დამწყებ ხელოვნებს ბიძგი გვჭირდება

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 09 ივლისი 2019 15:18 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია ჯოხაძე-მჭედლიშვილი

ადამიანს სულ პატარა "ბიძგი“ სჭირდება, რომ საკუთარ თავში ნაპოვნი ძალა, რომელიც სანუკვარი ოცნების ახდენაში დაეხმარება, რეალობად აქციოს. შეძლოს იყოს რეალიზებული და აღიარებული იმისთვის, რომ გამოადგეს ოჯახს და ქვეყანას. ყველაფერი იწყება არაფრისგან, მაგრამ არასდროს სიზარმაცით და ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგომით და კეთილი ადამიანების დახმარებით.

სწორედ ასეთი ადამიანების ორგანიზებით ივლისის ბოლოს გორში უპრეცენდენტო ღონისძიება, საერთაშორისო მოდის კვირეული იგეგმება, Region Fashion week festival 2019,  რომელიც 20, 21 და 22 ივლისს გაიმართება. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ვორქ - შოფები, პერფორმანსები და ლუქების ჩვენებები, ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით რეგიონისათვის აქტუალურ და მტკივნეულ თემაზე - „არა ოკუპაციას“ და „ერთიანობა და მშვიდობა“. მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნის დიზაინერები, მოდის კრიტიკოსები, მოწვეული სტუმრები და რაც ყველაზე სასიხარულო და მისასალმებელია, მათ შორის ვართ ჩვენც, ადგილობრივი დამწყები დიზაინერები: სოფიო ტუაევი, ნინო ქარქუსაშვილი, მარიამ პაპიტაშვილი, ლიზი მამულაშვილი და მე, ნათია ჯოხაძე - მჭედლიშვილი.

 

აღნიშნული ფესტივალი დიდი საჩუქარი და ტრამპლინია ჩვენი მომავალი განვითარებისთვის, რადგან ყველა ხელოვანისთვის და განსაკუთრებით დამწყებთათვის, ძალზედ  მნიშვნელოვანია საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მიტანა.  არადა, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენთაგანისთვის შეუძლებელია სხვა ამ დონის და მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მაღალი საწევრო გადასახადის გამო. ეს რეალობაა, რის გამოც იძულებული ხარ გაიყინო ერთ ადგილზე. ჩვენ ქალაქში ბევრი ახალგაზრდა და პერსპექტიული  ხელოვანი ცხოვრობს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ გვერდში დგომა, სულ პატარა ბიძგი. მაგალითად,  გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული გამოფენები უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს და თანაც ტურისტულ ზონებთან უფრო ახლოს, არ იქნებოდა ურიგო (მაგ. როგორც ახლა იგეგმება უფლისციხეში), ან გაიხსნას ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, სადაც შევძლებდით ჩვენი ნამუშევრების უცხოელი ვიზიტორებისთვის შეთავაზებას, (რატომ? პარადოქსია ,მაგრამ რატომღაც ისინი უფრო მეტად აფასებენ ხელნაკეთ ნივთზე დახარჯულ დროს და ენერგიას, თუმცა ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაშიც სასიკეთო ძვრებია ამ მხრივ!); ან ტარდებოდეს ტრენინგები იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ აქციონ ბიზნესად ხელოვანებმა მათი საყვარელი საქმე, როგორ გამოიყენონ სასიკეთოდ სოციალური ქსელი, სად შეეძლებათ მიიღონ ფინანსური დახმარება სტარტაპისთვის და ა.შ.

თუმცა მანამდე საჭიროა გვიყვარდეს საკუთარი საქმე, შრომა და არ შეუშინდე ცხოვრების სირთულეებს. რამდენიმე წლის წინ ჩემ ცხოვრებაშიც დადგა ყველაზე რთული პერიოდი, მაგრამ მე არ დავყარე ფარ-ხმალი  და გამოსავალი ბავშვობის ოცნების ახდენაში ვიპოვე. მივხვდი, რომ შვილის პრობლემის გამო ვეღარ  ვიმუშავებდი და ჩემში დაგროვილი ენერგია სადმე უნდა დამეხარჯა. ამიტომ იმის კეთებას შევუდექი, რაც ძალიან მიყვარდა, დავიწყე ხელნაკეთი სამკაულების და აქსესუარების შექმნა. ბოლოს იმდენი ნამუშევარი დამიგროვდა, რომ შემეძლო მისი რეალიზება და ამაში ჯერ მეგობრები დამეხმარნენ, შემდეგ კი სოც. ქსელში შექმნილი გვერდი. ამასობაში გავიგე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებული გამოფენების შესახებ და მას მერე ყველა მათგანში ვიღებ მონაწილეობას. დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ და სხვადასხვა ტრენინგებიც გავიარე. აქ ბევრი მეგობარი და კოლეგა შევიძინე, მივიღე ცოდნა, გამოცდილება და ხალხის გულწრფელი ემოცია, რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ვიმუშაო საკუთარ თავზე და ყველა იმ ადამიანს, ვისი პატარა “ბიძგის" წყალობითაც დღეს მე აქამდე მოვედი, მადლობა სილამაზეების შექმნით გადავუხადო.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს. 

Read 471 times Last modified on სამშაბათი, 09 ივლისი 2019 16:16

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი