისში ესტუმრა.

„მამაჩემს უნდა ჰქონოდა ეპიზოდური როლი ფილმში „მაია წყნეთელი“, თუმცა იმ მომენტში, როცა რეზო ჩხეიძე ჩამოვიდა, მამა ტყეში იყო ჩასული. მასთან მსგავსების გამო, რეჟისორმა მე შემარჩია. ასე აღმოვჩნდი „მაია წყნეთელის“ გადასაღებ მოედანზე. მაშინ 23 წლის ვიყავი. ცხონებული რეზო ჩხეიძე, ძაან კარგი კაცი იყო. ატენში და უფლისციხეში იყო გადაღებები.“


ონისემ ბედი ცირკშიც სცადა. თბილისში გადავიდა და იქ 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, უფროსთან უთანხმოების გამო, ცირკიდან წამოვიდა. იგი ამ პერიოდზე ცოტას საუბრობს.

„ვერ გამომივიდა ცირკში მუშაობა, არც მომწონდა და მერე უფროსთანაც უთანხმოება მომივიდა, ამიტომ სოფელში დავბრუნდი. ცოტა ხანში კი, გორში გადასვლა გადავწყვიტე“.

გორში 1960 წლიდან ცხოვრობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა დარაჯად. აქ მუშაობისას, მან კიდევ ერთი როლი მიიღო ფილმში „ჯადოსნური ღამე“, რომელიც 1983 წელს რეჟისორმა თემურ ფალავანდიშვილმა გადაიღო.

„ქარხანაში შემამჩნია შემთხვევით რეჟისორმა. ფილმი-ზღაპარი იყო სამ ძმაზე, მე განძის მცველის როლი შემხვდა, ისიც ეპიზოდურად“, - იხსენებს რადიო "მოზაიკასთან" ონისე.

საკონსერვო ქარხნიდან წამოსვლის შემდეგ, ონისე ერთი დღეც არ გაჩერებულა სამუშაოს გარეშე. ამ პერიოდიდან დღემდე, ის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამსვლელ სამარშრუტო ავტობუსების მგზავრებს პოზიტიური განწყობით აცილებს, თან პირველადი მოხმარების ნივთებს ყიდის. ონისემ თავისი გარითმული ლექსი „ქალებო,ნატვრისთვალებო“ ერთგვარ სავიზიტო ბარათად აქცია.

ონისე ონისე ონის

ის დღესდღეობით, თავის 2 ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე და 2 ვაჟიშვილი გარდაცვლილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, ორივე შვილი ავადმყოფობდა და 1 წლამდე ასაკის იყვნენ, როცა გარდაიცვალნენ.

„ჩემი ცხოვრება სულ ტანჯვაში ვარ“ - ამბობს და მაინც იმ დადებით განწყობას ინარჩუნებს, რომელსაც ყოველდღიურად ავტოსადგურის მძღოლებს და მგზავრებსაც უზიარებს.

Read 12276 times Last modified on პარასკევი, 14 ივნისი 2019 13:05

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი