გორელი ქალი, რომელმაც ქალაქს საბრძოლო დიდების მუზეუმი გადაურჩინა

Rate this item
(0 votes)

"90 - იან წლებში კრიმინალური დაჯგუფებები ცდილობდნენ მუზეუმში დაცული ცეცხლსასროლი იარაღი მიეთვისებინათ. ყოველ ღამით ვმორიგეობდით თანამშრომლები და მუზეუმს ექსპონანტები შევუნარჩუნეთ", - იხსენებს დარია ვაშაგაშვილი.

46 წელია, რაც დარია ვაშაგაშვილი გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორია. მუზეუმი თავდაპირველად საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა და მას გორელი ვეტერანი, ირაკლი ყანდარელი ხელმძღვანელობდა. მუზეუმმა ოფიციალური სტატუსი 1973 წელს მიიღო.

"1973 წელს კულტურის სამინისტრომ ოფიციალური სტატუსი მოგვანიჭა. მაშინვე დავიწყეთ მუზეუმის რეკონსტრუქცია აკადემიურ დონეზე, მივუმატეთ ფართი, მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა, შევიძინეთ სამუზეუმო ექსპონატები და მუზეუმი გახდა უფრო საინტერესო და მიმზიდველი დამთვალიერებლისთვის", -  ამბობს დარია ვაშაგაშვილი

საბრძოლო დიდების მუზეუმი ვიზიტორების რაოდენობას არ უჩივის. მუზეუმი საკუთარ სტატისტიკასაც აწარმოებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი მუზეუმში 1985 წელს მივიდა. ამ წელს ექსპოზიცია განაახლეს 

"გორის საბრძოლო დიდების მუზეუმს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი და  ადგილობრივი მოქალაქე სტუმრობს . ყველაზე მეტი დამთვალიერებელი 1985 წელს ექსპოზიციის განახლების შემდგომ მუზეუმის პრეზენტაციაზე მახსოვს. გახსნას მაშინ ძალიან ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა", - იხსენებს დარია.

შენობაში 10 000 ზე მეტი ექსპონანტია დაცული. მათ შორისაა "მეომარი - გამათავისუფლებელი", რომელიც საბრძოლო დიდების მუზეუმს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა უსახსოვრა.

"ჩვენთან  სულ  10 000 სამუზეუმო ექსპონატია დაცული, თითოეულს თავისი დანიშნულება და ისტორია აქვს. აქ არის "მეომარი - გამათავისუფლებელი", რომელიც ელგუჯა ამუშუკელმა შექმნა და ჩვენ მუზეუმს უსახსოვრა",

meomari gamatavisuflebeli

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები მუზეუმისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში მრავლად იყვნენ, მის გაძარცვას ცდილობდნენ. 90 - იან წლებში გაიტაცეს ტყვიამფრქვევი "მაქსიმი", რომელიც მუზეუმმა წლების შემდეგ დაიბრუნა.

"90 იან წლებში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებები ცდილობდნენ მუზეუმში დაცული ცეცხლსასროლი იარაღი  მიეთვისებინათ. ჩვენ ამისი შესაძლებლობა არ მივეცით დავაწესეთ ღამის მორიგეობა , გადავმალეთ ექსპონანტები.

მაშინ მოხდა მუზეუმში დაცული ტყვიამფრქვევი ,,მაქსიმ“- ის ძალის გამოყენებით გატაცება. წლების განმავლობაში ყველგან ვეძებდი, 5 წლის შემდეგ  ვიპოვე და დავუბრუნე მუზეუმს".

საბრძოლო დიდების მუზეუმს არც მაშინდელი მთავრობა სწყალობდა. ხელისუფლებას მაშინ მუზეუმის ფართის გაყიდვაც სურდა, თუმცა გორელი ვეტერანების ძალისხმევით, ტერიტორია კერძო პირზე ვეღარ გაასხვისეს.

"მაშინდელმა ხელისუფლებამ მუზეუმის კერძო პირზე გასხვისება გადაწყვიტა. მას კი სხვა მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა ეს ფართი. დავუკავშირდი გორში და გორის რაიონში მცხოვრებ ყველა ომის ვეტერანს და მათი პროტესტის და თანადგომის ფონზე შევძელი მუზეუმის გადარჩენა", - იხსენებს დარია

საბრძოლო დიდების მუზეუმი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. იქ დღეს ახალგაზრდები აწყობენ დისკუსიებს, მსჯელობენ სხვადასხვა ისტორიული ფაქტების შესახებ. 

"ლექცია-საუბრები“ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ჩვენგან იღებენ ინფორმაციას მნიშვნელოვანი  ისტორიული ფაქტების შესახებ , ვაწყობთ  დისკუსიებს და გამოფენებს. უახლოეს გამოფენას 8 აგვისტოს ვგეგმავთ , ვმუშაობთ 8 აგვისტოს ცოცხალი გმირების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე  და შემდეგ საზოგადოებას მათთვის უცნობ გმირებს გავაცნობთ", - ამბობს დარია.

Read 2207 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი