სწავლა - სწავლების გზაზე გაჩენილი სიძნელეები

ხალხის ხმა Written by  კვირა, 04 აგვისტო 2019 09:09 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებელი

მე ვარ ელენე ბეთლემიშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ბუნებრივია, რომ ჩემი საუბარი ბავშვებს და სკოლას შეეხება. ვფიქრობ, რომ დღეს მოსწავლეები სკოლაში ბევრი სიძნელის და პრობლემის წინაშე დგანან სწავლა-სწავლების პროცესებში. მათ უჭირთ მარტო გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს. ამიტომაცაა, რომ ხანდახან ისინი ზედმეტად აგრესიულები გვეჩვენებიან, ვაბრალებთ უინტერესობას და უმოტივაციობას. ამის მიზეზი უფრო ხშირად არის ის, რომ ფლუსტრირებულნი და იმედგაცრუებულნი რჩებიან გაკვეთილებზე.

მასწავლებლობა იოლი საქმე არაა, პირიქით, მე ვიტყოდი რომ ძალიან რთულიცაა. რთულია რადგან, მუდმივად განვითარება გვჭირდება, თითოეულ მოსწავლეს უნდა მოუსმინო, უნდა მიხვდე რა სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლეებს ვერ ვასწავლით ისე, როგორც ამას გუშინ ან გასულ წელს ვაკეთებდით... ბრუნერი ამბობდა, რომ თუ მოსწავლეებს დღეს ვასწავლით ისე, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ გუშინ, გამოდის რომ მათ ჩვენ ხვალინდელი დღისთვის არ ვამზადებთ... ამიტომაც მუდმივად უნდა ვინტერესდებოდეთ, რას ვასწავლით, როგორ ვასწავლოთ, გამოადგებათ კი მათ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში?! აუცილებელია ვითვალისწინებდეთ მათ ინტერესებს, მათი საჭიროებებს და შესაძლებლობებს. ის დრო დიდი ხანია წავიდა, როცა შესაძლო იყო 30 ბავშვისთვის ერთნაირად აგეხსნა და ერთნაირი დავალება ერთნაირად შესრულებული მოგეთხოვა. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ მოსწავლეები განსხვავებული შესაძლებლობებით და განსხვავებული ინტერესებით. ჩვენ გამუდმებით, ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ - ვის და როგორ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა?

ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რაც წავიკითხე საბავშვო ლიტერატურიდან არის „თევზი ხეზე“. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს არის საოცარი ამბავი ბავშვზე, რომელსაც უჭირს კითხვა, აქვს დისლექსია. მისი სასკოლო ცხოვრება სავსეა პრობლემებით, მას აბრალებენ უყურადღებობას, ეუბნებიან, რომ არ ინდომებს... გოგონას ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა მის ცხოვრებაში შემოდის ახალი მასწავლებელი, რომელიც ხვდება მოსწავლის პრობლემას. ეს მასწავლებელი ახერხებს და ცვლის, მატებს მას თვითრწმენას და მის დაფარულ შემოქმედებით უნარს აძლევს განვითარების საშუალებას. წიგნს წამძღვარებული აქვს ცნობილი მეცნიერის ალბერტ აინშტაინის სიტყვები და სათაურიც სავარაუდოდ აქედან ჩნდება - „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია და თითოეული მოსწავლე განსხვავებული საჭიროების და ინტერესების მქონე პიროვნებაა.

თუ გავიხსენებთ როდის შეიქმნა სკოლა, როგორც ინსტიტუცია, ადვილად ვხვდებით რა იყო მისი ძირითადი მიზანი იმ პერიოდისთვის. ეს იყო მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ქარხნები და ფაბრიკები შეიქმნა და ადამიანები დასაქმდნენ. საჭირო გახდა ფაბრიკა-ქარხნებისთვის შემდეგი თაობის გაზრდა. სკოლები სწორედაც რომ ქარხნის მოდელით შეიქმნა - ცვლებით, დილით ადრე დაწყებით და დროზე წასვლით, გაზომილი შესვენებებით, გამაყრუებელი ზარით რომელიც, გაკვეთილის დაწყებას მოასწავლებდა და ცვლის ზედამხედველის მოდელით შექმნილი მკაცრი მასწავლებლის როლით.

რა გამოდის? - სკოლა შეიქმნა XIX საუკუნეში, ჩვენ დღევანდელი მასწავლებლები ვართ XX საუკუნის ადამიანები და ჩვენი მოსწავლეები XXI საუკუნის ბავშვები ამ თანამედროვე ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ მოდელის მასწავლებელები და ჩვენი მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული.

ძირითადად, ორი მესიჯის თქმა შემიძლია, რასაც პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე: პირველი - არის ის რომ დღეს, მე როგორც მასწავლებელს აღარ მაქვს ინფორმაციის გადამცემის როლი, ამას ჩემზე უკეთ სხვა ბევრი წყარო სთავაზობს ბავშვს. ჩემი ფუნქციაა რომ მე მისთვის ვიყო დამხმარე და ამ ზღვა ინფორმაციის დამუშავება ვასწავლო. მნიშვნელოვანია შევუქმნა ხელსაყრელი გარემო საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დაფიქსირებისთვის. მე უნდა ვიყო მათთვის მოტივატორი, მხარდამჭერი. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ვფიქრობ ხოლმე, ხომ არ დამრჩა ვინმე ყურადღების მიღმა, მივეცი ყველას საშუალება რეალიზების? სკუთარი აზრის დაფიქსირების?

მახსენდება ერთი შემთხვევა, წლის ბოლო იყო და ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩემი კოლეგა გაკვეთილზე გამომყვა. იმ დღით ერთი სახალისო ტექსტი შევთავაზე მოსწავლეებს და ეტყობა „ნამეტანი მოვინდომე“. ხმამაღალი ფიქრის მეთოდს ვიყენებდი - ეს არის მეთოდი, როცა მკითხველი აკეთებს ტექსტის ვიზუალიზებას, დაკავშირებას, შეჯამებას, კითხვების დასმას... გაკვეთილის ბოლოს მითხრეს რომ დავიღალეთ და არ იყო საინტერესოო... ხომ წარმოგიდგენიათ ამ დროს მასწავლებელს რა ემართება - მე დავრჩი ფლუსტრირებულიც და ცოტა „გავბრაზდი“, მაგრამ არ მივეცი ჩემ თავს ამის უფლება, დავფიქრდი თუ არა მივხვდი მიზეზს - გადამავიწყდა რომ ეს მეთოდი უკვე ნაცნობი იყო ჩემი მოსწავლეებისთვის, მე კი რატომღაც მთლიანი მოდელირება გავაკეთე, ფრაგმენტულად ჩავრთე ბავშვები და ძალიან ბუნებრივი იყო მათი რეაქცია, ისინი არ იყვნენ მიჩვეულნი ჩემს დომინანტურ ჩართულობას გაკვეთილზე, პირიქით - ყოველთვის ისინი არიან აქტიურები, ჩართულები, აქვთ დავალებებზე არჩევანის საშუალება...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მოსწავლე მირჩევნია, რომელიც ღიად აფიქსირებს თავის აზრს, არ აქვს შიში საკუთარი აზრის გამოხატვის, არ აქვს შიში შეცდომის... ზუსტად ესაა ჩემი მიზანი რომ მორალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნა ჩემს მოსწავლეებს, არ მიიღონ ყველაფერი პირდაპირ, თქვან საკუთარი აზრი, დასვან კითხვები, შეიტანონ ეჭვი. მინდა რომ თითოეული მათგანი კრიტიკულ მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. და იმ გაკვეთილთან დაკავშირებით სწორედაც რომ ძალიან მართლები იყვნენ.

მეორე მესიჯი, რაც მინდა რომ ვთქვა, ეს არის დღევანდელ სწავლებაში ყველაზე აქტუალური - შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა რომ სულელური იდეა არ არსებობს, რადგან ის შეიძლება მალე სინამდვილედ იქცესო. არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, ჩვენს თვალწინ მოხდა არაერთი პროგრესი ტექნოლოგიებში. რაც სულ რამოდენიმე წლის წინ ფანტასტიკის ჟანრი იყო დღეს სინამდვილეა - თუნდაც ის რომ რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის დანახვა. შორს წაგვიყვანს ახლა ტექნოლოგიური ცვლილებების ჩამოთვლა, რომელიც არაერთია..

მჯერა, რომ ბავშვები, რომლებსაც დღეს ვასწავლი იქნებიან დიდი ცვლილებების ავტორები ტექნოლოგიებში, მედიცინის დარგში, წარმოებაში, მათ უნდა შეცვალონ სამყარო... და მე უფლება არ მაქვს მათი იდეები, ფიქრები, ფანტაზიები არ წავახალისო. შეიძლება იმ წამს ვერც კი ჩავწვდე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ისინი იქნებიან დიდებული იდეების ავტორები, არ გამოვრიცხავ რომ ეს იდეები ზუსტადაც რომ ჩვენს გაკვეთილზე გაჩნდა.

დღეს ყველა ვთანხმდებით რომ სწავლა ყველას შეუძლია, უბრალოდ განსხვავებული შესაძლებლობებით და განსხვავებული ინტერესებით. როგორც ერთ-ერთი თანამედროვე განმანათლებელი შუგატა მიტრა ამბობს დღეს მასწავლებელმა „ბებიის“ როლი უნდა იტვირთოს, რაც მდგომარეობს იმაში რომ სხვადასხვა დავალებების შესრულებისას მოსწავლეებს ვუთხრათ პირველი: „ვაუ! რა მაგარია!“ და მეორე - დავუსვათ კითხვა „როგორ შეძელი ეს?“ პირველი ნათქვამით მათ ქმედებებს ვაღიარებთ, რწმენას ვმატებთ და შეკითხვით კი, ვაძლევთ საშუალებას რომ რეფლექსია მოახდინოს საკუთარ სწავლაზე და შესწავლილ საკითხზე...

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლობაზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ რა წამსაც დავიწყე ბავშვებთან ურთიერთობა, მაშინვე მივხვდი რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალში ვარ მათთან ერთად ყოველდღე, ვერ გაჩერდები განვითარების გარეშე, ვერ მოდუნდები. ისინი ყოველდღიურად გთხოვენ სიახლეს. როგორც გასცემ ამ ურთიერთობებს, ასევე იღებ უშველებელ ენერგიას მათგან. მინდა ყველა მასწავლებელმა და მოსწავლემ ვირწმუნოთ საკუთარი ძალების და ამ ურთიერთობებში ვიყოთ ყოველთვის რეალიზებულნი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 399 times Last modified on კვირა, 04 აგვისტო 2019 11:23

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი