საზოგადოებრივი მონაწილეობა და მისი გამოწვევები

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 16 ივლისი 2019 14:08 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დაკო მურადაშვილი

მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე და ნიჰილისტური დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბავშვობიდან მეხსიერებაში ექოსავით ჩამესმის დედაჩემის დარიგება - შეგონება : „შვილი მარტო კი არ უნდა გაზარდო, არამედ ისე აღზარდო, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდესო“. დიდი ხანი ვერ ვაცნობიერებდი, რა განსხვავება იყო გაზრდასა და აღზრდას შორის, რა იყო საზოგადოება და მისი სრულფასოვნების ზღვარი სად გადიოდა.

დრო გავიდა და ყველაფერს დაერქვა ჩემთვის სახელი.

რა თქმა უნდა, საზოგადოება ეს ჩვენ ვართ. ადამიანები, ჩვენი ინტერესებით, მოთხოვნებით, სურვილებით, საჭიროებებით, გრძნობებით და მოკლედ, მთელი მასლოუს პირამიდით.

საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა ჩემთვის კი არის იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე!

უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს ვალდებულებებიც, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას - პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვების ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე.

პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს და საზოგადოებაზე გავლენას ახდენს, არის ის, რომ ნაცვლად იმის, გამოვიყენოთ ჩვენი უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებრივი საკითხების მართვაში, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ გაბრაზებასთან, უკმაყოფილობასთან, სოციალურ ქსელში პოსტებთან, კომენტარებთან და სიძულვილის ენასთან ასოცირდება.

ხშირად ისმის: „რა აზრი აქვს ჩემს ჩართულობას, მე არავინ მომისმენს“, „მაინც იმას გააკეთებენ, რაც უნდათ“, „ჩემზე არავინ ფიქრობს, მარტო თავისი საქმე ადარდებთ“, „სად მაქვს მაგის დრო და ნერვები“,“ რა ჩემი საქმეა,“ ეს მე არ მეხება“ , „მაგათი საქმეა, ხელფასს აბა რაში იღებენ“ და სხვა უამრავი, რაც ვაღიაროთ , ყველას გვითქვამს და გვიფიქრია..

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ნაწილობრივ მესმის ამ პოზიციის. მართლა არის იმის საშიშროება, რომ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდეს და ნამდვილად არც ექნება მანამდე, სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, არ შევიცვლებით ჩვენ, როგორც მოქალაქეები, არ ავიღებთ საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობას და საერთო კეთილდღეობისთვის არ ვიზრუნებთ.

მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე გადაწყვეტილების მიღების პროცესში იწვევს იმას, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხშირად არ არის კავშირში იმ საჭიროებებთან და მოთხოვნებთან, რაც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენი პრიორიტეტები არ ემთხვევა მათ პრიორიტეტებს იმიტომ, რომ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა არ ყოფილა ინკლუზიური. ყველა ჩვენგანი სურვილებს ერთ პრიზმაში ვუყურებთ, იმას ვხედავთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და გვინდა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც სულ სხვა სურვილები და ღირებულებები გააჩნიათ. სხვადასხვაობა ვერასდროს მიგვიყვანს საერთო მიზნამდე, თუ არ ვისწავლეთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა, დათმობა და რაც მთავარია, თუ მოქალაქეობა ჩვენში რწმენასავით არ შევითავსეთ.

ძალიან კონკრეტული მაგალითი შეიძლება იყოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს არსებობა.

მექანიზმი, რომელიც შექმნილია მოქალაქეთა ჩართულობის წასახალისებლად.

საბჭო, რომლის წევრობასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება „ზედმეტი უსაქმურობა“, თვითმმართველობისთვის „თავის გასასამართლებელი“,  მედიისთვის „დაკვირვების ობიექტი“ იყოს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლი..

თუ ამ სურვილის გზაზე მარტო ვიქნები, ვერ მოვახერხებ იმას, დავაჯერო თანამოქალაქეები მონაწილეობის მნიშვნელობაში, რა თქმა უნდა დიდი შანსია  ეს ჩემი მცდელობაც იყოს ფორმალური, ჩემს საქმიანობას არ ჰქონდეს შედეგი და  დროთა განმავლობაში ჩემშიც გამოიწვიოს უნდობლობა, გულგრილობა და დანებების სურვილი.

მაგრამ მე მივხვდი, მონაწილეობის რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, მეტად იზიარებ პასუხისმგებლობას, იზრდები როგორც მოქალაქე და გიჩნდება მიკუთვნებულობის განცდა.

შენთვის აღარ არის სულერთი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, გრძნობ ეს რამდენად გეხება და ყველა შესაძლებლობას იყენებ იმისთვის, მიაღწიო სრულფასოვნებას საზოგადოებაში, რომლის ზღვარიც დღეს უკვე ჩემთვის პირად ინტერესებზე მაღლა, იმ მომავალზე, იმ გარემოზე გადის, სადაც ვცხოვრობ და ჩემი შვილები იზრდებიან...

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 477 times Last modified on კვირა, 28 ივლისი 2019 08:12

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი