გორელი მასწავლებელი, რომელმაც საქართველოს სახელი სატელიტის მსოფლიო რუკაზე გაიტანა

Rate this item
(0 votes)
ირმა კურტანიძე 11 წელია, რაც აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის გორის მე-11 საჯარო სკოლაში რუსულ ენას ასწავლის. მან კარგად იცის, რომ რუსული ენა დღეს პოპულარული არ არის, თუმცა ძალისხმევას არ იშურებს ბავშვებს შეაყვაროს და ასწავლოს ენა სხვადასხვა ინოვაციური მეთოდებით.
მიმდინარე სასწავლო წელს მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო პროექტში - „WPSP“. კურტანიძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, სატელიტის მსოფლიო რუკაზე მე-11 სკოლამ საქართველოს სახელი გაიტანა.
„პროექტის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების ურთიერთკომუნიკაცია მუსიკის ენით. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი სკოლის მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ირმა გაგლოევი, ელენე ნადიბაძე და მაიკო ტერმაკოზაშვილი. პროექტის განხორციელების შედეგად, სატელიტის მსოფლიო რუკაზე მე-11 სკოლამ საქართველოს სახელი გაიტანა“.
გარდა ამისა, ის დარეგისტრირებულია სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც ის თავის მოსწავლეებს რუსულ ენას შეასწავლის. მას მაიკფორსოფტის თანამეგობრობის საიტზე ტრენერის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„დარეგისტრირებული ვარ მაიკროსოფტის მსოფლიო მასწავლებელთა თანამეგობრობის საიტზე, სადაც მონიჭებული მაქვს MIE 2018-2019 ტრენერის სტატუსი, ვიღებ მონაწილეობას MIE ექსპერტის პროგრამაში. წელს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე IEARN-ის პროექტი, ასევე დავრეგისტრირდი eTwinning-ის პორტალზე და მომავალ სასწავლო წელს ვგეგმავ აქტიურად ჩავერთო პროექტებში და ღონისძიებებში“.
ირმა სკაიპის საშუალებით მოსწავლეებს აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან, მათი კულტურის გასაცნობად, ურთიერთობის დასამყარებლად, რათა ტოლერანტული და ჰუმანური ღირებულებები ჩამოუყალიბდეთ, რაც შეუწყობს ხელს მათი ინტერკულტურულ და სოციალურ განვითარებას. როგორც ირმა აღნიშნავს, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ უცხოელ თანატოლებთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ინტერკულტურული განათლების საკითხებზე ორიენტირებულია რუსული ენა, რაც ეხმარება მის მოსწავლეებს უცხო კულტურის გაცნობაში.
„სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მოსწავლეები დიდი ხალისით თამაშობენ Kahoot-ს, Quizizz-ს, Quizlet-ს, ასრულებენ სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშებს LearningApps რესურსების გამოყენებით, რაც მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენებას უწობს ხელს, ასევე Edmodo-ში ვუგზავნი ვიდეოფაილებს, ტესტებს და სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსებს. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ასრულებენ ასეთი ფორმით მიწოდებულ დავალებებს“.
ამჟამად, ირმა კურტანიძე კიდევ ერთ საინტერესო პროექტშია ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ მიერ დაიგეგმა ღონისძიება „მწვანე ბიზნესის დღე“. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ნატურალური პროდუქტის, ასევე ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების პოპულარიაზაციაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე საზოგადოებაში. მათ სურთ თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ახალ თაობას, რაშიც ეხმარებიან პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან. მე-11 სკოლიდან ირმა კურტანიძე და ირმა გაგლოევი ჩაერთნენ მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო, ინოვაციური ფორმით განსახორციელებელ პროექტში. მოსწავლეებმა დათესეს მზესუმზირა და სულ რაღაც 10 დღეში მოიყვანეს სასარგებლო მიკრომწვანილი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი დააგემოვნეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
„არც ისე დიდი ხნის წინ, სასწავლო პროცესი ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მივხვდი, რომ გაკვეთილი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული, როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. როდესაც ვუყურებ თითოეულ მოსწავლეს, ვცდილობ ამოვიცნო მათი სურვილები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ მათ ის, რაც მათ არ სურთ, არამედ ვეცადოთ ვიპოვოთ კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ დავინახოთ და მივიღოთ ჩვენი მოსწავლეების შინაგანი სამყარო ისეთად, როგორიც ის არის, შეგვეძლოს პატიება და შეცდომების აღიარება, სიყვარულზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების დამყარება. მოსწავლეებს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეთ, მათ უნდა ჰქონდეთ უფროსის მხარდაჭერა, იმისათვის რომ გახდენენ უკეთესები“.
Read 2601 times Last modified on ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 10:38

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი