ჩვენ 20 ივნისს მხედველობა დავიბრუნეთ

ხალხის ხმა Written by  ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 12:35 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თინა თაყაძე

სანამ საზოგადოება ცალი თვალით ყველაფერს დავინახავდით, მშვიდად, დინჯად, მშივრები, პრობლემებით დამძიმებულნი, ორივე თვალით დაბრმავებულნი, დავაბიჯებდით უხმაუროდ, გამოსავლის ძიებაში ჩაფიქრებულნი.

საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩვენ ძალიან დავიღალეთ და ხელი ჩავიქნიეთ ცხოვრებაზე. მომავლის იმედიც რომ არ გვქონდა, ამასავ მიხვდა. ზოგიერთი ჩვენგანი საკუთარი და სხვისი შვილების უსაფრთხოებას და მომავალს საკვებ პროდუქტებზე ან/და ათეულობით ლარზე ცვლიდა. ხელისუფებამ დაასკვნა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ვეღარაფერს ვიგრძნობდით და გავაკეთებდით.

ხოდა, იფიქრეს ესენი ხმის ამომღებები არ არიანო და მათი ,,ერთმორწმუნე მეგობრების“ ნაბიჯ-ნაბიჯ შემოსვლის შემდეგ, ახლა პირდაპირ პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე დაგვისვეს ეს „მეგობარი“.

საქართველოს მტერი - გავრილოვი, საპატიო ადგილას დააბრძანეს.

იფიქრეს, ამასაც გადაყლაპავენ, როგორც სხვა დანარჩენიო და გულდამშვიდებულნი, სავარძლებსა და თხელ ეკრანებს მიუსხდნენ. მეც მათსავით, ან მათზე ნაკლებად აქტიურად მოვთავსდი სავარძელში და როგორც ყოველთვის, ,,რუსთვი 2“ ჩავრთე.

ვხედავ გავრილოვს, რომელიც პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის სავარძელში მოკლათებულიყო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ყველამ კარგად იცით, რა გახდა ჩვენი პროტესტის მიზეზი. ჩვენ სახელმწიფო თავზე გადაგვამტვრიეს (დაგვიპირეს), ჩვენ გრძნობებზე გაითამაშეს და სადამდე ვიყავით განადგურებულები და ყოველდღიურ პრობლემებში გაფანტულები, გარკვევას შეეცადნენ.

ჩვენ კი, ავფეთქდით!

ყველაფრის მიუხედავად, უამრავი გასაჭირის და ყოველდღიური არსებობისთვის, ბრძოლით დაღლილებმა, უეცრად შემოვიკრიბეთ ძალები და გავცოცხლდით.

ჩვენში თავმოყვარეობამ იფეთქა. და ეს აფეთქება არ არის და არ იყო წუთიანი, ერთდღიანი. რაინდები, მეფეები და მისი ვეზირები გაიქცნენ, დაიმალნენ. ჩვენ კი, დავრჩით. დავრჩით იმ საქართველოს დასაცავად და გადასარჩენად, წინა დღით, მასში ქართველობას რომ იცავდნენ.

ჩვენ თვალები დაგვთხარეს, მოგვწამლეს, გვცემეს და ზედაც კი გადაგვიარეს. ,,შეგვაშინეს, ჭკუა გვასწავლეს“ ჯალათებმა, უჭკუო ხელისუფლების ბრძანებით. სისხლიანი გაკვეთილი ჩაგვიტარეს. კიდევ გამოხვალთ და უარესს მიიღებთო, გაგვაფრთხილეს.

ჩვენც შევშინდით!

შეგვეშინდა, ძალიან შეგვეშინდა იმისა, რომ არ შეგვშინებოდა!

ავდექით და, ათჯერ მეტნი გავედით!

ავდექით და ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შარტავას, გაბისკირიას, და სხვათა დაკარგული სიცოცხლის დასაცავად გავედით!

საოცრება მოხდა!

დასახიჩრებული, სიკვდილის პირას მიყვანილი ადამიანები, თვალებდათხრილი ბავშვები, საავადმყოფოს კედლების მალე დატოვებას იმიტომ ცდილობდნენ, რომ ჩვენ გვერდით, სამშობლოს სამსახურში მდგარიყვნენ.

იმ ღამის შემდეგ, ჩვენ ცალი თვალით ვიხედებით. აქამდე ორივე დაბრმავებული გვქონდა. ახლა ჩვენი გადარჩენილი თვალები უფრო მეტს და მკაფიოდ ხედავენ, რადგან საღით ვხედავთ და ამოთხრილით ვგრძნობთ!

 

 

რუბრიკაში "ხალხის ხმა" გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 390 times Last modified on ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 12:51

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი