პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით - რას ნიშნავს ეს?

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 02 ივლისი 2019 08:48 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ბაჩანა ხუციშვილი,"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი

ქუჩის აქციები და დემონსტრაციები დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ამ მეთოდს აქტიურად მიმართავენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ თუ ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ეს იარაღი, შეიძლება ითქვას, რომ არანაკლებ (თუ მეტად არა) ინტენსიურად და მძაფრად გამოიყენება, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის მქონე საზოგადოებებში.

30 წლის წინ, სწორედ ქუჩის დემონსტრაციებით დაიწყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რაც სწრაფადვე დაგვირგვინდა კიდეც დამოუკიდებლობის აღდგენით და მას შემდეგ რთულად თუ გაგვახსენდება რომელიმე წელი საქართველოში, რომელმაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ქუჩის პროტესტის გარეშე ჩაიარა.

იგივე მოხდა ერთი კვირის წინაც, როდესაც საზოგადობის გულისწყრომა გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვამ. საზოგადოებამ პრაქტიკულად იმ წუთშივე დაიწყო ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზება, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის ღამის ცნობილი სისხლიანი მოვლენები და პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდა.

თუმცა, ამ პროტესტის ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი წარსულში გამართული საპროტესტო აქციებისგან. ტრადიციულ პოლიტიკურ მოწოდებებსა და მოთხოვნებს შორის (გადადგეს ეს, დაისაჯოს ის და ა.შ.) აქციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ მოითხოვა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, რასაც 4 დღეში მოჰყვა მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისული თანხმობა, ოღონდ ნულოვანი ბარიერით, რაც არავის მოუთხოვია. უკიდურესად დაძაბულ და ძალიან სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ პროცესში ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის ამ პოლიტიკური ტერმინების შინაარსი და მათგან მომავალი პოტენციური დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. წინამდებარე ბლოგში ვეცდები შეძლებისდაგვარად ნათელი მოვფინო ამ საკითხს.

 

პროპორციული არჩევნები

პროპორციული არჩევნების სისტემა მოქმედებს ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში. ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტია იღებს იმდენივე საპარლამენტო მანდატს, რამდენ პროცენტსაც მოიპოვებს არჩევნებში ბარიერის გადალახვის შემდეგ. ხმების სამართლიანი გადანაწილება პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი პლიუსია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ პარტია აიღებს 10%-ს, პარლამენტში ეყოლება დეპუტატების 10%, თუ აიღებს 20%-ს, ეყოლება დეპუტატების 20% და ა.შ. განსხვავებით აქამდე მოქმედი მაჟორიტარული სისტემისგან, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე ვხაზავდით 2 ბიულეტენს: ერთში ჩვენ ვირჩევდით პოლიტიკურ პარტიას, ხოლო მეორე ბიულეტინით ვირჩევდით ჩვენი საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებს პარლამენტში. ანუ გორელები გორის წარმომადგენელს, ხაშურელები ხაშურის, კასპელები კასპის, ქარელელები ქარელის და ა.შ.

თუმცა, რეალურად, მაჟორიტარობის კანდიდატები, ხშირად ადგილობრივი გავლენიანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც პირადი სარგებლის მიზნით ურიგდებოდნენ იმ დროინდელ მმართველ პარტიას და მათი სიით გადიოდნენ პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 150 დეპუტატს ვირჩევთ. აქამდე მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, 150-დან 73 იყო მაჟორიტარი, ხოლო დანარჩენი 77 კი პარტიული სიით, ანუ პროპორციული სისტემით გასული. აღნიშნული ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ ვისაც მხარს უჭერდნენ მაჟორიტარები, სწორედ ის პარტია ფლობდა საპარლამენტო უმრავლესობას, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლებას აწყობდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ დღემდე გვყავს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ოლქში წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიას და მესამე, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდაც მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრები არიან.

მაჟორიტარული სისტემის კიდევ ერთი (და ძალიან მნიშვნელოვანი) უარყოფითი შედეგი არის ერთპარტიული მმართველობა, რაც მუდმივი გამოწვევა იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოსთვის. პროპორციულ სისტემებში კი, როგორც წესი, ქვეყნებს კოალიციური მთავრობები მართავენ, რადგან ცალკე აღებულ ნებისმიერ პარტიას უჭირს არათუ საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი 51%-იანი უმრავლესობის აღებაც კი.

 

ნულოვანი ბარიერი

თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა, ნულოვანი ბარიერის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ნულოვანი ბარიერი არ ნიშნავს მართლაც ბარიერის არარსებობას. ამ სისტემის პირობებში, 150-დან ერთი დეპუტატის მანდატის მისაღებად, საჭიროა პარტიამ მიიღოს არჩევნებზე მისული ადამიანების ხმათა 0.67%, რაც საქართველოს პირობებში, წინა არჩევნების სტატისტიკის გათვალისწინებით, დაახლოებით 13 000 ხმას უდრის. აქამდე არსებული 5%-იანი ბარიერის დროს პარტიას სჭირდებოდა მინიმუმ 80-90 ათასი ხმა, რომ უბრალოდ მოხვედრილიყო პარლამენტში, თუმცა უფრო მეტი მანდატით.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამას?

თეორიულად, ნულოვანი ბარიერი არის ყველაზე დემოკრატიული სისტემა სხვა დანარჩენ სისტემებს შორის, რა დროსაც პარლამენტში წარმოდგენილია პრაქტიკულად ქვეყანაში არსებული ყველა სოციალური ჯგუფი. უხეშად თუ ვიტყვით, ყველა ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რომელიც დაარწმუნებს 13 000 და მეტ ადამიანს, რომ მას ხმა მისცენ და კანონით ამის უფლება შეზღუდული არ ექნება, მოხვდება პარლამენტში.თუმცა, პრაქტიკულად ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან ბარიერის არარსებობის და მხოლოდ ე.წ. „ბუნებრივი ბარიერის“ პირობებში პარლამენტში მოხვედრა უადვილდებათ როგორც დემოკრატიულ ძალებს, ისე მემარჯვენე თუ მემარცხენე პოპულისტებს, რელიგიურ ფუნდამენტალისტებს, მტრულად განწყობილი ქვეყნის აგენტებს და სხვა აგრესიულ და დესტრუქციულ ძალებს.

მეორე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ნულოვან ბარიერს თან სდევს, არის პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება და დაშლა. თუ 5%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს უხდებოდათ გაერთიანება, რათა დაეძლიათ ეს ბარიერი, დღეს ამის საჭიროება მათ აღარ გააჩნიათ, რადგანაც, შესაძლოა, რომ პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობამ დამოუკიდებლად სცადოს პარლამენტში მოხვედრა თუნდაც 1 ან 2 დეპუტატით. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ასეთი დაყოფა კი ტრადიციულ მსხვილ პარტიებს უადვილებს მცირე და ნაკლებად გავლენიანი ძალების დაჩაგვრას და მათით მანიპულაციას.

თუმცა ამას აქვს დადებითი მხარეებიც. კერძოდ ის, რომ ამომრჩევლის ხმები აღარ დაიკარგება. აქამდე არსებულ საარჩევნო სისტემაში, სადაც პოლიტიკურ პარტიას 5% აუცილებლად უნდა გადაელახა, ძირითადად ფინანსურად და სტრუქტურულად ძლიერი პარტიები დომინირებდნენ, შედარებით მცირე პოლიტიკური ძალების ხმები კი იკარგებოდა. ასე მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 3-მა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, რომელთა ხმების რაოდენობა ჯამში 80%-ს შეადგენდა. ანუ ამომრჩეველთა 20%-ის ხმები უბრალოდ გადანაწილდა იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც მათ ხმა არ მიუციათ. აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ სულ რამდენიმე ათეული ხმით შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თორემ საარჩევნო ხმების 25%, ანუ ყოველი მეოთხე ხმა გადანაწილდებოდა იმ დროისთვის 2 ყველაზე მსხვილ პარტიაზე, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. საარჩევნო ხმების დაკარგვა ერთმნიშვნელოვნად ცუდად მოქმედებს როგორც ამომრჩევლის მოტივაციაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე, ისე პროცესის დემოკრატიულობაზე.

 

დასკვნა

ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯია საარჩევნო სისტემის გასაჯანსაღებლად, ხოლო ნულოვანი ბარიერის შემოღება შეიცავს როგორც სარგებელს, ისე მნიშვნელოვან რისკებსქართული დემოკრატიისთვის.

 

 

რა უნდა გაკეთდეს?

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე არსებული 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დიდ დაბრკოლებებს უქმნიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და განსაკუთრებით ახალი ძალების შემოსვლას პოლიტიკაში, ხოლო მხოლოდ „ბუნებრივი“, ანუ 0.67%-იანი ბარიერი თავის მხრივ შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს, არსებულ სიტუაციაში ოპტიმალურ გამოსავლად მიმაჩნია საარჩევნო სისტემის მოწყობა სრულად პროპორციული სისტემით, თუმცა 3%-იანი საარჩევნო ბარიერით. ეს აგვარიდებდა თავიდან ერთის მხრივ, დესტრუქციული ძალების, რადიკალებისა და ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ელემენტების მარტივად მოხვედრას საქართველოს პარლამენტში, ხოლო მეორეს მხრივ ავიცილებდით პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას და მათ დასუსტებას. ასევე, 3%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკაში მოხვედრის მეტი შანსები გაუჩნდებათ ახალგაზრდა ლიდერებს და ამაღლდება ამომრჩევლის მოტივაციაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან მათ ფავორიტ პარტიას საპარლამენტო დეპუტაციის ყოლის მეტი შანსი ექნება და მათი ხმა აღარ დაიკარგება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 302 times Last modified on სამშაბათი, 02 ივლისი 2019 08:57

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი