რუსუდან მშვიდობაძე - ძიუდოისტი გოგო გორიდან, რომელიც სტერეოტიპებს არ შეუშინდა

Rate this item
(0 votes)
რუსუდან მშვიდობაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ცხოვრობს. 15 წლისაა. 4 წლის წინ, ძიუდოთი დაინტერესდა და გადაწყვიტა ვარჯიში დაეწყო.
მიუხედავად არაერთი სირთულისა, რუსუდანმა არაერთი წარმატებას მიაღწია, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერ ჯერ კიდევ წინ არის.
„ზოგადად, სპორტით ღრმა ბავშვობით დაინტერესებული ვიყავი. მინდოდა ისეთ სპორტზე შესვლა, რაც საქართველოში ნაკლებად განვითარებული იყო. მინდოდა ჩემი წვლილი მეც შემეტანა მის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ცოტა გამომივიდა კიდეც“.
ქალი ძიუდოისტის მიღება საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს. რუსუდანი ამბობს, რომ ზოგისგან მის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მოდიოდა - ის მშობლების და სკოლის მადლობელია, რომ მის გადაწყვეტილებას პატივი სცეს.
„უარყოფით აზრი, რომ გოგოსთვის ძიუდო შეუფერებელია, ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ერთხელ იმდენს მელაპარაკებოდნენ, რომ ძიუდო არ არის გოგოს სპორტი, რომ ის უნდა მეკეთებინა, რაც გოგოს შეეფერებოდა, რომ სახლში ტირილით მივედი. დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ძიუდოზე სიარული, თუმცა მირჩიეს, რომ ამ ადამიანებისთვის ყურადღება არ მიმექცია და გადამარწმუნეს. ისინი ჩემს გვერდით იყვნენ და დანარჩენზე აღარ მიფიქრია, რამაც ძალიან გამაძლიერა“.
რუსუდანი ძიუდოისტი გოგონაააა
რუსუდანი პირველ შეჯიბრს სიხარულით იხსენებს, რადგან პირველივე ჯერზე მოიპოვა საპრიზო ადგილი. ბიჭებთან საჭიდაოდ ორ წონაში გამოვიდა და შეჯიბრზე მეორე ადგილიც დაიკავა.
„დარბაზის პირველობა იყო. იმ დროს სულ ბიჭები ვარჯიშობდნენ, მარტო მე ვიყავი გოგო. გული არ დამწყვიტეს და ბიჭებთან მაჭიდავეს. ორ წონით კატეგორიაში გამოვედი და საბოლოოდ, მეორე ადგილი დავიკავე. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიყავი, დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის“.
შეჯიბრებზე გასვლის წინ ყოველთვის ნერვიულობს, თუმცა ცდილობს, რომ საკუთარ ემოციებს აჯობოს. რუსუდანის თქმით, წაგების შიშს გამარჯვების უფლებას არ აძლევს.
„ყოველი შეჯიბრის წინ, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. მეშინია წაგების და ტატამზე შიშით გავდივარ, რაც ხელს მიშლის ჩემი ძალების გამოყენებაში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, თავში ვიბეჭდავ, რომ ჩემი ოცნება შიშზე ძლიერია“.
მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს, სწავლაც არ ავიწყდება. ამბობს, რომ მხოლოდ ფიზიკური მომზადება არაფერს ნიშნავს, სპორტსმენი განათლებული უნდა იყოს, ამიტომ უმაღლესში აუცილებლად ჩააბარებს.
„ძიუდოს გარდა, ჩემს თავს ვხედავ გამომძიებლად. ძალიან მიზიდავს ეს სფერო, ამიტომ უმაღლესში აუცილებლად ჩავაბარებ იურიდიულ ფაკულტეტზე, სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება განათლება“.
რუსუდანი იმ გოგოებზეც საუბრობს, რომლებმაც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს თქვან თუ არა უარი საკუთარ ოცნებაზე.
„ჩემი რჩევაა, რომ მიყვნენ საკუთარ ოცნებას და არ უსმინონ ხალხის აზრს, რადგან მათი ოცნება ხალხის აზრზე უფრო ღირებულია და მომავალში საკუთარი თავის იმედად იქნებიან და არა ხალხის“.
რუსუდანის სამომავლო გეგმები კვლავ ძიუდოს უკავშირდება. მისი ოცნებაა, გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა წინ სკოლის წარმატებით დასრულება და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაა.
Read 2925 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი